“ცრემლებს ძლივს ვიკავებდი” – ბექა გოჩიაშვილმა და ნიკოლოზ რაჭველმა კონცერტი უღრან ტყეში ჩაატარეს

"ცრემლებს ძლივს ვიკავებდი" - ბექა გოჩიაშვილმა და ნიკოლოზ რაჭველმა კონცერტი უღრან ტყეში ჩაატარესბექა გოჩიაშვილისა და ნიკოლოზ რაჭველის ერთობლივი კონცერტი პირველად ახალ სივრცეში „უღრან ტყეში“ შედგა. ეს სივრცე წყნეთში მდებარეობს, იქ ამფითეატრი ბუნებაშია მოწყობილი. საღამოს, ლამაზი განათების პირობებში, ასეთ კომფორტულ გარემოში კარგი მუსიკის მოსმენა დიდი სიამოვნებაა, რომელიც ამიერიდან ხელმისაწვდომი იქნება.

ნიკოლოზ რაჭველმა ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსებთან ერთად, შედარებით მცირე შემადგენლობით, ხოლო ბექა გოჩიაშვილმა დრამერ ზაზა ცერცვაძესთან და ბასისტ ლევან დეისაძესთან ერთად, გამორჩეული საღამო შემოგვთავაზეს. აქვე დაგვპირდნენ, რომ უფრო გაფართოებული შემადგენლობით და ბექას და არა მხოლოდ მისი მუსიკით, ჩვენ წინაშე 24 დეკემბერს წარდგებიან, ეს კი, ამ დიდხანს ნანატრი ექსპერიმენტის პირველი ნაბიჯი გახლდათ, რომელმაც ანშლაგითა და დიდი აპლოდისმენტებით ჩაიარა.

ბექა გოჩიაშვილმა საღამო ცნობილი ჯაზური სტანდარტებით გახსნა, რომელთა შესრულება დრამერსა და ბასისტთან ერთად დაუვიწყარი გახადა შეკრებილი მელომანებისთვის. შემდეგ კი მას ნიკოლოზ რაჭველი შეუერთდა და ბოლოს მასთან ერთად ინსტრუმენტსაც მიუჯდა, ამ იმპროვიზაციის დროს, რასაკვირველია, მაყურებლის ემოციები ყველაზე თვალშისაცემი იყო…

უღრანი ტყე მთლიანად მოიცვა საუკეთესო მუსიკამ, რომლის მოსმენაც ნამდვილად დიდი ფუფუნებაა, მით უმეტეს, ისეთი პროფესიონალისგან, როგორიც ბექა გოჩიაშვილია და ის მუსიკოსები, ვინც მას მხარს უმშვენებდნენ.

ნიკოლოზ რაჭველი:

“რეპეტიციების დროს ძლივს ვიკავებდი თავს, რომ ცრემლები არ წამომსვლოდა, რადგან ბექასთან მუშაობით ჩემი კიდევ ერთი ოცნება ავისრულე. შეერთება კოსმოსთან ძალიან იშვიათად მინახავს შემსრულებელში.

წლების განმავლობაში სულ გვინდა გავაკეთოთ რაიმე ერთობლივი. ისე მოხდა, რომ ამისი ორგანიზება საკუთარ თავზე აიღო ზურა ლეჟავამ, რომელმაც წყნეთში დაგვპატიჟა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე დაკავებულები ვიყავით, ყველაფერი გადავდეთ, რომ ეს კონცერტი შემდგარიყო. ამას თავისი გაგრძელება უკვე დაეგეგმა, დეკემბრის 24-ში იქნება ჩვენი ერთობლივი დიდი კონცერტი, რომელსაც შემოუერთდებიან მუსიკოსები აშშ-დან და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსები ფართო შემადგენლობით.”

ბექა გოჩიაშვილი:

“ჩემი და ნიკოლოზ რაჭველის ურთიერთობა დიდი ხანია, დაიწყო, დღეს კი მას ბეჭედი დაესვა, როცა მუსიკალურად შევხვდით ერთმანეთს. ყვეალფერმა კარგად ჩაიარა. კონცერტის პროცესი სიურპრიზებითაა სავსე, რადგან ყველა კონცერტი და დაკვრა ერთნაირი არ არის. ეს არის ტალღა, რომელსაც ვერ გააჩერებ. დღეს თუ ამ კონცერტმა ასე ჩაიარა, მომავალში რასაც ვგეგმავთ, დარწმუნებული ვარ, ის კიდევ უფრო საინტერესო იქნება.

პროგრამა მოკლე დროში გაორკესტრდა. მადლობა ზურა ლეჟავას, რომელმაც ამ კონცერტის აქ გაკეთების იდეა მოგვაწოდა. თუ მოეწონა მსმენელს დღევანდელი საღამო, კარგია, თუ არა, პასუხიც მზად გვაქვს – უღრან ტყეში უფრო მეტს ელოდნენ?!.. (იღიმის). ტრიო, ორკესტრი და დირიჟორი, სუფთა ჰაერზე, ბუნებრივ გარემოში. მეტი რა უნდა გინდოდეს…”

მუზიკბოქსი