გასული საუკუნის 90-იანი წლები. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პერიოდი. 1992 წელს ერთდროულად სამ ფილმში იღებენ, მაგრამ გული ვერ დაუდო. მიუხედავად იმისა, რომ თავისი საქმე ძალიან უყვარს, ახლა არ ”ეკინოება”. ერთ-ერთი გადაღება ბათუმში დაინიშნა. თბილისში 5 სექტემბერს დაბრუნდა და მეორე დღეს უკვე თბილისი დატოვა.
შუადღე რამდენიმე საათის გადასული იყო, როცა სოხუმში ჩაფრინდა. იმავე საღამოს გავიდნენ პოზიციაზე და 7 სექტემბერსაც ბრძოლის ველზე ერთად არიან: სულხან სულხანიშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე, გია ნადირაშვილი და ლევან აბაშიძე. ”ლიმონკას” გია გადაეფარა, რომ მეგობრების სიცოცხლე
ეხსნა, მაგრამ საბედისწერო შემთხვევამ იმ დღეს სამი ბიჭი იმსხვერპლა, მხოლოდ გიორგი გაჩეჩილაძე დარჩა ცოცხალი…
ლევან აბაშიძე 29 წლის იყო, ზემო ეშერასთან რომ დაიღუპა. აფხაზეთთან ერთად დაკარგული თაობა მთელმა ერმა დაიტირა.
ლევან აბაშიძის მშობლები, მანანა ხიდაშელი და აგი აბაშიძე, თბილისში სილამაზით განთქმული წყვილი იყო. ლევან აბაშიძე ერეკლე II-ის პირდაპირი შთამომავალი იყო- თეკლა ბატონიშვილის შტოდან. 1987 წელს ფრანგულმა პრესამ კანის ფესტივალის მიმოხილვაში მარლონ ბრანდოს შეადარა…
”გადასაღებ მოედანზე პირველად მეშვიდეკლასელი მოვხვდი, როგორც ამბობენ, ”ნაცნობობით”. ვმეგობრობდი ლანა ღოღობერიძის ქალიშვილთან, ნუცა ალექსი-მესხიშვილთან. ქალბატონი ლანა იღებდა ფილმს ”რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე”.
ჰოდა, აი, მაგ ფილმში მე შევასრულე მთავარი გმირის შვილის როლი. ფილმის გადაღებისას ახლოს გავიცანი კინო, რომელიც თეატრთან ერთად ძალიან უყვართ ჩვენს ოჯახში. თუმცა პროფესიონალი მხოლოდ პაპაა – სოლიკო ვირსალაძე, დიდი თეატრის მხატვარი. ბავშვობაში მეხანძრეობა მინდოდა, რადგან სახანძროსთან ახლოს ვცხოვრობდი. ცოტა რომ წამოვიზარდე, ექიმობა მომინდა, ალბათ იმიტომ, რომ ამ დროისთვის გატაცებული ვიყავი ცხენოსნობით, მოტოციკლით, თხილამურებით და ხშირად საავადმყოფოში დამტვრეული ვხვდებოდი.
საბოლოოდ გადავწყვიტე, თეატრალურ ინსტიტუტში ჩამებარებინდა. ბატონმა მიხეილ თუმანიშვილმა აიყვანა ჯგუფი. მე განგების მადლიერი ვარ, რომ მასთან მოვხვდი. მთელი კურსი თეატრის ცხოვრებით ვცხოვრობდით. ბატონი მიშა კინომსახიობთა თეატრის სპექტაკლებში გვათამაშებდა. უკვე მეორე კურსზე შევასრულე მთავარი როლი სპექტაკლში ”ჩვენი პატარა ქალაქი”…
”ჩვენი პატარა ქალაქი” 1983 წელს დაიდგა, მიხეილ თუმანიშვილის თანაშემწე გოგი გეგეჭკორი იყო. სპექტაკლში ნესტან გელოვანის როლს ნინო ბურდული ასრულებდა, ხოლო გიორგი ალავიძისას- ლევან აბაშიძე.
