სამეგრელოში “ოპელის” მარკის ავტომობილი აფეთქდა. შემთხვევა რუხის ციხესთან მოხდა.
“ნიუპოსტის” კორესპოდენტის ცნობით, ადგილზე დაიღუპა ავტომობილის მძღოლი – 45 წლამდე მამაკაცი. ხოლო მისი მგზავრი კლინიკაშია გადაყვანილი.
ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ მათთან შემოიყვანეს მამაკაცი, რომელსაც სხეულის ზედაპირის 20%-ის დამწვრობა აღენიშნება. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას განმარტებით, დამწვრობა მესამე ხარისხისაა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „ლაივპრესს“ განუცხადეს, რომ მსუბუქი ავტომანქანა ჯერ ბორდიურს შეეჯახა, შემდეგ გაზის მილს. მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, რამაც ადამიანის დაღუპვა გამოიწვია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც პირის სიკვდილი გამოიწვია.