ლალი აფციაური – “გია თვალავაძე თავს ცუდად გრძნობს და მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა”

ლალი აფციაური - "გია თვალავაძე თავს ცუდად გრძნობს და მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა"გია თვალავაძის დაკავებასთან დაკავშირებით 26 სექტემბერს საღამოს კომენტარი გააკეთა ამერიკაში ვიზიტად მყოფმა დავით სერგეენკომ.
– მე მჯერა, რომ გია თვალავაძე ბუნებით წესიერი კაცია. მინდა ყველას ვთხოვო, სანამ ის ბრალდებულია და სანამ სასამართლოს არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება, თავი შეიკავოს შეფასებისგან, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვიძახი, გია თვალავაძე წესიერი კაცია და სასამართლო დაადგენს ობიექტურ რეალობას. რა თქმა უნდა, სამინისტროს რეპუტაციაზე ამან იმოქმედა, რადგან მინისტრი ყველაფერზეა პასუხისმგებელი, – განაცხადა სერგეენკომ.
“ახალი თაობა” გია თვალავაძის ადვოკატ ლალი აფციაურს ესაუბრა.
– ქალბატონო ლალი, სასამართლომ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის პოზიცია გირაოსთან დაკავშირებით და თქვენი დაცვის ქვეშ მყოფ გია თვალავაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
– ასევე არ გაითვალისწინეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. 26 სექტემბერს, გვიან ღამით, საპყრობილეში შეყვანისთანავე, მან მიიღო სტენოკარდიული შეტევა და უმძიმეს მდგომრეობაში გადაიყვანეს ჩაფიძის კლინიკაში და ახლაც იქ იმყოფება.
– რა მდგომარეობაა ამჟამად?
– ცხადია, რომ გია თვალავაძე თავს ცუდად გრძნობს. როგორც კლინიკიდან მაცნობეს, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. არ არის გამორიცხული, რომ მისი სხვა კლინიკაში გადაყვანა გახდეს საჭირო.
– ადრეც ჰქონდა თქვენს კლიენტს გულის პრობლემები თუ მასზე სასამართლოს გადაწყვეტილებამ იმოქმედა?
– არა, ის წლების განმავლობაში მკურნალობდა. ეს დოკუმენტები მე წარვადგინე სასამართლოში და ერთ-ერთი საფუძველი ჩვენი მოთხოვნის, რომ გირაო ყოფილიყო გამოყენებული, სწორედ ეს იყო.
კანონი პირდაპირ ავალდებულებს მოსამართლეს, რომ აღმკვეთი ღონისძიების გამოყენების დროს, მან აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური მდგომარეობა, ნასამართლეობა და ასე შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ, ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ცნობები წარვადგინეთ, პიროვნული მახასიათებლები წარვადგინეთ, უამრავმა ადამიანმა მისცა რეკომენდაცია, თავდებში დაუდგნენ ცნობილი ადამიანები, ექიმები, პროფესორები, აკადემიკოსები და რა ვიცი, ვინ აღარ, სასამართლომ მაინც დატოვა პატიმრობაში. ეს იყო უსამართლო სასამართლო!
– დავით სერგეენკოს ეჭვი არ ეპარება თვალავაძის წესიერებაში. ის აცხადებს, რომ თვალავაძის დაკავებამ იმოქმედა მინისტრის და სამინისტროს რეპუტაციაზე. მის მიმართაც ხომ არ ექნება გამოძიებას კითხვები?
– მინისტრმა გააკეთა სწორი განცხადება. ათასობით ადამიანი მირეკავს ტელეფონზე და მე ვერ მოვისმინე ვერც ერთი მოქალაქის, თუნდაც უბრალო ადამიანის აზრი იმის თაობაზე, რომ გია თვალავაძეს შეეძლო, დანაშაული ჩაედინა! ეს არის უწესიერესი, უპატიოსნესი ადამიანი, რომელიც 14 წელი ემსახურა ჯანდაცვის სამინისტროს, აბსოლუტურად უანგაროდ. მე ვეთანხმები ბატონ მინისტრს, რომ თვალავაძეს დანაშაული არ აქვს ჩადენილი!
– მაშინ რა მოხდა, ქალბატონო ლალი? ორი თვე მიდიოდა ამ საქმის ძიება.
– გამოძიების უფლება ყველას აქვს. სააფთიაქო ნარკომანია რომაა ქვეყანაში გამეფებული, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ეს არ მოდის ჯანდაცვის სამინისტროდან და ამას არ მფარველობენ არც ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები და არც არავინ.
– მაშინ რა ხდება?
– ეს არის ჩვეულებრივი, მარტივად რომ ვთქვათ, პროვიზორების დონეზე გადაწყვეტილი თემა. შეაქვთ ჩუმად და ყიდიან. უამრავი შეტყობინება ვნახე მე, უამრავი ზარი და რეაგირება ვნახე სამინისტროს მხრიდან. ასევე აფთიაქების გაუქმება, ლიცენზიების გაუქმება, დახურვა აფთიაქების, დაჯარიმება საკმაოდ სოლიდური თანხებით. უამრავმა დოკუმენტმა გაიარა ამ 3 დღეში ჩემს ხელში. ასე რომ, სამინისტრო თავის ფუნქციას ასრულებს კეთილსინდისიერად.
– ითქვა ისიც, რომ 4 მილიონის ღირებულების ფსიქოტროპულები იქნა ამოღებული თვალავაძის კაბინეტიდან.
– ზღაპარია ეგ ყველაფერი! ეგ არის აბსოლუტური სისულელე! სხვას ვერაფერს ვუწოდებ ამ ინფორმაციას. ეს თანხა დაანგარიშდა 20 აფთიაქიდან რეალიზებული მედიკამენტებიდან. როგორც ფსიქოტროპულების, მათ შორის ჩვეულებრივი მედიკამენტების საფასური. აფთიაქები მარტო ფსიქოტროპულებს ხომ არ ყიდიან?!
– ანუ ეს 4 მილიონი ამ აფთიაქების შემოსავალი იყო?
– 4 მილიონი არის შემოსავალი ამ 20 აფთიაქის, საიდანაც იხდიდნენ გადასახადებს. ეს სწორედ ის თანხაა და სისულელეა ის, რომ ჯანდაცვის სამინისტროში იყო 4 მილიონის ღირებულების ფსიქოტროპულები!
მე ვფიქრობ, რომ ეს ხალხზე ეფექტის მოსახდენად ნათქვამი სიტყვაა. არასწორად გადაცემული ინფორმაციაა! დოკუმენტებში ასეთ რამეს ვერ ნახავთ. გია თვალავაძეს ბრალი აქვს წარდგენილი სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით, სადაც ანგარება არ არის! წარმოგიდგენიათ, რა ხდება, ანგარება საერთოდ არ არის. აბა რა ინტერესი ჰქონდა თვალავაძეს?! ფულთან კავშირთან გია თვალავაძის ხსენებაც კი არ არის ბრალში. ამიტომ დიდი მარაზმია ის განცხადება, რაზეც თქვენ მკითხეთ
– გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებთ ზემდგომ ინსტანციაში. რა მოლოდინი გაქვთ?
– აუცილებლად უნდა გავასაჩივროთ. მოლოდინზე რა გითხრათ, უკვე ისე მაქვს სასამართლოზე გული გატეხილი, რომ მოლოდინიც ნაკლებად მაქვს ობიექტური გადაწყვეტილების. ჩვენ ჩვენი ბოლომდე უნდა გავაკეთოთ და თუკი უარი იქნება, ეს დოკუმენტები, თავისი ჯანმრთელობის ცნობებით, რაც უპირობო საფუძველი იყო გიას გირაოთი პატირობიდან განთავისუფლების, წავა ევროპულ სასამართლოში!
ეს იქნება 2012 წლის შემდეგ პირველი საქმე, ჩემგან წასული ევროპულ სასამართლოში!

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა