“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე პასუხობს.
– ბატონო რამაზ, ქართულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუს დიპლომატს დაატოვებინონ ქვეყანა. საუბარია, რომ ეს ნაბიჯი ჯდება იმ კამპანიაში, რაც დასავლეთმა წამოიწყო რუსეთის წინააღმდეგ. რას იტყვით თქვენ? როგორი იქნება ამაზე რუსეთის პასუხი?
– ბევრი რამე დამოკიდებულია იმაზე, როგორი იქნება ზოგადი კონტექსტი. მთლიანად მსოფლიო და არა მარტო საქართველო შედის რისკიან ზონაში.
– რას გულისხმობთ?
– ბევრ რამეს. ზოგიერთი თამამი ანალიტიკოსი დღეს მესამე მსოფლიო ომის დაწყების პირობებზეც ლაპარაკობს. ამის საბაბს რუსეთი იძლევა, რომელიც შეპირდა ამერიკას, თქვენს ადგილზე სრუტეს გავაკეთებდიო, თუ რაღაც ამდაგვარი და აგრესიული რიტორიკა მიდის ორივე მხრიდან და აგრესიული ნაბიჯებიც იდგმება. ამ აგრესიის გამოხატვა იყო დიპლომატების გამოძევება ოცზე მეტი ქვეყნიდან. ამერიკამ და ევროპამ მხარი დაუჭირეს ინგლისს. ინგლისის მხარდაჭერა მთავარი მოტივი იყო, მაგრამ მოტივი იყო ისიც, რომ გამოხატეს დამოკიდებულება რუსეთის მიმართ.
– ქართულ მხარეზე რას იტყვით?
– ჩვენ ამგვარი დამოკიდებულება გამოვხატეთ გაცილებით ადრე, დიპლომატიური ურთიერთობა რომ გავწყვიტეთ რუსეთთან. ინგლისთან სოლიდარობის გამოხატვისთვის ძალიან კარგი ნაბიჯია ერთი დიპლომატის გაძევება, მაგრამ, მეორეს მხრივ, საკმარისია, რუსეთი მოღონიერდეს და მას აუცილებლად ექნება ანგარიშსწორების სურვილი. რუსეთი საერთოდ ემოციებს აყოლილი ქვეყანაა და ის ეცდება შურისძიებას.
– როგორი შეიძლება იყოს რუსეთის შურისძიება? შეშინებულიც ბევრია ამ ნაბიჯით საქართველოში, თუმცა ბევრი უქებს ხელისუფლებს ამ გადაწყვეტილებას. რას უნდა ველოდოთ?
– შიშის საფუძველიც არის, მაგრამ თუკი საშიში არაა ნაბიჯი და ისე გადადგამ, ის დასაფასებელიც არაა. დასაფასებელი სწორედ ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სოლიდარობა გამოავლინა დიდი რისკის ფონზე. თორემ თუ არაფერი არ ემუქრებოდა, ამ სოლიდარობას ფასიც ნაკლები ექნებოდა.
ის დაძაბულობა, რაც დღეს არის რუსეთსა და ცივილიზებულ მსოფლიოს შორის, ალბათ რამდენიმე წელი გასტანს და რითი დამთავრდება კიდევ, კაცმა არ იცის. ამ პერიოდში საქართველომ კიდევ უფრო უნდა გაამყაროს ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან და ასევე უნდა გაამყაროს თავისი საკუთარი უსაფრთხოება და რუსეთთან ურთიერთობაც გადაიყვანოს უფრო დიალოგურ რეჟიმში.
– ამ მცდელობის მიუხედავად, რუსეთი არ მოდის ჩვენთან დიალოგზე, ისეთზე, როგორიც ჩვენ გვაწყობს. მას თავისი პირობები აქვს ყოველთვის.
– მე არც მქონდა ოპტიმიზმი ამ დიალოგის. თქვენ ჟენევას გულისხმობთ ალბათ და რატომ ატყდა ალიაქოთი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, პრინციპში გაუგებარია. ხომ უნდა დააკვირდე, რა კონტექსტია?! ის დაპირისპირება დასავლეთსა და რუსეთს შორის, რომელზეც მე ზემოთ მოგახსენეთ, არ იძლევა იმის საფუძველს, რომ რუსეთი ახლა სერიოზულ ნაბიჯებს გადადგამს ჟენევის ფორმატში საქართველოს მიმართ, არ სცალია ახლა რუსეთს საქართველოსთვის, მას თავისი გაჭირვებია.
– მაგრამ მოიცლის?
– მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ დიდხანს ვერ მოიცლის. თუ მოიცალა, მერე შეიძლება რაღაც ცუდი აზრები გაუჩნდეს. თუმცა საქართველოს შეუძლია რუსეთთან გარკვეული დამცავი მექანიზმები შეიმუშაოს, დასავლეთის მხარეზე იმუშაოს უფრო ინტენსიურად. ამ ნაბიჯების შემდეგ ალბათ რუსეთიც გამოუშვებს ჩვენს დიპლომატს.
– ქართულმა მხარემ უკვე ბევრი მადლობა მიიღო იმის გამო, რომ ისიც შეუერთდა დასავლეთის კამპანიას. რამდენად წაადგება ეს ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე?
– იმ ევროპულ სივრცეში შესვლისთვის ეს ჟესტი უდავოდ დადებითი შედეგის მომტანია. რუსეთთან ურთიერთობა შეიძლება გართულდეს, ოღონდ ეს შორეულ მომავალში, სამაგიეროდ, რუსეთთან ურთიერთობა თუ გართულდება, იგივე დასავლეთი უფრო აქტიურად გამოგვექომაგება, ის მეტად ვალდებულად ჩათვლის თავს, ვიდრე აქამდე იყო.
– ამით რა შეიცვლება?
– მხოლოდ დასავლეთის ქომაგობის იმედზე ალბათ არ უნდა ვიყოთ. მე ერთ მომენტზე გავამახვილებ ყურადღებას, საქართველომ მოახერხა ამ ხელისუფლების პირობებში, რომ დასავლეთისკენ გადაედგა ძალიან დიდი ნაბიჯები. ვიზალიბერალიზაცია ამის ყველაზე მკაფიო გამოხატულებაა. ეს დასავლეთისკენ მოძრაობა ისე ხორციელდება, რომ ამას რუსეთის მხრიდან სადამსჯელო რეაქცია არ მოჰყოლია. იგივე ტატუნაშვილის საქმეშიც არ ვიჩქარებდი მე ამ საქმის პოლიტიზირებას, რადგან აქ შეიძლება ცხინვალის რეჟიმის დონეზე მომხდარი დანაშაული იყოს, რადგან როგორც კი კვირიკაშვილმა განცხადება გააკეთა, მეორე დღესვე გაათავისუფლეს ორივე დაკავებული. ჩვენი მხრიდან რომ პოლიტიკური ზეწოლა ყოფილიყო, მაშინ არც იმ ორ ადამიანს გაათავისუფლებდნენ და რას უზამდნენ კიდევ, კაცმა არ იცის.
– ამით რისი თქმა გინდათ?
– იმის, რომ ასეთი პოლიტიკური აგრესია რუსეთის მხრიდან არ იყო. უბრალოდ, კრიმინალები მოიყვანა რუსეთმა ცხინვალის ხელისუფლებაში და ეს კრიმინალები მოიქცნენ ისე, როგორც მათი ბუნება კარნახობდათ.
ხელისუფლებას სწორი სტრატეგია აქვს არჩეული, რუსეთის არგაღიზიანება გარკვეული თვალსაზრისთ მუშაობს, ეს არბილებს რუსულ რეაქციებს და ჩვენთვის ხელსაყრელს ფონს ქმნის, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფონი გარანტია არ არის და რა დროს შეიძლება შეიცვალოს, კაცმა არ იცის. ამ ხელისუფლებას შეუძლია, რომ თან მიზნისკენ იაროს და თან ამ მოძრაობაში რუსული ბარიერები მეტ-ნაკლებად შეარბილოს.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

