ანი გიუნტერი „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ახალ სეზონზე შეცვლილი იმიჯით შეხვდა. ტელეწამყვანმა თმის ფერი შეიცვალა და ძალიან კმაყოფილია, ისევე, როგორც მისი მაყურებელი, რადგან ძალიან კარგად გამოიყურება.
ანი გიუნტერი:
ყველაზე რთული გადასაწყვეტია თმის ფერის შეცვლა და მოხარული ვიქნები, თუ ჩემს ყველა გადაწყვეტილებას საზოგადოების მხრიდან ასეთი დადებითი შეფასება მოჰყვება. ცვლილებებს ყოველთვის მივესალმები, ეს არის სწრაფვა განახლებისკენ. ადრე მქონდა ასეთი თმის ფერი, მაგრამ ასაკს მმატებდა სასტიკად, 26 წლის ასაკში 36 წლისას ვგავდი, ახლა კი პირიქით, მომიხდა. ქალი ისე უნდა გამოიყურებოდეს, რამდენი წლისაც არის. არც წონას ვებრძვი, ცოტა მოვიმატე, მაგრამ არ ვებრძვი. ცოტა ხანს მინდა, ასე ვიყო. მერე ვიცი, როგორ გამიხარდება, როცა დავიკლებ. თვითკრიტიკული არ ვარ. საკუთარი თავისთვის არ მითქვამს, „ფუ, რას ჰგავხარო“. გამიგია სხვებისგან, როცა საკუთარ თავზე უთქვამთ, კაი, რას ვგავარო, როცა კომპლიმენტს ეუბნები.
წონაში რატომ მოიმატე?
კატასტროფული მატება მაქვს, მეორე ბავშვზე რომ ვმშობიარობდი, რა წონაზეც შევედი სამშობიაროში, ახლა ვარ იმ წონის. ზაფხულის პერიოდში დიეტა არ დამიცავს, ხან სიონში ვიყავი, სადაც ხშირად მყავდა სტუმრები და მათ ვუმასპინძლებოდი, ხან აჭარაში, სადაც მათი სტუმარმასპინძლობის შედეგმა არ დააყოვნა, მერე სამეგრელოში აღმოვჩნდი, სადაც ამიკრძალეს სიტყვა დიეტის თქმა და ვიყავი ასევე ბაკურიანში, ჩემს მეგობართან. დატვირთული ზაფხული გამომივიდა, მიყვარს საქართველოში მოგზაურობა და ვარ აქტიური დამსვენებელი.
უკვე შეუერთდი ტელევიზიის და პირველი ეთერებიც დაგეწყო… ლაშა ღლონტს მეხუთე სართულზე ამწეკრანით მიადექი…
ყველა ჩემმა მეზობელმა იცის, რომ სიმაღლის შიში მაქვს. მეთორმეტე სართულზე ვცხოვრობ და ძლივს მივეჩვიე. საკუთარ სახლში გავიზარდე და მეორე სართულზე რომ გადავედი საცხოვრებლად, შიშით ვიყურებოდი. ყველანაირი შიში დაძლეულია, როცა გიყვარს შენი საქმე. ლაშა ღლონტიც ძალიან მიყვარს და გემრიელად გამიმასპინძლდა. სანამ მეხუთემდე ავედი, ყველა სართულიდან ყავას მთავაზობდნენ (იცინის). გადასარევი სალათა მივირთვი ლაშა ღლონტთან, შემდეგ ლიფტით დავბრუნდი ქვევით შემდეგი ჩართვისთვის, მაგრამ ასეთი ფათერაკი შეგვემთხვა, რომ ლაშას ტელეფონი ლიფტის შახტაში ჩაუვარდა (იღიმის). მხიარული ეთერი მაინც შედგა, მაგრამ ბევრი ბარიერი გადავლახეთ.
დილას ასე ადრიანად ადგომა შენს გარეგნობაზე არ მოქმედებს?
ძალიან მოქმედებს. ზაფხულში ბევრად უფრო ლამაზი ვარ (იცინის)!.. დასვენების პერიოდში მომიწია ფოტოების გადაღებამ და რატომღაც ამ ფოტოებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რა ლამაზი ხარო. მე კი მივხვდი, რომ ამ ფოტოებში კარგად გამოძინებული ვარ (იცინის).
გამოუძინებლობას როგორ ებრძვი?
ვერაფრით. დადასტურებული ფაქტია, რომ უძილობა ადამიანებზე ძალიან ცუდად მოქმედებს. ძილი არის აუცილებელი პირობა, ეს ჩემ თავზე მაქვს გამოცდილი. თუ საკუთარ თავს შევატყვე, რომ ახლობლებთან აგრესიული ვარ, აუცილებლად შევეშვები იმ საქმეს, რაც ამას გამოიწვევს. ხასიათზე არა, მაგრამ გარეგნობაზე აისახება.
მუზიკბოქსი