ნინო ზაუტაშვილი – „საზმაუს ლეგენდარულ კიბეზე გავიფიცებით“

ნინო ზაუტაშვილი - „საზმაუს ლეგენდარულ კიბეზე გავიფიცებით“საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა არხის თანამშრომელთა ნაწილს საათობრივ ანაზღაურებაზე გადასვლა შესთავაზა. შეთავაზების დროს მენეჯმენტს არ დაუკონკრეტებია, რა ბედი ელოდებათ მათ, ვინც ან შემოთავაზებას არ დათანხმდება. როგორც აღმოჩნდა, „ურჩ“ თანამშრომლებს არხიდან გაუშვებენ. 

რა ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში და რა პროცესებთან გვაქვს საქმე? – ამ თემაზე „ახალი თაობა“ პირველი არხის გადაცემა „რეალური სივრცის“ ავტორსა წამყვანს ნინო ზაუტაშვილს ესაუბრა, რომელიც ამავე დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირის თავმჯდომარეცაა.
– ბოლო დღეებია საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე პროცესები ცოტა მიჩუმდა. რა ხდება, რა ვითარებაა და რა პროცესებში ხართ ჩართული?
– ჩვენი თემა მედიაში აღარ შუქდება აქტიურად რადგან ბევრი სხვა ინფორმაციები გაჟღერდა, იქნება ეს მარიხუანას პლანტაციების თემა, „იბერიას“ თემა თუ სხვა… ამ თემებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის თემა გადაფარა.
საზოგადოებრივ მაუწყებელს საზოგადოების დიდი მხარდაჭერა არ აქვს, როგორც ჩანს, ამასაც თავისი მიზეზები აქვს. გასაგებია, რომ საზოგადოებრივის თემა დღეს ნაკლებად აქტუალური იყოს, თუმცა ჩვენ ჩვეულებრივად ვაგრძელებთ ყველა იმ სამართლებრივ პროცესს და სამართლებრივი გზით ვიცავთ იმ ადამიანებს, რომლებმაც უკვე ბრძანებები მიიღეს გათავისუფლების შესახებ. ამ წუთას ასეთი 30 ადამიანია.
დაიწყეს მასობრივი დათხოვნა, მაგრამ ეს პროცესები რაღაცნაირად შევაკავეთ. ვიღაცას ხელი მოაწერინეს, ვიღაცა თავისით წავიდა. თუმცა, როგორც გენერალურმა დირექტორმა აღიარა და იმ ჩანაწერშიც, რომელიც განადგურდა, დაფიქსირებული იყო, ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება.
– ჩანაწერის განადგურება რას ნიშნავს? განუმარტეთ მკითხველს.
– ჩანაწერი იყო და გაანადგურეს. სამეურვეო საბჭოს წევრმა გია იაკობაშვილმა ზაზა შათირიშვილის სატელეფონო და ელექტრონულ ფოსტაზე მიწერის თანხმობით გაანადგურა ჩანაწერი. ჩვენ გვაქვს ასეთი ინფორმაცია. უფრო ზუსტად კი ბორდის წევრი ნინია კაკაბაძე ავრცელებს ამ ცნობებს. ჩვენ წერილობით გამოვითხოვეთ ინფორმაცია, ნამდვილად განადგურებულია თუ არა და უახლოეს დღეებში ამის დადასტურებას ველოდებით.
ჩვენ პოზიციების დათმობას არ ვაპირებთ. მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში ძალიან არასწორი პროცესები მიმდინარეობს. გვინდა, რომ საზოგადოებაც დავარწმუნოთ მენეჯმენტის არაეფექტურ მართვაში. აქ თავისთავად იგულისხმება სამეურვეო საბჭოც.
ჩვენ სამართლებრივ ჭრილში გადავინაცვლეთ, სადაც შესაძლოა პროცესები გაიწელოს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი გაირკვევა.
– თქვენ აღნიშნეთ, რომ თანამშრომლებიდან ზოგიერთი პირი წავიდა, ზოგიერთს ხელი მოაწერინეს, ანუ თანამშრომელთა ნაწილი დანებდა და ბრძოლა შეწყვიტა?
– შეიძლება. სამწუხაროდ, მე არ მაქვს ინფორმაცია, სად რა ტიპის მოლაპარაკებები წარმოებდა ამ ადამიანებთან და რატომ დათმეს პოზიციები. შესაძლოა, იქ რაღაცას დაჰპირდნენ, ახლა ხელი მოაწერე და მერე რაღაცას მოგინახავთო.
მე ვიცი ისეთი ადამიანები, რომლებსაც შეთავაზებები მიუვიდათ შეტყობინებების სახით და მერე სასწრაფო წესით გადაიყვანეს სხვა თანამდებობებზე. ეს იმიტომ გააკეთეს, რომ საბოლოოდ ეს ხალხი მთლად „უპატრონო“ არ აღმოჩნდა. ასე რომ, ტიპიური ქართული სიტუაციაა. ჩვენ ამას ბევრგან ვართ შესწრებული, როცა გაუშვებენ 20 კაცს და მერე 40 კაცს მოიყვანენ.
უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში 288 ადამიანია დასაქმებული და რატომღაც ძველი თანამშრომლების გაშვებით დაიწყეს ოპტიმიზაცია. საზოგადოებრივი მაუწყებლის დღევანდელი მენეჯმენტი ვერ დაიკვეხნის პროფესიონალიზმითა და პროგრესულობით. რასაც ისინი რაღაც ახალს და მაგარს ეძახიან, არაფერი ახალი არ არის. ეს საკმაოდ ძველი და დრომოჭმულია.
დამსაქმებლის ვალდებულებაა, რომ თუ თანამშრომლის კვალიფიკაცია არ შეესაბამება მის პოზიციას, დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ ის გადაამზადოს. საერთოდ, ადამიანს როცა ათავისუფლებ და არანაირი დასაბუთება არ ახლავს დასაბუთების შესახებ ბრძანებას, ეს კანონდარღვევაა! დარწმუნებული ვარ, ეს კანონდარღვევა სასამართლოში აუცილებლად გამოიკვეთება და ეს ადამიანები დაუბრუნდებიან თავიანთ სამუშაოს და იმ განაცდურსაც აინაზღაურებენ, რომელსაც იმ პერიოდში ვერ აიღებენ, რასაც სასამართლო პროცესი დასჭირდება ამ თემის მოკვლევას.
– საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორისგან ვერ მივიღეთ ამომწურავი პასუხი, ამიტომ თქვენც გკითხავთ. მაუწყებლის იმ თანამშრომლებს, რომლებიც მენეჯმენტის შეთავაზებას არ დათანხმდებიან, სამსახურიდან უშვებენ?
– ვერასოდეს ვერ მიიღებთ გენერალური დირექტორისგან ამომწურავ პასუხს. ბუნებაში არ არ არსებობს ასეთი რამე, რომ ამ ადამიანმა რამეზე პასუხი გაგცეთ.
დიახ, ვინც შეთავაზებას არ მოაწერს ხელი ათავისუფლებენ მაუწყებლიდან. ყველას მიუვიდა გათავისუფლების შესახებ ბრძანება. არსად დასაბუთებული არ არის და არანაირი დოკუმენტი არ მოჰყვება, რატომ თავისუფლდებიან ეს ადამიანები. ეს ძალიან დიდი კანონდარღვევაა.
ეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე არაერთხელ განხორციელებულა. თუ მაღლაფერიძეს ჰგონია, რომ რაიმეს ისეთს აკეთებს, რაც ჩვენ არ ვიცით, ეს ასე არ არის.
– მისი პასუხისმგებლობის საკითხსაც აყენებთ და აპირებთ თუ არა ბრძოლას ამ მიმართულებით?
– რა თქმა უნდა. ყველაფერი, რაც კომპანიაში არასწორად ხდება, მენეჯმენტის ბრალია. ჩვენ მხოლოდ სამართლებრივად ვიბრძოლებთ. არ ვიცი, რანაირად შეიძლება ებრძოლო ბოროტებას. სამართლებრივი გზა ერთადერთია. სიმართლე ისეთი რამეა, რომ ის აუცილებლად მონახავს თავის ადგილს.
– გაქვთ დღევანდელი სასამართლოს იმედი?
– მე ამ კითხვაზე ნამდვილად ვერ გიპასუხებთ. მიმაჩნია, რომ როგორც ნორმალური ქვეყნის მოქალაქემ, უნდა მივმართო სასამართლოს. ასევე პარლამენტს, რომელმაც ამ ადამიანის მოსვლას ყველანაირად შეუწყო ხელი. შეარჩია სამეურვეო საბჭო, რომელმაც აირჩია გენერალური დირექტორი. ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ პარლამენტთან შეხვედრას.
ჩვენ ჩვენს სიმართლეს დავამტკიცებთ. თუ ეს ვერ მოხერხდა და სასამართლოზეც ვერ დავამტკიცებთ სიმართლეს, მაშინ არსებობს გაეროს კონვენციით მინიჭებული უფლება – გაფიცვის უფლება და ასეთ შემთხვევაში ასეთ მეთოდებსაც მივმართავთ. თუ სხვა გაზას არ დაგვიტოვებენ არაერთგზის ახსოვს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ლეგენდარული კიბე, რომელიც მშვენიერი საშუალებაა იმისთვის, რომ გააპროტესტო ის, რაც არ მოგწონს.
– თქვენ აქამდეც მიმართეთ კანონმდებლებს და თუ შეწუხდნენ და თუ იყო მათი მხრიდან გამოხმაურება?
– მე ვიცი, რომ ამ პრობლემით არიან შეწუხებულები. საზოგადოებრივი მაუწყებელი მარტო ერთი ადამიანის არ არის. ეს არის საზოგადოებისთვის შექმნილი ადგილი, სადაც მათ შეუძლიათ ილაპარაკონ, რაც აწუხებთ. დააყენონ პრობლემები და მოასმენონ ხელისუფლებას. გადაჭრის გზებიც ხალხმა ხშირ შემთხვევაში უკეთესად იცის, ვიდრე მოსულმა მთავრობამ. ნებისმიერ მთავრობას ვგულისხმობ ამ შემთხვევაში. მგონია, რომ ამ ტრიბუნას ისინი არ დაკარგავენ.
თუ საზოგადოება ამაზე წავა, ეს ნიშნავს, რომ მას არ სჭირდება საზოგადოებრივი მაუწყებელი. ეს არის მითი, რომელიც რაღაცას ემსახურება. ყოველ შემთხვევაში ჩვენ, როგორც საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები, ჩვენსას აუცილებლად მოვითხოვთ. მოვითხოვთ, დადგინდეს სიმართლე, რაც ჰაერივით მნიშვნელოვანია.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა