“თავისუფალი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ “ოცნებამ” ხელისუფლებაში ნაციონალების დაბრუნება გადაწყვიტა.
რისთვის ემზადება სააკაშვილი, რას ვერ გაქაჩავს დავით ბაქრაძე და რაზე მიდის “ოცნება”? – ამის შესახებ გოგი წულაია “ახალ თაობას” ესაუბრება.
გოგი წულაია:
– მთელი ექვსი წელი ბიძინა ივანიშვილმა იმით შეინარჩუნა ხელისუფლება, რომ იძახა, მე თუ წავალ, მიშა მოვაო. ახლა აღარ გაიძახიან, მიშა მოდისო, მაგრამ მოდის ის გადარეული მიშა.
– რატომ გგონიათ, რომ მიშა მოდის? რაკი აღარ იძახიან, მიშა მოდისო?
– ამგენი ისე იქცევიან, ხელისუფლების გადაბარება აქვთ გადაწყვეტილი. არჩევნების წინ ამდენ სისულელს რომ პარტია ჩაიდენს, იმას რა უნდა ელაპარაკო. შეგნებულად აკეთებენ ამას, რომ ხალხმა მათ ხმა აღარ მისცეს.
ხელისუფლება, წესით, არჩევნების მოგებაზე უნდა მუშაობდეს, ესენი ყველაფერს აკეთებენ, რომ ხალხმა ხმა არ მისცეს. ხელისუფლების გადაბარება მიდის.
ამათ არჩევნების მოგება რომ უნდოდეს, ახლა დაიწყებდნენ ქუთაისიდან თბილისში პარლამენტის გადატანაზე საუბარს? არჩევნების მერე გააკეთებდნენ ამას, მაგრამ ახლა გადაწყვიტეს და ქუთაისი საბოლოოდ გადაიმტერეს. აქამდეც აგინებდნენ “ოცნებას” და გინება აწი ნახეთ.
– აქამდე რატომ აგინებდნენ?
– ცოტაა საგინებელი? გადათხრილია მთელი ქუთაისი, ქალაქში ვერ გაივლი. მძღოლიდან დაწყებული, მგზავრებით დამთავრებული ყველა დედას აგინებს “ოცნებას”.
არჩევნების წაგება რომ უნდათ, მაგიტომ გადაიკიდეს ხორბლის გადამზიდავები და მათი ოჯახის წევრები. მანამდე სვანებს მიუვარდნენ და ისინიც მათ წინააღმდეგ განაწყვეს.
– სვანებს როდის მიუვარდნენ?
– სპეცნაზი რომ შეიყვანეს, მაშინ, მაგრამ ხალხი გამოვიდა გარეთ და სპეცნაზთან ერთად კურდღლებივით გამოიქცნენ. აგენი კი გამეიქცნენ, მაგრამ იმ ხალხმა ხომ დეიმახსოვრა და აღარ მისცემს ხმას.
მიშა კი იყო გიჟი, მაგრამ არჩევნების წინ რაღაცას მაინც აკეთებდა – რეჟიმს ასუსტებდა, ასფალტს აგებდა. ესენი პირიქით იქცევიან.
ან რა სპექტაკლი მოაწყვეს იმ დღეს პარლამენტში. ის კაცი რომ ჰყავთ “ოცნებაში”, მსახიობი რომ გონია თავი, მაგრამ არც მსახიობად ვარგა და არც პოლიტიკოსად. უაზროდ იქნევს ხელებს და ხალხს ნერვებს უშლის.
– ვისზე საუბრობთ?
– პაპუაშვილზე. გამოვარდა და ხელების ქნევა დეიწყო იმ დღესაც. ჩხუბი თუ გინდა, მიდი და პირდაპირ დაარტყი, რა ხელებს იქნევ და ისედაც გაბრაზებულ ხალხს ნერვებს უშლი.
ან ქუთაისის საკრებულოში რა ცირკი მოაწყვეს, იმდენმა ხალხმა გია უკლება რომ გალახენ.
– ცირკი რატომ იყო, როგორც ამბობენ, სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლებს აგინა და ამიტომ ცემეს.
– მერე ეგი ნორმალურია? რაღა არჩევნების წინ მოუნდათ საქმის გარჩევა? მანამდე ვერ ქნეს? გიას იმფერი ხასიათი აქვს, ფეისბუქზე სულ გინებებს წერს და არჩევნების წინ რატომ წაიკითხეს.
გეუბნებით, ისე იქცევიან, რომ ხელისუფლების გადაბარება აქვთ გადაწყვეტილი. უნდათ, რომ თავად წააგონ და “ევროპულმა საქართველომ” მეიგოს, მაგრამ იმგენის დავით ბაქრაძე ვერ ქაჩავს. მგონია, რომ აქ სხვა ამბავია და ის უდღეური ბიძინა გადარეულ მიშას აბრუნებს. მიშა ახლა ჩასაფრებულია და საჭირო მომენტს ელოდება დასაბრუნებლად.
შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა