“ახალი თაობის” კითხვებს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძე პასუხობს.
– ბატონო რომან, ბოლო პერიოდია აქტიურად მიდის საუბარი იმის თაობაზე, რომ უახლოეს პერიოდში მინისტრთა კაბინეტში სერიოზული ცვლილებები მოხდება. ეს ყველაფერი საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება?
– მთავრობა შეიცვლება მაშინ, როდესაც ამას საჭიროდ ჩათვლის ივანიშვილი. მომწიფებულია თუ არა ეს სიტუაცია, უმჯობესია ეს ექსპერტებმა გააანალიზონ. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ მოიქცევა ივანიშვილი წინასაარჩევნოდ. გადაწყვეტს თუ არა არჩევნების წინ ახალი გუნდი აჩვენოს.
– სჭირდებათ ამ ეტაპზე ეს ცვლილებები?
– თუ გავითვალისწინებთ საარჩევნო ტაქტიკას, ბევრ ქვეყანაში ასე აკეთებენ, რომ განახლებული იერის მთავრობა ზურგს უმაგრებს ხოლმე საპრეზიდენტო კანდიდატს. ამიტომ ამას გააკეთებენ თუ არა, ეს უკვე დამოკიდებული იქნება ივანიშვილზე და არა პარტიაზე. პარტია შესაბამის გადაწყვეტილებას ვერ ღებულობს. ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ივანიშვილმა ხელები დაიბანა და მიანდო გადაწყვეტილების მიღება ქალთა კვოტირებასთან დაკავშირებით…
– თუმცა ჩავარდა ეს საკითხი…
– დიახ. დილით პრემიერ-მინისტრმა და პარტიის თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება, რომ ის უჭერს მხარს ქალთა კვოტირებას, კალაძემაც დაუჭირა მხარი. საღამოს კი პარტიამ თავისი ლიდერის მოწოდება ჩააგდო. ამ საკითხთან დაკავშირებით შუაზე გაიყო “ქართული ოცნების” პარლამენტი.
– ეს რაზე მიგვანიშნებს?
– ეს იმას ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში, როცა არ იყო ზემოდან მკაცრი მითითება, დეპუტატებმა გაილაღეს და ამ გალაღების მთავარი სტიმული და მთავარი მოტივი იყო საკუთარი სამომავლო პოზიციების გამყარება. ასე რომ “ოცნების” კაცებმა დაჩაგრეს “ოცნების” ქალები!
– არ იყო ეს სწორი გადაწყვეტილება?
– საბოლოო ჯამში ვიტყვი, რომ ეს არ იყო კარგი გადაწყვეტილება, კვოტირების საკითხი უნდა გასულიყო. ეს უკეთესი იქნებოდა ქართული რეალობისათვის. საქართველოში ქალი არის დაჩაგრული და ეს არის ორჯერ ორი ოთხი! ეს იკვეთება ძალიან ბევრი მიმართულებით. თუნდაც ძალიან ბევრად ჩამორჩება ქალის ხელფასი მამაკაცისას. ძალია დიდია ქალის ტვირთი, როგორც საოჯახო, ისე საზოგადოდ და რაც მთავარია საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც არ გაიარა საზოგადოების განვითარების ბუნებრივი პროცესი. ავცდით კაპიტალიზმს და მივიღეთ პირდაპირ ფეოდალური სახელმწიფო, სადაც ადამიანის უფლებებზე საუბარიც არ შეიძლება. ეს კავკასიური ქვეყანა სამმაგად ჩაგრავს ქალს და ქალი ახსენდება მხოლოდ სუფრაზე! დღეს ბევრი რამ არის კანონით ძალით გასაკეთებელი.
– იყო ამის მცდელობა და არ გამოვიდა?
– დიახ, ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯის გადადგმა მოინდომა პარლამენტმა, თუმცა ეს არ იყო პარლამენტის სურვილი, ეს იყო ქალთა მოძრაობის და ზოგადად ქართული საზოგადოების აქტიურობის დამსახურება. 37 ათასი ქალი იყო ამის ინიციატორი.
– მაგრამ ჩავარდა. რატომ არ აწყობდა ამ საკითხის გატანა “ოცნებას”?
– ჩავარდა იმიტომ, რომ ისინი გადაწყვეტილებას ღებულობენ ან ივანიშვილის მითითებით, ან პრაგმატული მოსაზრებებით. პრეგმატული კაცების ნაწილმა, რომლებიც ძირითადად მაჟორიტარები არიან, აჯობა პრაგმატული ქალების ნაწილს.
– თქვენ თუ უჭერდით მხრას?
– ნაციონალურმა მოძრაობამ დაუჭირა მხარი ამ იდეას. ნაციონალური მოძრაობაა ერთადერთი პარტია, რომელმაც მიიღო საკუთარ წესდებაში ის ჩანაწერი, როდესაც ყველა დონის არჩევნებში 10-დან 3 უნდა ყოფილიყო ქალი. დღეს ეს ნორმა მოქმედებს და კანონიც რომ არ იყოს მიღებული, ჩვენ ყველა არჩევნებში ასე მოვიქცევით. ადგილობრივ არჩევნებშიც ასე გავაკეთეთ. შესაძლებელია, თავიდანვე ასე მკაცრად დაწყებაც არ იყო საჭირო.
– სიმკაცრეში რას გულისხმობთ?
– ვინაიდან 10-დან 5 ბევრია, 10-დან 3 შესაძლოა ნორმალური ყოფილიყო. როდესაც ამ კანონის ინიციატორები ამბობენ, რომ დაახლოებით ამნაირი შემადგენლობა ისედაც არის საქართველოს პარლამენტში, ვგულისხმობ 10-დან სამს, ნუ გონია ვინმეს, რომ ეს არის ბუნებრივი პოლიტიკური შერჩევის გზით. იმიტომ, რომ სიას საქართველოში ყოველთვის ადგენენ კაცები, კაცები ყოველთვის არიან ლიდერები. ამ სიაში ქალები ჩაწერა ივანიშვილმა და ეს სია არის კვოტირებული ივანიშვილის მიერ. იმიტომ, რომ მთელი ინტელექტუალური ნაწილი ჩამოცილდა “ქართულ ოცნებას” და რეალურად პარტია დარჩა ყოველგვარი ინტელექტუალური რესურსების გარეშე და მათ დაიწყეს ახლის ძიება. ივანიშვილის დევიზი იყო, რომ გვინდა ჩვენ ინგლისურის მცოდნეები და ჩაწერეს ინგლისურის მცოდნე ქალები. ამიტომ ეს სია კვოტირებული კანონინთ კი არ არის, არამედ ივანიშვილის მიერ.
– ნაციონალების სიაშიც იყვნენ ქალები, ვინ ადგენდა ამ სიას?
– ეს სიაც კვოტირებული იყო სააკაშვილის მიერ. თუმცა ამ შემთხვევაში სააკაშვილს ამოძრავებდა ევროპული ღირებულებები და ქალის როლის გაძლიერება პარტიაში და ზოგადად ხელისუფლებაში. ბევრი მინისტრი ქალი იყო მაშინ ხელისუფლებაში და ესეც იყო მიხეილ სააკაშვილის პირადი სურვილი. როდესაც ქალები ამბობენ, რომ მესამედი რაოდენობა ისედაც არის პარლამენტში, ნუ გგგონიათ, რომ ეს რეალური კონკურენციის შედეგია.
– რისი შედეგია?
– ეს არის ამა თუ იმ პოლიტიკური ლიდერის გადაწყვეტილების შედეგი. დღეს კი ჩვენ გვინდა სტაბილური, კანონით დარეგულირებული და ეს შეიძლება იყოს 10-დან 4, შეიძლება იყოს 10-დან 3. ამასაც დავუჭერთ მხარს.
– ანუ თუ არ არის ივანიშვილის თანხმობა, “ოცნება” ვერ ახერხებს ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტას?
– დიახ, ასეა. თუ დავუბრუნდებით მთავრობის შეცვლის საკითხს, ეს იქნება დამოკიდებული იმაზე, რამდენად ჩათვლის ივანიშვილი საჭიროდ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კანდიდატი იყოს. თუ ივანიშვილი ჩათვლის, რომ წარმატების მიღწევა ადვილია ზედმეტი სვლების გარეშე, მაშინ ამას არ გააკეთებს, თუ არა და შეცვლის ამ მთავრობას. თუმცა არა იმ მასშტაბით, როგორც ეს პრესაში იწერება.
ჩვენ ვნახეთ უკვე ივანიშვილის სვლა, როდესაც გახარია და ბახტაძე რაღაც ბალანსის შესანარჩუნებლად ჩაუსვა ამ მთავრობას. არც გახარიას და არც ბახტაძის დანიშვნა არ დასიზმრებია “ქართული ოცნების” რომელიმე პოლიტსაბჭოს წევრს. მთავრობის ფორმირებას ახდენს პირადად ივანიშვილი.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

