მამუკა გვაძაბია – “ოკუპაციის კანონის შერბილება აბსოლუტური უზნეობაა”

მამუკა გვაძაბია - "ოკუპაციის კანონის შერბილება აბსოლუტური უზნეობაა"დამოუკიდებელი ექსპერტი მამუკა გვაძაბია “ახალ თაობასთან” აცხადებს, რომ წინააღმდეგია ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანისა და გარკვეული პუნქტების შერბილებისა.
მამუკა გვაძაბია:
– აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმურ უმაღლეს საბჭოში ერთ-ერთი ფრაქციის ინიციატივით გაიმართა გაფართოებული ხდომა, რომელსაც საზოგადოების სხვადასხვა ფენების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. სხდომაზე განიხილებოდა დეოკუპაციის კანონის ცვლილებების შეტანის საკითხი, რომლითაც უნდა მიმართონ საქართველოს პარლამენტს. მსჯელობა იყო კანონის ზოგიერთ საკითხში შერბილებასა და ზოგიერთ საკითხში გამკაცრებაზე.
ზოგიერთ პუნქტში კანონის გამკაცრება ზოგიერთ პუნქტში კანონის შერბილების შესაფუთად კეთდება. ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონის შერბილების ინიციატივა ქვემოდან არ მოდის. ეს ინიციატივა მოდის ცენტრალური ხელისუფლებიდან. ოკუპაციის კანონის შერბილებაზე დიდი ხანია საუბრობენ. ამ ეტაპზე ოკუპაციის შესახებ კანონის შერბილების საკითხის განხილვა უადგილოა. იმ ფონზე, რაც ხდება სამაჩაბლოში, უბრალოდ სამარცხვინოდ მიმაჩნია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ე.წ. ლეგიტიმური უმაღლესი საბჭოს რომელიღაცა ფრაქციის ქმედება.
– ღონისძიება უკვე დაგეგმილი იყო, როცა ტატუნაშვილის გარდაცვალების შესახებ ცნობილი გახდა. ვფიქრობ, უბრალოდ დაემთხვა ეს განხილვა ტატუნაშვილის გარდაცვალებას.
– როგორი დაგეგმილიც უნდა ყოფილიყო, უბრალოდ, ელემენტარული ეთიკისა და თანაგრძნობის ამბავია – რა განაცხადიც უნდა ყოფილიყო და ვინც უნდა ყოფილიყო მიწვეული, ღონისძიების გადადება შეიძლებოდა მანამ, სანამ ჩვენი გმირის ცხედარს ქართველი ხალხი მიწას მიაბარებდა. ეს არის ძალიან უპასუხისმგებლო და გულცივი დამოკიდებულება იმ პრობლემების მიმართ, რომლებიც საქართველოში ზოგადად არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
– კონკრეტულად, ოკუპაციის შესახებ კანონის შერბილებას ეწინააღმდეგებით?
– დეოკუპაციის კანონის შერბილების არანაირი აუცილებლობა არ არის. როგორც სოციალური ქსელებიდან შევიტყვე, ღონისძიებაში ისეთი ადამიანები მონაწილეობდნენ, რომლებმაც თავის დროზე არძინბას მოსკოვიდან ჩამოყვანას ხელი შეუწყვეს, შემდეგ პირდაპირ მონაწილეობდნენ აფხაზეთში დაძაბულობის ესკალაციაში და ერთ-ერთ მათგანს ხელიც კი აქვს მოწერილი აფხაზეთის რესპუბლიკად და კონფლიქტის მხარედ ირიბ აღიარებაზე.
ამიტომ ოკუპაციის კანონის შერბილება, მით უმეტეს, იმ ადამიანების ხელით, აბსოლუტური უზნეობაა. ოკუპაციის კანონის შერბილების არანაირი აუცილებლობა არ არსებობს.
ოკუპაციის კანონი ვინ მიიღო, ამას მნიშვნელობა არ აქვს. რა მოცემულობაშიც მიიღეს, იმ მოცემულობის ადეკვატური იყო. დღეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ ნელ-ნელა, გეგმაზომიერად მოხდეს იმ კატასტროფული სიტუაციის მიჩუმათება, რომელიც აფხაზეთშია. რაც მთავარია, ნიადაგი მომზადდეს საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღსადგენად.
– საუბარია რუსეთიდან ფსოუს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შეცვლაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობით.
– ვიცი, რა მიმართულებით არბილებენ კანონს. მაშინ შეურბილონ პასუხისმგებლობა რაგოზინს და მსგავს ადამიანებს, რომლებიც ჩამოდიოდნენ აფხაზეთში ცენტრალური ხელისუფლების თანხმობის გარეშე.
– მხოლოდ რუსი პოლიტიკოსები არ ჩამოდიან სოხუმში. თითქოს პრობლემები ექმნებათ იმ ქართველებს, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ მიღებული.
– ეთნიკურად როგორ გინდა გაყო, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვინ შემოდის და ვინ გადის, ეთნიკურად გავარჩიოთ, ქართველი იქნება, რუსი, სომეხი თუ აზერბაიჯანელი? ამას რა მნიშვნელობა აქვს. ეს საზოგადოების თვალის ასახვევად კეთდება, რაც პირდაპირ და უშუალოდ უკავშირდება აფხაზეთში რკინიგზის გახნის თემას. თქვენ ამას დაინახავთ მომავალში, თუ რას გააკეთებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ოკუპაციის შესახებ კანონის შერბილების თაობაზე პარლამენტში წინადადებების წარდგენით.
– მეგობარი ქვეყნებიდან შემოსულ ადამიანებსაც ექმნებათ პრობლემებიო.
– რომელი ქვეყნიდან და რა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელიც უნდა შემოდიოდეს, არღვევდეს კანონს, კანონის დარღვევა არის დარღვევა. ის არგუმენტი, რომ რუსეთში მცხოვრებ ქართველებს აფხაზეთში ფსოუს მხრიდან შესვლაზე პრობლემები ექმნებათ, არ არის მისაღები. მით უმეტეს, რუსეთში მცხოვრები იმ ქართველების 80%, ვინც იქ მოღვაწეობს და ბიზნესშია (უმრავლესობა), გაყიდულია და რუსეთის ხელისუფლებაზეა მიყიდული. თუ მომეცემა საშუალება, მომავალშიც გეტყვით, თუ რა დანაშაულებრივ საქმიანობას ეწევიან ისინი, რომლებიც შეკრული არიან რუსეთის ხელისუფლებასთან. მათ უნდა შევურბილოთ კანონი? რადიკალი ვარ ამ შემთხვევაში? დიახაც, რადიკალი ვარ! სხვანაირად როგორ ვიყო ამ სიტუაციაში.
– მითხრეს, რომ კანონი შეიძლება გამკაცრდეს, კონკრეტულად რუს სამხედროებთან დაკავშირებით მათზე სისხლის სამართლის საქმეები აღიძრას და გამოცხადდეს საერთაშორისო ძებნა. ასეთი ნორმის ჩაწერას კანონში არ ემხრობით?
– საერთაშორისო ძებნას გამოაცხადებენ, დღესაც არიან დამნაშავეები, რომელთა მიმართაც საქმეც არის აღსაძვრელი და საერთაშორისო ძებნაც არის გამოსაცხადებელი დიდი ხანია. ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღესაც არიან ისეთი ადამიანები (ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად), რომლებიც დიდი ხანია საერთაშორისო ძებნილებად უნდა გამოცხადებულიყვნენ. ბევრნი არიან ნაციონალ სეპარატისტები, დამნაშავეები და გამოაცხადონ მათი ძებნა, კანონების ჭრას და კერვას შეეშვან. ძალიან კარგი კანონია. მოპქმედი კანონია, რომელიც რუსეთის თავის ტკივილია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა ამ კანონის მიუღებლობას გაუსვა ხაზი. მათ წისქვილზე ასხამენ წყალს. რუსეთის უშუალო ინტერესების გატარებაზეა ლაპარაკი.
– ვის მიმართ უნდა გამოცხადებულიყო საერთაშორისო ძებნა?
– ვინც საერთაშორისო სამართალი დაარღვია, ვინც შეიარაღებული თუ სხვადასხვა ფორმებით ხელყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტის, ასეთი ადამიანები არიან სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები, ნაციონალ-სეპარატისტები, ოკუპანტები. მიმართონ საქართველოს ხელისფულებას, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადასცეს საერთაშორისო ძებნაში. ამას რატომ არ აკეთებენ? არ აკეთებენ, რადგან არ არის დავალება. დავალება არის სხვა.
– არც ერთ ხელისუფლებას ეს არ გაუკეთებია. ძებნა იყო გამოსაცხადებელი გარკვეულ პირებზე, დაწყებული არძინბადან.
– არაერთხელ მითქვამს, რომ არც ერთი ხელისუფლება ადეკვატური არ იყო აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების მიმართ. აბსოლუტურად გეთანხმებით, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გაბედა, იმ პირების საერთაშორისო ძებნა გამოეცხადებინა, ვინც ხელყო საერთაშორისო სამართლის სუბიექტი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა.
ყოფილი ხელისუფლებებიდან ვერც ერთმა ვერ გაბედა. ვერც დღევანდელი ხელისუფლება ბედავს. ნაცვლად იმისა, ეს გააკეთონ, რაღაც ხელფასების მომატების მოთხოვნით არიან დაკავებული. აფხაზეთის ე.წ. მთავრობის თავმჯდომარეს 8.500 ლარი გაუხდა ხელფასი. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს – კი 9.000 და ა.შ. ამით არიან დაკავებული და არა – ზოგადსახელმწიფოებრივი პრობლემებით, რომელსაც უნდა მსხვერპლი და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის ძალისხმევა.
– თქვენ ოკუპაციის შესახებ კანონში რაიმეს არ შეარბილებდით, თუკი ამის საჭიროება დადგებოდა? რის საფასურად შეარბილებდით ამ კანონს?
– ოკუპაციის შესახებ კანონს საერთოდ გავაუქმებდი, თუ დაიწყებოდა დევნილების მასობრივი დაბრუნება აფხაზეთში. ოკუპაციის შესახებ კანონის ქონა თვითმიზანი არ არის. კანონი ემსახურებოდა მათი პასუხისმგებლობის დაყენებას, ვინც პატივს არ სცემდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მე პირადად შევიტანდი წინადადებას ამ კანონის გაუქმების თაობაზე, თუ აფხაზეთში დევნილების უსაფრთხო და მასობრივი დაბრუნება დაიწყებოდა. სხვა არც ერთ შემთხვევაში კანონი არ უნდა შერბილდეს.
– ხომ არ არის დასაშვები, რომ, ვთქვათ, სოჭში იყოს საქართველოს საკონსულო და ვისაც უნდა ფსოუს საზღვრის გამოვლით შემოსვლა აფხაზეთში, იმ საკონსულოს მეშვეობით შემოვიდნენ? თუ მათთვის მოუხერხებელია თბილისში ჩამოსვლა და აქედან შესვლა, ხომ შეიძლება, ისარგებლონ სოჭის საკონსულოთი.
– მესმის, მაგრამ ოკუპაციის კანონის ძალა ისაა, რომ ოკუპირებული ტერიტორიიდან, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებს, ის ადამიანები არ უნდა შემოვიდნენ. სოჭში საკონსულო რომ გაიხსნას, რა შეიცვლება, ისევ ოკუპირებული ტერიტორიიდან არ შემოვა?
– ოკუპირებული ტერიუტორიიდან შემოვა, მაგრამ თუკი საქართველოს საკონსულოს გამოვლით შემოვლენ, ეს, ფაქტობრივად, აღიარებას ხომ ნიშნავს?
– ამ კუთხით ეს განსახილველი საკითხია. უნდა დავფიქრდეთ, რა შეიძლება ამას მოჰყვეს. ცხელ გულზე პასუხის გაცემა გამიჭირდება, მაგრამ ეს დასაფიქრებელი საკითხია. ამ წინადადებით შესულიყვნენ და განეხილათ. თუმცა, მე მაინც მიმაჩნია, რომ საქართველოს არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან მოქალაქეები ლეგალურად ვერ უნდა შედიოდნენ აფხაზეთში. ამ მომენტში ჩემი პოზიცია ასეთია, რათა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა რამენაირ რევიზიას არ დაექვემდებაროს.

გულიკო ბალაძე, ახალი თაობა