თეატრში დიდხანს არ გაჩერებულა. ეს მისი პირველი და უკანასკნელი სპექტაკლი აღმოჩნდა. მოუსვენარ ნატურას გული ყოველთვის უფრო მეტად კინოსკენ მიუწევდა. სულ 15 ფილმში მიიღო მონაწილეობა, მომდევნო სამის გადაღებები დაწყებული იყო და მისი გარდაცვალების გამო შუა გზაზე გაჩერდა. რამდენიმე თვეში იმ სამიდან მხოლოდ ერთის დასრულება მოხერხდა. ”არა, მეგობარო”, გიო მგელაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმის. დრამამ არაერთი ფესტივალი წარმატებით მოიარა.
”არა, მეგობარო” ლევან აბაშიძის უკანასკნელი როლი გამოდის, სადაც გიო მგელაძის სცენარის მიხედვით შექმნილ ფილმში ლევანის პერსონაჟი იღუპებოდა…
მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა იყო და პროფესიული თვალსაზრისით დიდი გამოცდილების მიღების საშუალება არ მიეცა, პირველიდან ბოლო როლამდე მისი თითოეული პერსონაჟი საოცრად ნატურალურია და ხელოვნურობის ნიშნებს ვერ იპოვით.
რთულია გამოყო, რომელი ფილმით დაამახსოვრდა ყველაზე მეტად საზოგადოებას, თუმცა ორ სურათს ალბათ ყველა დაასახელებს. ”ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა” გიორგი შენგელაიას ის ფილმია, რომელშიც ლევან აბაშიძე 21 წლისაა, ხოლო მოგვიანებით ეკრანებზე გამოდის გუგული მგელაძის ”ფესვები”.
ფილმი საფრანგეთში გადახვეწილი ქართველი ემიგრანტების ოჯახის ცხოვრებაზე უპირველესად დოდო აბაშიძისა და ლევან აბაძიშის დუეტითაა გამორჩეული. სულიკო ჟღენტის სცენარის მიხედვით შექმნილ სურათს განსაკუთრებით დრამატულს ალექსანდრე რაქვიაშვილის მუსიკა ხდის და ალბათ, ვერ იპოვით ადამიანს, რომელსაც ”ფესვების” ფინალურ კადრზე ერთხელ მაინც არ ეტიროს.
თავაზიანი იყო, მაშინ ასეთებზე იცოდნენ თქმა: ”კარგი ოჯახის შვილიაო” და გამორჩეული ხასიათისა და გარეგნობის კაცი ქალების ყურადღებით იყო განებივრებული. ბევრ გოგოს მოსწონდა უბანში, სამეგობრო წრეში, სანაცნობოსა და თეატრალურში. ალბათ, ხმამაღალი ნათქვამი არ იქნება, რომ მისი თაობის მანდილოსნებში ის იყო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი და ქუჩაში გავლისას არასოდეს რჩებოდა ყურადღების გარეშე.
რომანიც მრავლად იყო, ზოგი ხანმოკლე, ზოგიც- გრძელი. ყველაზე დიდხანს მისმა ბოლო რომანმა გასტანა, რომელიც მოლდაველ გოგონასთან აკავშირებდა. მიკა შემთხვევით გაიცნო, ერთ წვიმიან დღეს, ქუჩაში. მათი სიყვარულის ამბავი სწრაფად განვითარდა.
18 წლის მიკა თბილისში სწავლობდა, თეატრალურში. 26 წლის ლევანი უკვე გადაღებული იყო რამდენიმე ფილმში და ერთ-ორად ჰქონდა გაზრდილი პოპულარობა. ერთ დღესაც ლევანმა მიკა სახლში მიიყვანა და დატოვა. წყვილმა ერთად ცხოვრება დაიწყო.
რომანტიკული შეყვარებული რჩეულ ქალს ყვავილებით, ტკბილეულით და რაც მთავარია, ყურადღებითა და სითბოთი ანებივრებდა. ასე მიილია ბედნიერების ოთხი წელი. აფხაზეთში რომ წავიდა, იმ დროს მიკა კიშინიოვში იყო. მათ ერთმანეთის ვერც ნახვა შეძლეს და ვერც დამშვიდობება.
ლევანი თბილისში ჩამოასვენეს, პანაშვიდებს ჩამოუსწრო და დაკრძალვის შემდეგ, მიკა თბილისში აღარ დარჩენილა. სამშობლოში დაბრუნდა. დღემდე თავისი პროფესიით მუშაობს, ფოტოსესიებში მონაწილეობს…
ანა კალანდაძე, რეიტინგი