ირაკლი ქორიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს – ”შეიძლება შევეწირო ამ საქმეს, მაგრამ სამართლიანობას მაინც დავაყენებ”

ირაკლი ქორიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს - ”შეიძლება შევეწირო ამ საქმეს, მაგრამ სამართლიანობას მაინც დავაყენებ”– მე შეიძლება შევეწირო ამ საქმეს, მაგრამ სამართლიანობას მაინც აღვადგენ.

ამის შესახებ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანისა და შენახვისთვის ბრალდებულმა ირაკლი ქორიძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხი განიხილებოდა.

როგორც ქორიძემ აღნიშნა, მას აღნიშნული დანაშაული არ ჩაუდენია.

– ამ ხნის განმავლობაში თუ რამე დანაშაული ჩამიდენია, 2013 ან 2014 წელს იყო. მაშინ ჩავიდინე, როცა გავიგე, რომ ჩემი საქმის ყოფილი გამომძიებელი ლევან გენგაშვილი, რომელიც ამაყობდა, რომ მე გავაკეთე ეს საქმეო, დაინიშნა ისან-სამგორის სამმართველოს უფროსად. მივაკითხე, ქვემოდან რომ დავუძახე, ვინც ვიყავი, არ მიმიღო. ვუთხარი 10 წუთი გაქვს, ან მიმიღებ, ან მანდ აღარ იჯდები-თქო. წრეებს არტყამდნენ ისან-სამგორის პოლიციას. დაიცალა შენობა. ერთი საათი დედა ვაგინე კაბინეტში, ვეუბნებოდი: შენ შვილები გყავს-თქო? ან დაიფიცე, თუ მე ეს დანაშაული ჩადენილი მქონდა, უკანასკნელი კაცი ვიყო, გავალ, ბოდიშს მოგიხდი-თქო. თუ არადა… იქ მე მას სიტყვები ვუთხარი, ეს დარბაზი არ არის ამის ღირსი, გავიმეორო.

ეს ამბავი მიმდინარეობდა დაახლოებით, 55 წუთი. ეს იცის მთელმა თბილისმა და მთელმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ამის მერე მოხდა კიდევ ერთი კაცის “მგლის ბილეთით” გაშვება იმ ჯგუფიდან. ნელა-ნელა მტკიცებულებების სახით კიდევ მივცემ ჯაბა ხულორდავას კავშირებს დღევანდელ თანამდებობის პირებთან, ძველებს რომ არ მოვყვე.
მინდა მივმართო შინაგან საქმეთა მინისტრს, დროზე გაიწმინდოს კადრები ძველი ურჩხულებისგან. თუ ეს დანაშაული მე ჩადენილი მაქვს, მაშინ მომისაჯეთ, რამდენი წელიც გინდათ. მე ეს დანაშაული არ ჩამიდენია. რომ მითხრან, უვადო მუხლს მოგისჯიანო, არც საპროცესოზე წავალ, შეიძლება შევეწირო ამ საქმეს, სამართლიანობას მაინც დავაყენებ, აღარც ჩადება იქნება, აღარც დაბრალება და არაფერი იქნება. მე მაშინაც ბევრი ალტერნატივა მქონდა. ამნისტიის პირველი სიიდან რომ ჩემი გვარი გაქრა, იმის მერე სამჯერ მომიტანეს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საბუთი და სამჯერვე უარი ვთქვი, რაც დავადოკუმენტე. ამნისტიის მეორე აქტის მერე სია რომ აღარ შედგა, ეს საბუთები გამოიყენა ადამიანის უფლებათა კომიტეტმა შეწყალებისთვის. ასეთი დასკვნა არც ერთი პოლიტპატიმრის საქმეში არ დევს, – განაცხადა ქორიძემ.

საბოლოოდ ირაკლი ქორიძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
როგორც მოსამართლე ნატო ხუჯაძემ განაცხადა, არსებობს ბრალდებულის მიმალვის,
ასევე მის მიერ მტკიცებულებების განადგურებისა და დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრის“ დირექტორის შვილს, ირაკლი ქორიძეს ორ დანაშაულს ედავება. კერძოდ, ქორიძეს ბრალი ედება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და გადაზიდვაში.

შსს-მ გასულ წელს თურქეთიდან რეანიმობილით უკანონოდ შემოტანილი დაახლოებით 900 აბი ნარკოტიკული საშუალების საქმის ორგანიზატორი დააკავა. აღნიშნულ საქმეში გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) ფიგურირებდა. შსს-ს ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების შემოტანას ორგანიზებას შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრის“ ხელმძღვანელის შვილი ირაკლი ქორიძე უკეთებდა და ნარკოტიკული საშუალებების საზღვარზე გადმოტანისთვის რეანომობილებს იყენებდა.

ინტერპრესნიუსი