ნანა კაკაბაძე – “პრეზიდენტი აზრზე არ არის, რაზე ლაპარაკობს და რას ლაპარაკობს”

ნანა კაკაბაძე - "პრეზიდენტი აზრზე არ არის, რაზე ლაპარაკობს და რას ლაპარაკობს"“ახალი თაობის” კითხვებს უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე პასუხობს.
– ქალბატონო ნანა, ბოლო დღეებია დიდი აჟიოტაჟია ატეხილი შეწყალების თემაზე. უმრავლესობა პასუხისმგებლობას პრეზიდენტს აკისრებს, პრეზიდენტი კი დამნაშავეებს სხვაგან ეძებს. როგორია თქვენი, როგორც უფლებადამცველის, შეფასებები?
– შეწყალება, ისევე როგორც ამნისტია, პატიმრების ვადამდე გათავისუფლება, არის ჰუმანური აქტი. ამ თემის დისკრედიტირება და ცუდად შეხება არის ძალიან არასწორი საქციელი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცის ხელში, თუნდაც პრეზიდენტის ხელში, ის იქცეს უსამართლობის ან არასწორი გადაწყვეტილების იარაღად.
– არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს შეწყალების კომისია?
– პრეზიდენტს შეწყალების კომისია საკმაოდ საპატივცემულო პიროვნებებით ჰყავს დაკომპლექტებული. თუნდაც ისეთით, როგორიცაა ნონა გაფრინდაშვილი. თუმცა არ შეიძლება პრეზიდენტის მხრიდან ამ ადამიანების გამოყენება იმიჯისთვის და შემდგომ რაღაცა ქვენაგრძნობების დაფარვის მიზნით არ უნდა იქნეს მათი სახეები და მათი ავტორიტეტი გამოყენებული.
– ანუ არაკომპეტენტურობაზეც მიანიშნებთ?
– როგორ შეიძლება ადამიანებმა, რომლებმაც არაფერი იციან ციხის შესახებ, არ ერკვევიან კანონში, მიიღონ გადაწყვეტილებები და ძირითადად მათ გადაწყვეტილებებს უნდა ეყრდნობოდეს პრეზიდენტი, ვინაიდან მან შექმნა ასეთი საბჭო.
ეს ჯგუფი შექმნილია იმისთვის, რომ შეწყალებას რომ ექნება რაღაცა პრობლემები, საზოგადოებას გაუჭირდეს უკმაყოფილების გამოხატვა, ვინაიდან იქ ასეთი ავტორიტეტული პიროვნებები არიან. პრეზიდენტი უნდა ფიქრობდეს იმაზე, რომ ეს კომისია იყოს ქმედითუნარიანი. შეწყალება უნდა მიანდოს ისეთ გუნდს, რომელიც ამაში არის გამოცდილი და არა – სახეებს.
– ანუ კომისიის წევრები ვრ ერკვევიან, თუ ვინ უნდა შეიწყალონ და ვინ არა?
– სხვა შემთხვევაში როგორ შეიძლება კომისია ღებულობდეს გადაწყვეტილებას, რომ ციხიდან გათავისუფლდეს ადამიანი, რომელმაც ქვით გაუჩეჩქვა თავი მეუღლეს.
– პრეზიდენტმა სულ სხვა უწყებები დაადანაშაულა. ეს პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მცდელობა იყო?
– ძალიან ცუდად ჩანდა პრეზიდენტის მხრიდან ისრების გადატანა სხვა მიმართულებით. რას ჰგავდა მისი განცხადებები, კარგი დახასიათებები გამომიგზავნა პენიტენციალურმა უწყებამო, მეუღლემ შუამდგომლობა გაუწიაო. პრეზიდენტი აზრზე არ არის, რაზე ლაპარაკობს და რას ლაპარაკობს.
– ისიც არაკომპეტენტურია?
– სასჯელაღსრულებამ ექვსჯერ უთხრა უარი და მარგველაშვილმა გამოუშვა. ანუ დახასიათებების გარდა, კიდევ სხვა პარამეტრებია საჭირო იმისთვის, რომ პირის გათავისუფლებაზე მიიღო გადაწყვეტილება.
– კერძოდ?
– სულ რომ არ ჩაედინა ამ ადამიანს გათავისუფლების შემდეგ დანაშაული, იმისი წახალისება, რომ ადამიანმა თავი გაუხეთქა ცოლს ქვით, რამდენად სწორია?! ეს ნორმალურია?! ამით ხომ წახალისება ხდება მოძალადის, ან პოტენციური მოძალადის, როდესაც მას იწყალებ. ეს მძიმე დანაშაულია. შესაძლოა, მკვლელობაზე უარესიც!
– მკვლელობაზეც?
– მკვლელობა შეიძლება მოხდეს აფექტის ნიადაგზეც, ან ანგარიშსწორების გამო, სისხლის აღებას რომ უწოდებენ. არ მართლდება, მაგრამ შეიძლება რაღაც სარჩული მოუძებნო და შეიწყალო, მაგრამ მიდიხარ მიზანმიმართულად, ძალადობ სისტემატურად, ქვით უჩეჩქვავ თავს და პრეზიდენტი გიწყალებს. სულ რომ აღარ ჩაედინა ამ ადამიანს დანაშაული, თავისთავად ამის წახალისება პრეზიდენტის მხრიდან არის ძალიან დიდი დანაშაული საზოგადოების წინაშე!
– მეუღლის თხოვნაც იყო შეწყალების თაობაზეო.
– სამარცხვინოა! ცოლმა დაწერა განცხადებაო, იქნებ ის ცოლი როგორი ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ აძლევდა ამ რეკომენდაციას. რა, შეხვდა ამ ადამიანს, გაესაუბრა, დაინახა მისი განწყობები თუ ამ ორსიტყვიანი წერილის საფუძველზე მიიღო ეს გადაწყვეტილება?
ზოგადად ეს მარტო პრეზიდენტის დანაშაული არ არის!
– კიდევ ვის პასუხისმგებლობაზე შეიძლება საუბარი?
– ვინც ასეთი ადამიანი ხელისუფლებაში დასვა, სწორედ მათი პასუხისმგებლობაა.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა