ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ხელისუფლების რუსეთთან ურთიერთობის პოლიტიკაზე საუბრობს.
– ქალბატონო სალომე, პარლამენტი რამდენიმე დღეა რაც რუსეთის წინააღმდეგ ერთობლივი რეზოლუციის მიღებაზე მსჯელობს. რამდენად ქმედითი და მნიშვნელოვანია მსგავსი რეზოლუციები?
– ზოგადად, მსგავსი რეზოლუციების მიღება მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით შექმნილ ვითარებაში, მაგრამ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ რეზოლუციაში ჩადებული იყოს ისეთი პუნქტები, რომლებიც უზრუნველყოფს იმას, რომ ეს რეზოლუცია ფარატინა ქაღალდად და სურვილების დეკლარაციად არ დარჩეს. სწორედ აქიდან გამომდინარეა ის ჩვენი წინადადებები, რომლებსაც ვაყენებთ.
– გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ერთობლივი რეზოლუციის მიღება საერთო სახელმწიფოს ინტერესშია, ასევე “ევროპული საქართველოს” წევრები აცხადებენ, რომ ერთინი რეზოლუცია უფრო ძლიერი იქნება. რატომ გამოეთიშეთ ამ პროცესს, მთლიანად ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი რეზოლუცია უფრო მკვეთრი არ იქნებოდა?
– რასაკვირველია, არის გარკვეული საკითხები, რაზეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ უჩვენოს კონსენსუსი და საზოგადოების ერთიანი პოზიცია. ეს, ნამდვილად არის ის შემთხვევაა, როდესაც ქართველი საზოგადოება უნდა იდგეს ერთად, მაგრამ ბატონ ვოლსკის, უმრავლესობის სხვა წარმომადგენლებსაც შევახსენებ, რომ საკუთარ გუნდში აქვთ პრობლემა იმ რეზოლუციის ტექსტის მიღების, რომელიც თავად დაწერეს.
– თქვენი პარტიის მოთხოვნაა რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებთან მიერთება. კიდევ რა მოთხოვნები გაქვთ?
– პირველ რიგში, კონსულტაციები უნდა დაიწყოს საერთაშორისო პარტნიორებთან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო სანქციების რეჟიმის კონტექსტში საქართველოს საკითხის მოქცევის თაობაზე. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეწყვეტა, სანამ ოთხოზორია-ტატუნაშვილის მკვლელების, ბრძანების გამცემთა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დადგება. შემდეგ შესაძლებელი იქნება ამ ფორმატის არა განახლება, არამედ შეცვლა. ახალი მოლაპარაკებების ფორმატის შექმნა, რადგანაც პირველ რიგში, მსგავსი მოლაპარაკებებისთვის უფრო გამჭვირვალე მანდატი არის საჭირო.
– ეს ფორმატი არ არის გამჭვირვალე?
– ჩვენ დღესაც არ ვიცით, რეალურად რა მანდატი აქვს ბატონ აბაშიძეს. ის გვეუბნება, რომ კარასინთან ჰუმანიტარულ საკითხებზე საუბრობს. ამ დროს აღმოჩნდა, რომ ასეთი კრიზისების დროს ეს ფორმატი არაფერში არ გვადგება. შესაბამისად, საჭირო არის პარლამენტის მიერ ახალი, გამჭვირვალე ფორმატისა და ახალი მომლაპარაკებელი პირის დამტკიცებაც. მოლაპარაკებებს უნდა აწარმოებდეს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორბიტაში მყოფი პირი და არა გაურკვეველი, შესაბამისი მანდატის არმქონე პირი.
– პრემიერის პირადი წარმომადგენელია ბატონი აბაშიძე.
– ეს არ არის ის ჩარჩო, რომელშიც უნდა წარმოებდეს რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებები. რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებები მკვეთრად ინსტიტუციურ ჩარჩოში უნდა იყოს მოქცეული და მომლაპარაკებელი პირი ანგარიშვალდებული უნდა იყოს საქართველოს პარლამენტთან.
ჩვენ ერთი წელიწადია ვითხოვთ, ბატონი აბაშიძე პარლამენტში გამოცხადდეს და გაგვიზიაროს, რა მოლაპარაკებებს აწარმოებს, რა წარმატება გვაქვს, გვაქვს თუ არა საერთოდ წარმატება, მაგრამ ამ შეხვედრის უზრუნველყოფას ვერ მივაღწიეთ, რადგან ის თავს ვალდებულად არ თვლის, რომ პარლამენტის წინაშე წარსდგეს.
ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს. არ შეიძლება, ასეთი მნიშვნელობის საკითხზე გაურკვეველი ფორმატისა და გაურკვეველი დანიშნულების მქონე პირი აწარმოებდეს მოლაპარაკებას.
– კონკრეტული მოთხოვნა გაქვთ, რომ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს საქართველო მიუერთდეს?
– კონკრეტული მოთხოვნაა, საგარეო უწყებას დაევალოს, ამ საკითხებზე კონსულტაცია დაიწყოს ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს საკითხი საერთაშორისო დღის წერიგში უნდა შევიდეს. საქართველოს სახელმწიფოს მოთხოვნა უნდა დაფიქსირდეს, რომ დასავლეთმა დაიწყოს ფიქრი რუსეთის მიერ 2008 წლის ხელშეკრულებით ნაკისრ შეუსრულებელ ვალდებულებებზე. სამწუხაროდ, ეს საკითხი დღეს ევროკავშირში დღის წესრიგში არ დგას. აშშ-ის კონგრესში საკუთარი ინიციატივით დაემატა საქართველოს საკითხი უკრაინის შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივებში.
ხელისუფლების პოლიტიკამ, რუსეთთან ურთიერთობის დათბობის თუ დათმობის, სრული კრახი განიცადა. ამ პოლიტიკის შედეგად საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ახლა სრული ანექსიის პროცესშია გადასული. ამის მიზეზია სრულიად მორღვეული უშიშროებისა და უსაფრთხოების სისტემა, რომელმაც ჩვენი მოქალაქეები უნდა დაიცვას.
ვხედავთ ოთხოზორიას, ტატუნაშვილის შემთხვევებს, სხვა შემთხვევებიც იყო, უბრალოდ, ეს ფაქტები გახმაურდა. დროა, დასრულდეს ეს საგარეო პოლიტიკა – საერთაშორისო დღის წესრიგიდან საქართველოს პრობლემების მოხსნა, ჩუმად ყოფნა და ურთიერთობების რუსეთთან ჩვენი ძალისხმევით დალაგება..
– და როგორი უნდა იყოს?
– საქართველომ საკუთარი პრობლემები ხმამაღლა უნდა დააყენოს საერთაშორისო არენაზე. სწორედ საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებითა და მათი ჩართულობით მოხდება საქართველოს ტერიტორიების მთლიანობის აღდგენა და ჩვენი ინტერესების დაცვაც რუსეთის წინააღმდეგ.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა

