“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში დემურ გიორხელიძე პასუხობს.
– ბატონო დემურ, ამერიკულმა სანქციებმა სერიოზულად დააზარალა რუსული ეკონომიკა, რუსი ბიზნესმენები. რას იტყვით თქვენ?
– საქმე ის არის, რომ სანქციებმა და იმ სიაში ცნობილი მილიარდერების შეტანამ მათი ფირმების აქციები ჩამოშალა საფონდო ბაზარზე, ეს პირველი იმპულსი აშკარად თვალში საცემია. თუმცა ეს ის არ არის, რამაც შეიძლება რუსული ეკონომიკა კოლაფსში ჩააგდოს.
– თუკი ხანგრძლივად გაგრძელდა ეს სადამსჯელო სანქციები?
– ყველა მოქმედებას აქვს საპირისპირო ქმედება, ამიტომ რაღაც განსაკუთრებული მოლოდინი არ უნდა იყოს ამისა. აქ არის იმის პრობლემა, რომ ტექნოლოგიების მიწოდება, ფინანსურ რესურსებზე წვდომა იზღუდება, ეს კი ხელს უშლის განვითარებას, მაგრამ რუსეთს შიდა რესურსებიც ძალიან დიდი აქვს იმისთვის, რომ რაღაც ზრდა მაინც ჰქონდეს და აქვს კიდეც.
– ბატონო დემურ, ექსპერტთა ნაწილი პროგნოზირებს, რომ მალე ლარიც დაიწყებს გაუფასურებას. ამაზე რას იტყვით?
– არა მგონია, რომ რუსეთის მიმართ ამერიკული სანქციები რაიმე სახით საქართველოზე და მის ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება. იმიტომ, რომ ის საკმაოდ მწირი ურთიერთობები, რომელიც არის რუსეთ-საქართველოს შორის, საქონელ გაცვლის თვალსაზრისით, ხელუხლებელია, ტურისტებს რაც შეეხება, ისინი როგორც ჩამოდიოდნენ, იმაზე მეტი რაოდენობით ჩამოდიან, ასე რომ ამ მხრივ ჩვენ რაიმე სერიოზული ურთიერთობა არ გვაქვს, მათ შორის ეკონომიკური, რომ ამას შეიძლება ჰქონდეს გავლენა საქართველოზე. საქართველოს ეკონომიკას თავისი პრობლემები აქვს რუსეთის გარეშე.
– მაშინ რას უნდა უკავშირდებოდეს ლარის გაუფასურების მოლოდინი?
– ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის. ჩვენ ვერავინ ვერ აგვიხსნის დალაგებულად და პროფესიულ ენაზე, რამ გაამყარა ლარი. ეს ეროვნული ბანკის პოლიტიკაა და ამას აუცილებლად მოჰყვება ლარის შესუსტება, ეს თავისთავად ცხადია. როგორი სისწრაფე იქნება, ეს დამოკიდებული იქნება იმ პოლიტიკაზე, რასაც ემსახურება ეს გაუთავებელი თამაში. რატომ არის, რომ დოლარი-ევროს კურსი კვირაობით 1,23-ზეა? მიუხედავად იმისა, რომ წარმოუდგენელი რაოდენობის ტრანსაქციები ხორციელდება ყოველდღიურად დოლარებსა და ევროში. რაშია საქმე?!
– ამით რისი თქმა გსურთ?
– ეს არის სუბიექტური პოლიტიკა, რომელიც რაღაც მიზნებს ემსახურება და ამ მიზნებში არ არის ეკონომიკური ზრდა, არ არის დასაქმება და არ არის ის, რასაც ჰქვია განვითარება, ემსახურება სრულიად გასაგებ პრივილეგირებულ ჯგუფებს, რომლებსაც წვდომა აქვთ ფინანსურ სფეროზე.
– ანუ მკვეთრი ვარდნა არ იქნება და ეს ყველაფერი ამ მაქინაციებით არის განპირობებული?
– არა, ვარდნა იქნება, ანუ როგორიც დასჭირდებათ, ისეთი იქნება. აქ არანაირი ბაზარი არ მოქმედებს და არანაირი მექანიზმი არ მუშაობს. მე ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდები სტატისტიკურ მონაცემებსაც, ისედაც რაც ხდება ეკონომიკაში. ეკონომიკური მაჩვენებლების თვალსაზრისით არაფერი არ იცვლება, არც ერთი პრობლემა, რომელიც გააჩნია ეროვნულ ვალუტას, გადაჭრილი არ არის და ვერც გადაიჭრება უახლოეს ხანში იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ამ პოლიტიკით არაფრის გადაჭრა არ შეიძლება. მე არ მესმის, რატომ არის კარგი ლარის ასეთი გამყარება, ვისთვის არის ეს კარგი. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ძალიან მარტივ რამეზე.
– კერძოდ, რაზე?
– ასეთი ვარდნა და ლარის გამყარება გამოწვეულია იმით, რომ არის ინტერესი დაცემისა და შესაბამისად დოლარის მასის შესყიდვისა და შემდეგ, ბუნებრივად გაჩნდება ლარის გაუფასურების მიზეზები და ეს ასეც მოხდება. ამას წყალი არ გაუვა.
– თქვენ საუბრობთ, რომ ეს ვიწრო ჯგუფის ინტერესია, არ შეიძლება კანონით ამის დარეგულირება, რომ მათ არ ჰქონდეთ ეს ბერკეტი?
– ეროვნული ბანკის პოლიტიკაში არ თუ ვერ დევს ეკონომიკური ზრდა, არ დევს დასაქმება და ეს არ არის ეროვნული ბანკის ბრალი, ეს არის იმის ბრალი, ვინც უმტკიცებს ეროვნულ ბანკს ამ პოლიტიკას და მთლიანობაში ამტკიცებს მაკროეკონომიკურ პოლიტიკას. ეს არის საქართველოს პარლამენტი, რომელიც აბსოლუტურად არაკვალიფიციურად ეკიდება ამ საქმეს. არ არის ეს კანონის ძალით დავალებული, ამიტომ ეროვნული ბანკი აკეთებს იმას, რასაც აკეთებს. საქართველოს პარლამენტი არ ასრულებს თავის ფუნქციას, ის არაკვალიფიციურია.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

