ვარლამ ლიპარტელიანი: ქევხიშვილისგან გონივრულ გადაწყვეტილებას ველოდებით

ვარლამ ლიპარტელიანი: ქევხიშვილისგან გონივრულ გადაწყვეტილებას ველოდებითძიუდოისტებმა ყრილობა პროტესტის ნიშნად დატოვეს, ისინი მონაწილეობის მისაღებად მივიდნენ სასტუმრო “ბილტმორში”, თუმცა ყველა მათგანმა დახურულ სხდომაზე შესვლა ვერ შეძლო. ამის გამო, მათ დატოვეს ყრილობა.

ეროვნული ნაკრების კაპიტნის ვარლამ ლიპარტელიანის თქმით, ისინი პირადი ინტერესებიდან არ გამოდიან, არამედ ხალხის და ქვეყნის ინტერესები ამოძრავებთ.

“ეს ფედერაცია არ არის ერთი ადამიანის, ეს ფედერაცია არის ხალხის, ხალხის ფულით ფინანსდება.

ჩვენ მოთხოვნებით შევედით, დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, ვთხოვეთ იქ შეკრებილ ყველა ადამიანს, რომ მიიღოს გონივრული გადაწყვეტილება, ნუ გწირავენ ქართულ ძიუდოს, ნუ მიიყვანენ სავალალო მდგომარეობამდე. პასუხი არ იყო გაცემული, თქვეს რომ ჩვენ უნდა ჩავატაროთ ეს ყრილობა და შემდგომ გაეცემა პასუხები და ჩვენ ველოდებით მათ გონივრულ გადაწყვეტილებას.

აქედან გთხოვთ, ვისაც გული შეგტკივათ, ვისაც სიტყვა გეთქმით, ნუ დაგვღუპავთ, არანაირი ძალა ჩვენ არ გვმართავს, არანაირი პოლიტიკა, სუფთა ხელებით, ჯანსაღი გულით გვინდა იყოს ძიუდოში ნორმალური სიტუაცია და არ იყოს ერთპიროვნული მმართველობა”, – განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

სასტუმრო ბილტომრში ძიუდოს ფედერაციის ყრილობა მიმდინარეობს, რომელზეც დავით ქევხიშვილი მის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ლაპარაკობს.

რამდენიმე დღის წინ ძიუდოისტების ნაწილმა დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით ფედერაციასთან აქცია გამართა. სპორტსმენების პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატიდან ქართველი ძიუდოისტები უმედლოდ დაბრუნდნენ.

თელ-ავივიდან ნაკრების დაბრუნების შემდეგ კი დავით ქევხიშვილმა სამწვრთნელო შტაბი დაითხოვა.