ჯონდი ბაღათურია – “ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები სიკვდილით ვაჭრობენ და ამ სიკვდილს ყიდიან მოზარდებზე!”

ჯონდი ბაღათურია - "ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები სიკვდილით ვაჭრობენ და ამ სიკვდილს ყიდიან მოზარდებზე!"“ახალი თაობა” უკვე წერდა, რომ, ჯონდი ბაღათურიას ცნობით, კლუბური ნარკოტიკით ბოლო დროს ბევრი ახალგაზრდა იღუპება. ამ საკითხის შესახებ ჯონდი ბაღათურია “ახალი თაობასთან” უფრო ვრცლად საუბრობს.
– ბატონო ჯონდი, რატომ იღუპება ამდენი ახალგაზრდა კლუბური ნარკოტიკით? ან რატომ არ ხდება ამ კლუბების დახურვა?
– ქვეყანაში არის სრული განუკითხაობა, სრულიად დაუსჯელად, თავხედურად ხდება ნარკოტიკებით ვაჭრობა ქუჩებში, კლუბებში, ფოსტით გადაგზავნა ნარკოტიკების და ყველაფერს ამას მფარველობენ და ნარკოტიკებით ვაჭრობენ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები. განსაკუთრებულად კატასტროფული მდგომარეობაა ე.წ. კლუბებში, რომელთა მფლობელებიც არიან ასევე უმაღლესი თანამდებობის პირები და სწორედ მათი ხელშეწყობით მიმდინარეობს ამ კლუბებში ნარკოტიკული ნივთიერებებით ვაჭრობა! პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები სიკვდილით ვაჭრობენ. და ამ სიკვდილს ყიდიან მოზარდებზე!
– საგანგაშო სტატისტიკას ასახელებთ.
– ბოლო ორი კვირის განმავლობაში 12 ახალგაზრდა არის გარდაცვლილი იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც მე მაქვს.
– შესაძლოა, გაცილებით მაღალი იყოს გარდაცვლილთა რიცხვი?
– დიახ, მსხვერპლი არის გაცილებით მეტი, უბრალოდ, მე მივიღე ინფორმაცია 12 გარდაცვლილ მოზარდზე. 3-4 დღის წინ, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მიასვენეს 5 ახალგაზრდის ცხედარი. აქედან 3 მეგობრები იყვნენ და ერთ კლუბში გარდაიცვალნენ, 2 კი – ერთად. გუშინ კი 7 ახალგაზრდის ცხედარი ესვენა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში. ხელისუფლება შეგნებულად მალავს მსხვერპლს!
– რატომ, რაში ჭირდება?
– იმიტომ, რომ თვითონ ეწევა ვაჭრობას ნარკოტიკებით!
– გაქვთ საკმარისი ინფორმაცია, რომ ხელისუფლების პირები არიან ამ ბიზნესში?
– რა თქმა უნდა, ინფორმაცია გვაქვს ხელისუფლების ზოგიერთ ჩინოსანზე. ამას მტკიცებულებები ჭირდება, მაგრამ სისხლის სამართლის საქმე უნდა იქნეს აღძრული. ყველამ იცის, რომ კლუბებში ნარკოტიკებით ვაჭრობენ, ახალგაზრდები გარდაიცვალნენ, მაგრამ არც ერთი სისხლის სამართლის საქმე არ არის აღძრული. ამაზე მეტი მტკიცებულება რა გინდა?! სიკვდილზე და სიკვდილით ვაჭრობაზე ერთი სისხლის სამართლის საქმეც კი არ არის აღძრული. არც ერთი კლუბი არ დახურულა! არც ერთი კლუბის მეპატრონე არ არის დაპატიმრებული! აბა სცადოს ვინმემ, რიგითმა და მის ყავახანაში ან ჯიხურში გაყიდოს ნარკოტიკი?! რა თქმა უნდა, ამას ვერ განახორციელებს, თუ ხელისუფლების მაღალჩინოსნები ხელს არ გიწყობენ.
