ერედვის პოლიციის უფროსმა თენგიზ კოლოტაშვილმა მანქანით რიგითი ვაჟა მინდიაშვილი გაიტანა, რომელიც გარდაიცვალა

ერედვის პოლიციის უფროსმა თენგიზ კოლოტაშვილმა მანქანით რიგითი ვაჟა მინდიაშვილი გაიტანა, რომელიც გარდაიცვალა18 მაისს, სოფელ ხურვალეთთან 23 წლის ახალგაზრდას მანქანა დაეჯახა და მოკლა. ავტომანქანის მძღოლი გორის შს სამმართველოს ერედვის განყოფილების უფროსი აღმოჩნდა.

დაღუპული ახალგაზრდა დიცის მკვიდრი, 23 წლის ვაჟა მინდიაშვილია, რომელიც სამხედრო მოსამსახურე იყო.  ის ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში  სტუმრად მიდიოდა, როდესაც სწრაფად მიმავალი მანქანა დაეჯახა.

ადგილზე სასწრაფო გამოიძახეს, თუმცა ახალგაზრდის დახმარება ვერ შეძლეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ გზაზე მანქანები, მათ შორის პოლიციაც, ხშირად გადაჭარბებული სიჩქარით გადაადგილდებიან და ქვეითად მოსიარულეებს საფრთხე ექმნებათ

მომხდარზე გამოძიება 276 მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროც ავრცელებს. უწყების ცნობით, გარდაცვლილია პირველი კლასის რიგითი.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 18 მაისს სოფელ ახალი ხურვალეთის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყეს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დანაშაული ითვალისწინებს 4-დან 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას, 3 წლამდე ვადით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით.

პირველადი ინფორმაციით, 2018 წლის 18 მაისს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ერედვის რაიონული სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსი, პოლიციის მაიორი თენგიზ კოლოტაშვილი საკუთარი ავტომანქანით სოფელ ხურვალეთის საავტომობილო გზაზე მოძრაობდა, რა დროსაც სოფელ ახალ ხურვალეთთან შეეჯახა ქვეითად მოსიარულეს, შეიარაღებული ძალების პირველი კლასის რიგითს, 1995 წელს დაბადებულ ვ. მ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში

ქართლი