რა საფრთხეს იწვევს ირანის ბირთვული შეთანხმების ჩაშლა – რუსეთი, ირანი და თურქეთი თანამშრომლობას აგრძელებენ

რა საფრთხეს იწვევს ირანის ბირთვული შეთანხმების ჩაშლა - რუსეთი, ირანი და თურქეთი თანამშრომლობას აგრძელებენმსოფლიოს წინაშე მდგარი მთავარი პრობლემებიდან ამერიკელი ანალიტიკოსები პირველ რიგში ასახელებენ ახლო აღმოსავლეთს.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დააანონსა სირიიდან ამერიკელი სამხედროების გამოყვანა, ეს არ მოხდება. პენტაგონმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ჯარი სირიაში დარჩება.
სირიის დატოვებას არც რუსეთი გეგმავს. ჯერჯერობით არ იშლება სირიის გარშემო ჩამოყალიბებული რუსეთი-ირანი-თურქეთის ალიანსი. თურქეთში ამ სამეულის პრეზიდენტების მორიგ სამიტზე გადაწყდა, რომ მხარეები ამ ფორმატში თანამშრომლობას გააგრძელებენ. მათი მორიგი შეხვედრა ირანში შედგება. მოსკოვი, თეირანი და ანკარა აცხადებენ, რომ გააგრძელებენ ერთობლივ ბრძოლას “ისლამური სახელმწიფოს”, “ჯებჰატ ან-ნუსრასა” და სხვა ტერორისტული ორგანიზაციების საბოლოო ლიკვიდაციამდე.
ირანის წინააღმდეგ ერთიანდებიან რეგიონის სახელმწიფოები. ექსპერტების თქმით, ირანის ექსპანსიონიზმმა, მისი მხრიდან ბირთვული და სხვა სახის იარაღის გამოყენების საშიშროებამ შეკრა ისრაელი და არაბული სახელმწიფოები. საუდის არაბეთის გარდა, ამ სახელმწიფოებში იგულისხმება არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ყატარი, ბახრეინი და ომანი.
“ახალი თაობა” წერდა, რომ საუდის არაბეთის პრინცი აყალიბებს ანტიირანულ კოალიციას. მასში მოიაზრებიან ასევე იორდანია და ეგვიპტე.
ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის ფარული კონტაქტები 2014 წელს დაიწყო. ეს განაპირობა ირანის ზრახვებმა და ენერგომატარებლებზე ფასების დაცემამ.
დღეს ისრაელი არაბულ სახელმწიფოებთან უკვე ღიად თანამშრომლობს. მათ შორის უთანხმოებები არსებობს, განსაკუთრებით პალესტინის საკითხში, მაგრამ ირანის ფაქტორმა რეგიონის ბევრი ქვეყანა ერთად დააყენა. ამას ტექტონიკურ ძვრებად მიიჩნევენ.
ირანის მოძლიერებას ბოლო წლებში უკავშირებენ მასთან გაფორმებულ ბირთვულ შეთანხმებას, რის საფუძველზეც თეირანს სანქციები მოეხსნა.
პრეზიდენტი ტრამპი ირწმუნება, რომ ირანი ამ შეთანხმებას არ ასრულებს. იგი არ გამორიცხავს ამ შეთანხმებიდან გამოსვლას. ამერიკელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს იქნება თეირანის წისქვილზე წყლის დასხმა. ამას მოჰყვება ვაშინგტონის იზოლაცია. მოკავშირეების გარეშე აშშ ირანს ვერ გაუმკლავდება. ამ ისლამური სახელმწიფოს შეკავება ყოველთვის ხდებოდა დასავლეთის ერთობლივი ძალებით. ბირთვულ შეთანხმებაზე ირანის დაყოლიება მოხერხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა ირანულ ნავთობს ბოიკოტი გამოუცხადა.
ექსპერტების აზრით, ბირთვული შეთანხმების ჩაშლა არ იმოქმედებს იმ სფეროზე, სადაც ირანი უფრო საშიშია. შეთანხმების დარღვევა ვერ შეაჩერებს თეირანის ექსპანსიას მთელ რეგიონში.
ანალიტიკოსები ახლო აღმოსავლეთში ნატოს წევრი სახელმწიფოების – აშშ-სა და თურქეთის დაპირისპირებასაც ვარაუდობენ.
ანკარასა და ვაშინგტონის ინტერესები ერთმანეთს ქურთების მიმართ დამოკიდებულებაში არ ემთხვევა. თურქეთი სირიაში ბოლო დროს ყოველთვის აშშ-სთან შეთანხმებით არ მოქმედებდა, მაგრამ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები არ გაფუჭებულა. თურქი ექსპერტები ამერიკასთან თანამშრომლობას ისევ სასურველად მიიჩნევენ. მათი აზრით, რეგიონში გეოპოლიტიკური ვაკუუმი აშშ-ის თანხმობით უნდა ამოავსოს თურქეთმა, რომელსაც ყველასთან შეუძლია თანამშრომლობა. თურქეთს მტრულ ბანაკში მოაიაზრებს საუდის არაბეთის პრინცი სალმანი. იგი თურქეთის პრეზიდენტს ექსტრემისტულ ორგანიზაცია “ძმები მუსლიმებთან” კავშირს ედავება.
ევროპელი ექსპერტები გარდაუვალად მიიჩნევენ ახლო აღმოსავლეთში თურქეთის დაპირისპირებას აშშ-სთან.
გამოითქმის ასევე პროგნოზები არაბულ-ისრაელის კოალიციის ირანთან პირისპირ შეჯახებაზე.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა