ვახტანგ ძაბირაძე – “სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა “ოცნებისთვის” მიუღებელი იქნება”

ვახტანგ ძაბირაძე - "სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა "ოცნებისთვის" მიუღებელი იქნება"პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო ვახტანგ, მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა კვლავ ინტრიგად რჩება. რატომ ვერ შეარჩიეს აქამდე კანდიდატი?
– არ მგონია, რომ ხელისუფლებას კანდიდატის გაჭირვება ჰქონდეს. მე უფრო სხვა რამე მგონია. ალბათ, ხელისუფლება ელოდება, შეძლებს თუ არა ოპოზიცია გაერთიანებას და ერთიან კანდიდატზე შეჯერებას, შემდეგ უკვე მის საპირწონე კანდიდატს დაასახელებს. მეორე, ახლა საკმაოდ რთული ვითარებაა ქვეყანაში, გაზაფხული ყოველთვის მძიმე პერიოდი იყო საქართველოსთვის და რამდენჯერმე გადათამაშებას ურჩევნიათ, მოვლენების ბოლომდე განვითარებას დაელოდონ. ეს ერთგვარი სვლა არის. ჯერ-ჯერობით არც აგვიანდებათ, არჩევნები შემოდგომაზე არის.
– თუმცა, ზაფხული პოლიტიკურად ყოველთვის მკვდარი სეზონია.
– საკმარისი დრო მაინც რჩება ხელისუფლებას. არ მგონია, საზოგადოებისთვის მთლად უცნობი კანდიდატი დაასახელონ და სხვა შემთხვევაში დარჩენილი დრო მათ ჰყოფნით წინასაარჩევნო კამპანიისთვის. სახელისუფლო პარტიას ყოველთვის აქვს რესურსი, ბოლოს და ბოლოს სახელისუფლო რესურსი ამუშავდება და პიარის საშუალებით ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება.
– თითქოს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა განიხილება. რამდენად რეალური შეიძლება იყოს?
– შეიძლება განიხილებოდეს. ის იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, მას აქვს გამოცდილება, აქვს მაღალი ცნობადობა, ბევრი ფაქტორი არის მის სასარგებლოდ, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილზე არ გააკეთებენ არჩევანს. კი ბატონო ხელისუფლებისთვის სალომე ზურაბიშვილი დეპუტატი მისაღებია, მაგრამ პრეზიდენტი რამდენად არის მისაღები, ვერ გეტყვით. მე მაინც მგონია, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი “ქართული ოცნებისთვის” უფრო შინაური იქნება. თავიანთი გუნდიდან იქნება. ასაკსაც ექნება გარკვეული მნიშვნელობა, მმართველი პარტია მაინც ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული და არ მგონია, პრეზიდენტთან თქვენობით საუბარი კომფორტული იყოს მათთვის, პრეზიდენტი “მათიანი” უნდა იყოს. თანაც პოლიტიკური გამოცდილებაც მათზე დიდი არ უნდა ჰქონდეს. ეს კრიტერიუმები იქნება წამყვანი.
გარდა ამისა არის კიდევ ერთი ფაქტორი: “ქართული ოცნება” ერთგვაროვანი არ არის, გარკვეული დაჯგუფებები არსებობს. არ მგონია, რომელიმე ფრთის თუ დაჯგუფების წევრი იყოს ან ამ დაჯგუფებასთან ახლობლობა ჰქონდეს სალომე ზურაბიშვილს. მე რამდენადაც ვიცი, ეს დაჯგუფებები სხვადასხვა კანდიდატებს ლობირებენ და განიხილავენ. მართალია, საბოლოო გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი მიიღებს, მაგრამ პრეტენდენტები სწორედ ამ დაჯგუფებებში მწიფდება.
– თქვენ რთული პოლიტიკური პროცესი ახსენეთ. პრემიერ კვირიკაშვილის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი ჩაცხრა? კვირიკაშვილმა მისთვის რთული პოლიტიკური პერიოდი გადააგორა?
– ჯერ-ჯერობით კვირიკაშვილს დიდი პოლიტიკური პრობლემები არ აქვს. ეს უფრო გარკვეული ჯგუფების და ოპოზიციის მიერ შექმნილი კრიზისია. რეალური პოლიტიკური კრიზისი კვირიკაშვილს არ აქვს. ოპოზიციას ხელს აძლევს, თუ მისი ყიჟინის საფუძველზე კვირიკაშვილი გადადგება და ამით ამომრჩეველთან ქულებს ჩაიწერენ. ამიტომ, ამ ეტაპზე კვირიკაშვილის გადადგომა “ქართული ოცნებისთვის” მომგებიანი არ იქნება.
– რუსეთთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები გადააგორა კვირიკაშვილმა? ცოტა უხერხულია ამის თქმა, მაგრამ ტატუნაშვილის ცხედრის დაბრუნებით, ერთგვარი პოლიტიკური სტაბილურობა მოიპოვა?
– მართლაც, ცხედრის დაბრუნებით სიტუაცია ალბათ უფრო შემობრუნდა. ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რაც მის ხელთ იყო. მთელი ძალების მობილიზება მოახდინა და ცხედრის დაბრუნება მოხდა. რეალურად ხელისუფლებამ რუსეთზე ისეთი ზეწოლა განახორციელა, რომ ჩართო მთელი დასავლეთი, ცალკე ევროკავშირი, ცალკე ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთს სხვა გამოსავალი არ დაუტოვა. ყველა შესაძლო საშუალება გამოიყენა, ამიტომ არ მგონია, რომ აქ კვირიკაშვილი წაგებული გამოჩნდა პოლიტიკურად. პირიქით, კვირიკაშვილმა გააკეთა ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა.
– ბატონო ვახტანგ, თითქოს საგარეო კურსის ცვლილებაზე იყო საუბარი, ამაში დაადანაშაულა ოპოზიციამ კვირიკაშვილი იმ მიმართვიდან გამომდინარე, რომლის ადრესატიც რუსეთის ფედერაცია იყო.
– ამ მიმართვას პოლიტიკური რეალობა არ შეუცვლია. ჯობდა, უკეთესი ტექსტი ყოფილიყო, უფრო ნათელი და დახვეწილი, მით უფრო, როდესაც რუსეთს მიმართავ, ორაზროვანი წაკითხვის საფუძველი საერთოდ არ უნდა იყოს, მაგრამ მითხარით, სხვა ნებისმიერი ხელისუფლება რომ ყოფილიყო, სხვა პრემიერი რომ ყოფილიყო, რას გააკეთებდა?! ამ მიმართვაზე ოპოზიციამ ატეხა აჟიოტაჟი ტყუილად, ეს იყო წმინდა წყლის სპეკულაციები და სხვა არაფერი. ოპოზიციამ მისცა სწორედ ამ მიმართვას ასეთი დატვირთვა.
ქართულ-რუსული ურთიერთობები ერთი მიმართვით და ერთი წერილით ვერ შეიცვლება. თუ ოპოზიციას აქვს ინფორმაცია, რომ კულუარებში რაღაც სხვა ხდება, მაშინ უნდა გამოვიდეს და ღიად დასაბუთებულად გვითხრას, მაშინ სხვა საკითხია. თორემ ერთი მიმართვის საფუძველზე იმის თქმა და დასკვნის გაკეთება, რომ ქვეყნის საგარეო ორიენტირები და ვექტორი იცვლება, ყოვლად წარმოუდგენელია.
კიდევ ერთი, ხომ ყოველგვარ ლოგიკას არის მოკლებული ოპოზიციის რიტორიკა: ერთი მხრივ გვეუბნებიან, რომ პრემიერი ქვეყნის საგარეო კურსს ცვლის და მეორე მხრივ კი საპარლამენტო უმრავლესობა იღებს ისეთ რეზოლუციას, რომელზეც ვერავინ იტყვის, რომ კურსის ცვლილება ჩანს.
– რეალურად რა მოხდა?
– როგორც რუსეთმა, ჩვენმა ოპოზიციამაც ზუსტად ისეთივე პოლიტიკური ხრიკი იხმარა, რომელიც ყველაზე მეტად დაარტყამდა პრემიერს. ყველაზე უფრო სენსიტიური თემა გამოიყენა სათავისო პიარისთვის. მითხარით, ვინ, რომელი მთავრობა ან რომელი პრემიერი შეძლებდა ამ ვითარებაში მეტის მიღწევას?! თუმცა, ალბათ მაინც ბევრი რამე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება მაისამდე პროცესები.
თუ პრობლემები უფრო ხელშესახები გახდა და კიდევ გარკვეული პრობლემური ფაქტები დაემატება, შემდეგ უკვე სამთავრობო ცვლილებები გარდაუვალი იქნება. ახალი პრემიერი დასახელდება, რომელიც ალბათ თავის გუნდს მოიყვანს.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა