თავდაცვის ყოფილი მინისტრი და კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი თინა ხიდაშელი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის ხმაურიან განცხადებებს აფასებს და უახლოეს წარსულს იხსენებს.
“აიღეთ 2007-2008-2009 წლები. ყველაზე მწვავე წლები. აიღეთ ერთი ფრაზა, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა თქვა. 2011-12 წლებში, როდესაც “მაესტროზე” ნაცმოძრაობამ გავლენა მოიპოვა, მათ შექმნეს გარე ექსპერტების ერთგვარი სია, ნაცმოძრაობის ერთ-ერთი გარე ექსპერტი გიორგი მარგველაშვილი იყო. მახსოვს მისი რეაქციები, როდესაც ივანიშვილი მოვიდა პოლიტიკაში და რეალური საფრთხე შეექმნა ნაცმოძრაობის რეჟიმს. მაშინვე აამუშავეს გარე ექსპერტი მარგველაშვილი ივანიშვილის წინააღმდეგ…
საკადრო პოლიტიკაში იყო სერიოზული ხარვეზები. ეს მათ შორის იმას უკავშირდებოდა, რომ კოალიციურ რეჟიმში უწევდა “ოცნებას” გადაწყვეტილების მიღება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“
_ ქალბატონო თინა, „რეაქციაში“ საკმაოდ ხმაურიანი განცხადებები გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძის ერთ-ერთი ხმაურიანი განცხადებება შეეხებოდა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს. მან თქვა, რომ მარგველაშვილი 2011-12 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ გარე ექსპერტი იყო. როგორ შეაფასებთ კობახიძის განცხადებას?
_ ასე შორსაც თუ წავიდა, არ ვიცოდი. მე ვნახე ინტერვიუდან მონაკვეთი, მარგველაშვილის პროტესტი არ მინახავსო.
ამ განცხადებების შემდეგ მგონია, რომ ამ ადამიანის განცხადებებზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არასერიოზულია.
_ თუმცა, ჩვენ ვსაუბრობთ პარლამენტის თავმჯდომარეზე…
_ თუ სერიოზულად ვილაპარაკებთ, გიორგი მარგველაშვილი იყო ერთ-ერთი იმ პატარა ჯგუფიდან, რომელიც პირველივე დღეებიდანვე დაუპირისპირდა ნაციონალურ მოძრაობას და მიხეილ სააკაშვილს.
ირაკლი კობახიძისგან განსხვავებით, ყოველი დღე და წუთი მახსოვს, როგორც „ვარდების რევოლუციის“, ისე მისი შემდგომი განვითარების. გიორგი ნამდვილად იყო იმ ჯგუფში, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებისთანავე მისი ოპონენტი გახდა და ბოლო დღემდე ასე იყო. ერთ-ერთი ყველაზე უფრო გონიერი, დასაბუთებული და ინტელექტუალური იყო მარგველაშვილის მსჯელობა მთელი იმ წლების განმავლობაში. ძალიან სასაცილო და სამარცხვინოა იმ კაცის განცხადებები, რომელიც იმ დროს საერთოდ არაფერს წარმოადგენდა და მის შესახებ არაფერი ვიცით. გარდა იმისა, რომ მამამისი ნინო ბურჯანაძის პარტიაში იყო და, სავარაუდოდ, ისიც პრორუსულ საქართველოს გულშემატკივრობდა იმ წლებში. ეს ადამიანი ბედავს და ასეთი ტიპის განცხადებებს აკეთებს.
_ მან მარგველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებაზეც ისაუბრა და მინიშნება გააკეთა, რომ კოალიცია იღებდა საკადრო საკითხებზე გადაწყვეტილებას. თუმცა, გვახსოვს, რომ ირაკლი ალასანიას უნდა ეყარა კენჭი პრეზიდენტად. გაახსენეთ კობახიძეს კოალიციის შიდა ამბები.
_ არა, ირაკლი კობახიძეს ვერ გავახსენებ. გახსენება ნიშნავს, რომ იცოდი და დაგავიწყდა. ამ შემთხვევაში შემიძლია თქვენ გაგახსენოთ, რადგან ირაკლი კობახიძემ არაფერი არ იცოდა და ვერც ვერაფერი დაავიწყდებოდა. ის არ ყოფილა არავითარი პროცესისა და საუბრის მონაწილე. არ იცის საერთოდ, რაზე ლაპარაკობს. თქვენ უფრო მეტი გახსოვთ, ვიდრე მას, იმიტომ, რომ თქვენ გახსოვთ რაღაცები იმ პროცესიდან და, როგორც ჩანს, გაინტერესებთ ის, რაც არ იცით.
გიორგი მარგველაშვილის შესახებ რაც მან იკადრა, ეს ნიშნავს იმას, რომ ან ძალიან დაბალი წარმოდგენის ხარ იმ ხალხზე, ვისაც ელაპარაკები და ამიტომ ლაპარაკობ ამას, რადგან მოსახლეობაზე ფიქრობ, რომ არაფერი არ ახსოვს, არაფრის აზრზე არ არის და ამიტომ რასაც გინდა იმას მოიტყუები და ეს ტყუილი გაიყიდება. ან უსინდისო ხარ და ვიღაცის მონა, რომელიც გავალებს, რომ მარგველაშვილის დისკრედიტაცია მოახდინო.
ამ შემთხვევაშიც კი, თუ ოდნავ მაინც იცი, რაზეც საუბრობ, ასეთი სისულელე და ტყუილი არ უნდა თქვა, რომელიც სამწუთიანი ტყუილია. მე არ ვიცი ისეთი ადამიანი, ვინც ამას სერიოზულად აღიქვამდა.
_ ასე ფიქრობთ, რომ მას რაღაც დავალება ჰქონდა და იმ დავალებას ასრულებდა?
_ მე ვფიქრობ, რომ „ქართულ ოცნებაში“ ყველას აქვს რაღაც დავალება. რაღაც სია აქვთ და ამ სიის მიხედვით ადამიანების დისკრედიტირება უნდა მოახდინონ. მერე უკვე ყველა საკუთარი ინტერესების ფარგლებში საუბრობს. ვიღაცას უფრო დაბალი ინტელექტი აქვს, ვიღაცას მაღალი. ვიღაცას უკეთესი მეხსიერება აქვს, ვიღაცას უარესი. ვიღაცას ნაკლები ინფორმაცია აქვს, ვიღაცას მეტი და ა. შ.
რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო კანდიდატობას, ეს მთლიანად თავიდან ბოლომდე იყო ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა, იდეაც და წინადადებაც. თუ მან ეს არ იცის და ალბათ არ იცის, ვურჩევდი, რომ სისულელეების ლაპარაკს, სჯობს, გაერკვეს, რაზე ლაპარაკობს და ამის შემდეგ ილაპარაკოს ამაზე.
_ რატომ ითქვა მაშინ ალასანიას კანდიდატობაზე უარი, რა მსჯელობა გქონდათ?
_ ეს ივანიშვილთან უნდა გაარკვიოთ. ამაზე საუბარს მე ნამდვილად არ ვაპირებ. რა თქმა უნდა, ამაზე კოალიციაში იყო საუბარი, მაგრამ ახლა რა მნიშვნელობა აქვს ამაზე საუბარს?! ფაქტი ფაქტად რჩება, გიორგი მარგველაშვილი თავიდან ბოლომდე იყო ბიძინა ივანიშვილის კანდიდატი.
ივანიშვილს ძალიან მაღალი წარმოდგენა ჰქონდა მარგველაშვილზე, ძალიან აფასებდა, ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა მასთან. მუდმივმოქმედ რეჟიმში საუბრობდნენ და კონსულტაციებს გადიოდნენ. როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევის მომენტი დადგა, ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო, რომ მან ჯერ დააყენა და შემდეგ ბოლომდე დაიცვა მარგველაშვილის კანდიდატურა.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ რამე საწინააღმდეგო გვქონდა მისი. უბრალოდ, იმ მომენტისთვის ეს არ იყო მოსალოდნელი შემოთავაზება.
_ ისე, საინტერესოა, თავად ირაკლი კობახიძე თუ გინახავთ რომელიმე პროტესტის გამომხატველ აქციაზე?
_ არსად არ მინახავს და კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან კომფორტულად ცხოვრობდა ის სააკაშვილის მმართველობის დროს და, სავარაუდოდ, მისი გულშემატკივარიც იყო, თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ რა ტიპის უნივერსიტეტში რა ტიპის ხალხთან ჰქონდა ურთიერთობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნაციონალური მოძრაობის მიერ სრულიად პოლიტიზირებულ იურიდიულ ფაკულტეტზე. მაშინ ჩვეულებრივი პარტიული უჯრედი იყო ნაციონალური მოძრაობის.
_ მარგველაშვილი დადიოდა პროტესტის შემცველ აქციებზე თუ სხვა ფორმით გამოხატავდა პროტესტს?
_ მე არ მახსოვს არცერთი მნიშვნელოვანი მომენტი იმ პერიოდის საქართველოში, სადაც გიორგი მარგველაშვილი მონაწილე არ ყოფილიყოს. გადაახვიოს ტელევიზორი და ნახავს მისი მონაწილეობით უამრავ თოქშოუს, გამოსვლას, ინტერვიუს…
_ მედია ახსენეთ და კობახიძემ მედიაზეც ისაუბრა. ტელეკომპანია „იმედზე“ თქვა, რომ მეტწილად კრიტიკულია ხელისუფლების მიმართ, ხოლო „რუსთავი 2“ პარტიული ტელევიზიაა.
_ მართალია, რომ „რუსთავი 2“ პარტიული ტელევიზიაა, ისევე როგორც „იმედიც“, რომელიც მათი პარტიული ტელევიზიაა. საქართველოში დღეს გვაქვს 2 ეროვნული არხი, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობს. ერთი დღევანდელი მმართველი გუნდის რუპორია, მეორე _ ყოფილი მმართველი პარტიის.
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა