რუსეთის ქალაქ კამეროვოში სავაჭრო- გასართობ ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 56-მდე გაიზარდა, მათ შორის არიან ბავშვებიც. დაშავებულია ათეულობით ადამიანი. დამწვარ შენობაში ადამიანების ძებნის ოპერაცია ისევ გრძელდება.ხანძართან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება და სამართალდამცავებმა 4 პირი დააკავეს, მათ შორის იმ დაწესებულების დამქირავებელიც, სადაც წინასწარი მონაცემებით ცეცხლის პირველი წყარო იყო. ჯერჯერობით ხანძრის მიზეზი არ დადგენილა, საუბარია მოუწესრიგებელ ელექტროგაყვანილობაზე, თუმცა არც ხანძრის განგებ გაჩენის ვერსიას გამორიცხავენ.
რუსეთის სადაზღვევო კავშირმა შეაფასა ზარალი და მათი წინასწარი მონაცემებით, სავაჭრო ცენტრ ‘ზიმნაია ვიშნიას“ ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 3 მილიარდი რუბლი შეადგინა.
ბოლო ინფორმაციით, სავაჭრო-გასართობი ცენტრის სახურავი მთლიანად ჩაინგრა.
ხანძარი სავაჭრო გასართობ ცენტრში გუშინ გაჩნდა. მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას 18 საათის განმავლობაში ცდილობდნენ. ადგილზე 600-ზე მეტი მეხანძრე და რამდენიმე ათეული სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული.
ნიუპოსტი