– პოლიცია არ ინტერესდება ამ ფაქტებით?
– პოლიცია არის სრულიად უფლებააყრილი! პოლიციას უფლებაც კი არა აქვს ამ კლუბებში შესვლის და მე ვკითხულობ, რა რანგის თანამდებობის პირი უნდა მფარველობდეს კლუბს, როცა პოლიციელს იქ შესვლის უფლებას არ აძლევენ.
– ანუ სრული განუკითხაობაა?
– ასეა, იმიტომ, რომ ნარკოტიკებით ვაჭრობას მფარველობენ და თვითონ ეწევიან ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები!
– მთელ ხელისუფლებაზე საუბრობთ?
– ყველაზე არა, რა თქმა უნდა! რამდენიმე ძალიან მაღალი თანამდებობის პირი არის ეჭვმიტანილი ამ კლუბების მფარველობაში და ამ კლუბებში ნარკოტიკებით ვაჭრობაში!
– დაასახელებთ მათ გვარებს?
– ალბათ გესმით, რომ დღეს ამას ვერ ვიტყვი. დავასახელებ კი არა, მიწიდან ამოვიღებ! ყველა სიკვდილით მოვაჭრე უნდა იყოს სასტიკად დასჯილი! კანონი უნდა შეიცვალოს. ჩვენ მომავალ კვირაში დავარეგისტრირებთ ახალ საკანონმდებლო ინიციატივას. ნარკოტიკებით ვაჭრობაზე სამუდამო პატიმრობა უნდა დაწესდეს, ქონების სრული კონფისკაციით! არანაირი შეწყალება, არანაირი დანდობა ნარკოტიკებით მოვაჭრეს არ უნდა ჰქონდეს.
– სად არიან ამ გარდაცვლილი მოზარდების მშობლები, ნათესავები? რატომ დუმს ეს ხალხი?
– ვინ გითხრათ, რომ დუმან?! უბრალოდ, ტელევიზიები ბლოკავენ ამ ინფორმაციებს, რადგან ამ ტელევიზიებს ხელისუფლების მაღალჩინოსნები აკონტროლებენ. ეს ხალხი ქუჩაში გამოსვლას გეგმავს. მათთან ერთად მთელი საზოგადოება უნდა გამოვიდეს. ამას სხვა არაფერი არ ეშველება. ტელევიზიები პირიქით პიარს უკეთებენ, იმედზე გავიდა სიუჟეტი, ნარკოტიკის მიღება სასარგებლოაო. ამ პრობლემის გადაწყვეტა შეიძლება მხოლოდ ხალხის ქუჩაში გამოსვლით. ქუდზე კაცი! კიდევ ერთ ინფორმაციას მოგაწვდით.
– რასთან დაკავშირებით?
– რამდენიმე ათეული ახალგაზრდა ამ კლუბური ნარკოტიკების მიღების შედეგად იმყოფება კომაში და სიკვდილს ებრძვის თბილისის სხვადასხვა კლინიკებში. თუ ჩემი არ გჯერათ, მიბრძანდით თუნდაც ღუდუშაურის კლინიკაში, ეს ინფორმაცია პირადად მაქვს. რამდენიმე ათეულ ახალგაზრდაზეა საუბარი. ღმერთმა ყველა გადაარჩინოს, მაგრამ იმდენად მძიმე შემთხვევებია, რომ უმეტესად ისინი მთავრდება ლეტალურად.
– საუბრობთ აქციებზე, კანონის გამკაცრებაზე. თუკი ამას თავად ხელისუფლება მფარველობს, მაშინ რისი იმედი გაქვთ, რა გამოგივათ?
– ჯერ ერთი, ხელისუფლებას შესაძლოა ხალხი კომბლებით გამოუცვივდეს და ისე გარეკოს, მაგრამ მთელი ხელისუფლება არ მონაწილეობს ამაში. თუმცა არიან მაღალჩინოსნები, რომლებიც ამ საქმიანობით არიან დაკავებულნი. ჩვენ მათზე ინფორმაცია გვაქვს.
ეს ე.წ. მარილი, რომელმაც ახალგაზრდები მასობრივად დახოცა ერთ-ერთ კლუბში, ჩვენთან ხომ არ იწარმოება, ის ხომ საზღვარგარეთიდან შემოაქვს ვიღაცას? თანაც განა ერთი და ორი, შემოაქვთ ძალიან დიდი ოდენობით. ეს ხომ გადის საბაჟო პუნქტს? როგორ, რანაირად? აბა შემოიტანოს ვინმემ ნარკოტიკი ხელისუფლების ნებართვის გარეშე, თანაც ასეთი დიდი ოდენობით!
– მათი დახმარებით შემოაქვთ უპრობლემოდ?
– მიბრძანდით პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში, ამოიღეთ კანონპროექტი, რომელსაც ხელს აწერს “ქართული ოცნების” 5 დეპუტატი. იქ პირდაპირ წერია, რომ ნებისმიერი ნარკოტიკის საქართველოში შემოტანა, ან საქართველოდან გატანა, საერთაშორისო ტრანზიტი, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, დამზადება და წარმოება, დიდი ოდენობით, თანამდებობის გამოყენებით და არა ერთგზის, ისჯება 100 ლარით!
– და ამ კანონპროექტზეა “ოცნების” დეპუტატების ხელმოწერა?
– ამ კანონპროექტს ამ ხალხმა მარტო ხელი კი არ მოაწერა, პირველი მოსმენით მხარიც დაუჭირა! ამოიღეთ 28 დეკემბრის სხდომის ოქმი და ნახავთ! რაც ხდება, ეს ყველაფერი კანონში აქვთ ასახული! რაც დღეს ხდება უკანონოდ, სწორედ ამის ლეგალიზაცია ცდილობდა ეს 5 დეპუტატი. მათ სხვაც ბევრი ჰყავთ მოკავშირე. საერთოდ რაზეა ლაპარაკი? ასე ბნელა? ვინმე იდიოტია და ვერ ხედავს, რაც ხდება?! მილიარდები კეთდება ნარკობიზნესში და რატომაც არა, გადაიხდიან 100 ლარიან ჯარიმას! ერთხელ კი არა, ასჯერ გადაიხდიან!
– დიდი ხანია, იბრძვით ამის წინაააღმდეგ და თუ ხელისუფლებაა ამაში გარეული, ეს ბრძოლა შედეგს გამოიღებს?
– ღვთის წყალობით, მარტო არ ვარ ამ ბრძოლაში. ხელისუფლება მთლიანად არ არის ამ სიბინძურეში ჩართული. ჩვენ გვყავს მოკავშირეები პარლამენტში, მაგრამ ამ ბიზნესში არიან ძალიან გავლენიანი პირები, რომლებსაც ვერ ეხებიან. ამიტომ ამას სჭირდება ხალხის გარეთ გამოსვლა კომბლებით! ფიგურალურად ვამბობ კომლებით. ქვების სროლას არ ვაპირებთ, ეს არც დაგვჭირდება.
100 ათასი ადამიანი უნდა გამოვიდეს ქუჩაში და სიკვდილით მოვაჭრეების სასტიკი დასჯა მოითხოვოს! როგორც კი კანონში ჩაიწერება ნარკოტიკებით ვაჭრობაზე უვადო პატიმრობა და ქონების სრული კონფისკაცია, ამით დასრულდება ჩვენს ქვეყანაში ნარკოტიკებით ვაჭრობა! ვინც ამ კანონპროექტის წინააღმდეგი წავა, პირდაპირ შეგიძლიათ ამოიცნოთ მათში ნარკოტიკებით მოვაჭრეები!
ეს ადამიანები მოზარდების სიკვდილის ხარჯზე ცდილობენ გამდიდრებას! ისინი ძალიან ბინძური და საშიში ხალხია! მთავარია, ხალხი იყოს ერთსულოვანი, მოინდომოს და მას წინ ვერავინ დაუდგება. ჩვენ ამ ბრძოლას აქტიურად ვიწყებთ!

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა