დღეს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის დაბადების დღეა. გიორგი მარგველაშვილი 49 წლის გახდა.
გიორგი მარგველაშვილი 1969 წლის 4 სექტემბერს თბილისში დაიბადა.
დაამთავრა თბილისის N1 საჯარო სკოლა. იგი, აგრეთვე, სწავლობდა რუსულ სკოლაში სირიაში, სადაც მისი მშობლები სამსახურეობრივ მივლინებაში იმყოფებოდნენ. 1987-1992 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აქვს პედაგოგის სერტიფიკატი. 1993-1994 წლებში სწავლობდა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში.
მუშაობდა 1992-1995 წლებში ტურისტული კომპანიაში სამთო ტურიზმის გიდად; 1994-1995 წლებში „ბიზნეს დღიურების“ მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსად; 1996-1997 წლებში იყო თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ლექტორი ფილოსოფიასა და კულტურაში. ხოლო 1995-2000 წლებში საერთაშორისო ურთიერთობების ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ადგილობრივი ხელმძღვანელობის სპეციალისტი — პროგრამის კონსულტანტი. 1998 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი ფილოსოფიაში. 2000-2006 და 2010-2012 წლებში საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორი. 2006-2010 წლებში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის კვლევითი დეპარტამენტის უფროსი.
საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, 2012 წლის 25 ოქტომბერს დაინიშნა განათლების მინისტრად. 2013 წლის 11 მაისს კოალიცია ქართულმა ოცნებამ პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა.
27 ოქტომბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მან ხმათა 62% მიიღო და არჩეულ იქნა საქართველოს პრეზიდენტად. ის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე პირდაპირი არჩევნებით არჩეული უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირია.
მისი მეუღლეა მსახიობი და მხატვარი მაკა ჩიჩუა. ჰყავს ქალიშვილი ანა და ვაჟები თეიმურაზი და თომა.