საქართველო–სომხეთის საზღვარზე ტვირთბრუნვა შეჩერდა

საქართველო–სომხეთის საზღვარზე ტვირთბრუნვა შეჩერდასომხეთში უკიდურესად დაძაბული პოლიტიკური კრიზისის გამო ქვეყნის საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალები პარალიზებულია. გადაადგილება შეწყდა საბაჟო–გამშვები პუნქტზე ნინოწმინდაშიც.
სასაზღვრო პუნქტის ქართულ მხარეს ათზე მეტი სატვირთო ავტომობილია გაჩერებული. მძღოლები საზღვრის მეორე მხარეს ვითარების განმუხტვის მოლოდინში არიან.

ნინოწმინდის სასაზღვრო პუნქტის სომხურ მხარეს საპროტესტო აქციის მონაწილეებს გზა აქვთ ჩაკეტილი.

_ საქართველოს საბაჟო ჩვეულებრივ, 24/7 რეჟიმში მუშაობს, მაგრამ მიმოსვლა შეჩერებულია საქართველო–სომხეთის ნინოწმინდის საბაჟო–გამშვებ პუნქტზე. ამის მიზეზი სომხეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებია, რის გამოც გადაკეტილი აქვთ სასაზღვრო პუნქტის მიმდებარე ტერიტორია. შესაბამისად, ვერც სომხეთიდან ახერხებენ საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლას და საქართველოს მხრიდანაც დაახლოებით 10 სატვირთო მანქანაა გაჩერებული, რომლებიც ელოდებიან ვითარების განმუხტვას. მათი მძღოლები თავს იკავებენ საზღვრის გადაკვეთისგან, ვინაიდან საქართველოს ტერიტორიაზე ამჯობინებენ ლოდინს, – უთხრა „პირველს” საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხატია მოისწრაფიშვილმა.

მანამდე, სომხეთში ზვარტნოცის საერთაშორისო აეროპორტმა გაფიცვა გამოაცხადა. ასევე პარალიზებულია რკინიგზის მოძრაობა.

პირველ მაისს სომხეთის პარლამენტმა პრემიერ–მინისტრის თანამდებობაზე ოპოზიციის ლიდერის ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურა ჩააგდო.

ფაშინიანმა მომხრეებს დღის შემაჯამებელ აქციაზე 19:00 საათზე მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა.

პირველი