დავით ლორთქიფანიძე – “ივანიშვილის სახელმა ბინძურ ფორმაში გაიჟღერა და მისი ღირსების საქმეა ყველაფერზე პასუხის გაცემა”

დავით ლორთქიფანიძე - "ივანიშვილის სახელმა ბინძურ ფორმაში გაიჟღერა და მისი ღირსების საქმეა ყველაფერზე პასუხის გაცემა"პარლამენტის მე-8 მოწვევის დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე ბოლო დროს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე “ახალ თაობა” ესაუბრა.
– ბატონო დავით, ბოლო პერიოდში გასაოცარ ინფორმაციებს ვისმენთ. თქვენ რა აზრის ხართ, ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილის მიმართ “ომეგას” დამფუძნებელ ოქუაშვილის ბრალდებებზე?
– სიბინძურეები, რაც ბოლო პერიოდში იფრქვევა ტელევიზიების საშუალებით, სასიამოვნო არ არის და რაღაც ეტაპზე მოსახლეობაზე მოქმედებს. ეს არის ხელისუფლების მთავარი გამოწვევა და ამასთან დაკავშირებით ყველა კითხვის ნიშანი მოხსნილი უნდა იყოს.
– თქვენი აზრით, რასთან გვაქვს საქმე?
– ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. პირველ რიგში, უნდა დადგინდეს ამ ჩანაწერების ავთენტურობა, ამის შემდეგ შეიძლება დანარჩენზე საუბარი. დღეს აბსოლუტურად გაურკვეველი სიტუაციაა. ყოველდღე საზოგადოებას მიეწოდება რაღაც ახალ-ახალი დამონტაჟებული ჩანაწერები, რაც საზოგადოებაში დაბნეულობას იწვევს.
– ოქუაშვილი აცხადებს, რომ მას ბიძინა ივანიშვილმა 4 მილიონი მოსთხოვა. ამაზე რა კომენტარი გაქვთ?
– ოქუაშვილი ამბობს, რომ მან ჩაურიცხა 4 მილიონი ახალშექმნილ ფირმას და შემდეგ დარჩა გაკვირვებული, რომ ეს თანხა ბანკიდან გაიტანეს. ჯერ ერთი, თუ ფული ჩაურიცხა, შემდეგ ამ ფულის გატანებას რატომ არ აპირებდა, რატომ ჰქონდა იმის განცდა, რომ ის ფული იქიდან არ უნდა გაეტანებინა. ამ ფირმის დირექტორი ამბობს, ფული ჩავრიცხეთ, ბანკში მივედით და შემდეგ ამ ფულის გამოტანის არანაირი წინაპირობა არ იყოო. ვერ ვხვდები, მაშინ რისთვის ჩაურიცხა “ომეგამ” 1 დღეში შექმნილ ფირმას ფული? აქ ჩნდება კითხვის ნიშნები.
– ფული გამოიტანეს და ჩანთით წაიღესო. ფოტო გამოაქვეყნეს, შავი ჯიპებით ელოდებოდნენო.
– ვთქვათ, ოქუაშვილმა ჩაურიცხა თანხა. ვკითხულობ, რატომ ჩაურიცხა 1 დღეში შექმნილ ფირმას თანხა, თუ იმ თანხის გადახდას არ აპირებდა? რაღას ეძებს ოქუაშვილი, ბანკიდან რომელ საათზე იქნა ის თანხა გამოტანილი? შავი ჯიპებით ვიღაცეები დახვდნენო. ვთქვათ, ლევან ყიფიანი ჯდებოდა ჯიპში. ამით რის დადასტურება შეიძლება, ჯიპში ჩაჯდომა დანაშაულია?
მე რომ ლევან ყიფიანის დამცველად არ გამოვდგები, მთელმა ქვეყანამ იცის. მე-8 მოწვევის პარლამენტში იმ კომიტეტის წევრი ვიყავი, რომელმაც ლევან ყიფიანი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამიტომ ლევან ყიფიანის დაცვა არ გამოვა და არც ვაპირებ, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას – ამ სიცრუის მორევში ყოფნა აბსოლუტურად წარმოუდგენელია.
ახლა მე გეტყვით ძალიან საინტერესო ფაქტს, რომელიც დაკავშირებულია ნაციონალების სცენარებთან.
– რა ფაქტზე მიუთითებთ?
– 2004 წელს, როდესაც მე ვიყავი საქართველოს ეროვნული ზარაფხანის დირექტორი, მაშინ ჩემთან რეკავდნენ და სოლიდურ თახას მძალავდნენ.
– ვინ გირეკავდათ და ვინ გძალავდათ ფულს?
– როგორც ეროვნული ზარაფხანის გენერალურ დირექტორს, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პირობებში მირეკავდნენ და ძალიან სოლიდურ თანხას მძალავდნენ
– გამოგძალეს?
– თანხის გამოძალვის პერიოდში, რამდენიმე კვირის განმავლობაში, მითხრეს, რომ თუ არ მოვიქცეოდი წესიერად, როგორც “ომეგას” დაემართა, ისე დამემართებოდა მეც. “ომეგა” იყო პირველი კომპანია, სადაც ნაცმოძრაობის ხელისუფლება შევარდა. აღნიშულის შესახებ მე მივმართე საქართველოს გენერალურ პროკურატურას და სპეციალური განცხადებაც გავაკეთე.
2004 წლის აგვისტოში პროკურატურამ დაზარალებულად მცნო. სექტემბერში ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ შვებულებაში მყოფი დათო ლორთქიფანიძე გაეძევებინათ გენერალური დირექტორის პოზიციიდან.
მიუხედავად ჩემი არაერთი მცდელობისა, დაედგინათ, რასთან გვქონდა საქმე, მას შემდეგ გამოძიებას არაფერი გაუკეთებია. ამიტომ ახლა ნაცმოძრაობის საუბარი რაღაც თანხების გამოძალვაზე და ოქუაშვილის მხარეს დადგომაზე ჩემთვის მიუღებელია. ასევე საერთოდ გაუგებარი და მიუღებელია ოქუაშვილის განცხადება, რომ ის მხარს უჭერს ვაშაძეს, როგორც ნაცმოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატს. ყველაფერს აქვს საზღვარი.
ამიტომ ამ საქმის გამოძიება მხოლოდ ხელისუფლების ღირსების საქმე არ არის. ეს არის ბიძინა ივანიშვილის ღირსების საქმეც. ამიტომ ეს საქმე ბოლომდე უნდა იქნას გამოძიებული და ყველაფრისთვის თავისი სახელი დარქმეული. თუ ვინმე სარგებლობდა ბიძინა ივანიშვილის სახელით, მანაც უნდა აგოს პასუხი.
– ფიქრობთ, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელით ვინმე სარგებლობდა?
– არ გამოვრიცხავ, ვიღაცეები მართლაც სარგებლობდნენ ბიძინა ივანიშვილის სახელით, მაგრამ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო ჩართული ფულის ახევაში, კატეგორიულად არ დავიჯერებ.
როგორც ჩანს, ოქუაშვილი ყველაფერს იწერდა (ჩამწერ სტუდიასავით არის), ამიტომ მან ყველა ის მტკიცებულება პროკურატურაში უნდა წარადგინოს, ან როგორც მან თქვა, ინგლისის სასამართლოში. მით უმეტეს, თუ ინგლისის სასამართლოში მოხდება საქმის განხილვა, ყველაფერს ნათელი უნდა მოეფინოს.
– ბიძინა ივანიშვილი თვითონ არ უარყოფს, რომ ოქუაშვილს შეხვდა.
– მერე რა.
– მან თქვა, ოქუაშვილს ვეხმარებოდითო. ანუ ოქუაშვილს ჰქონდა გადასახადი სახელმწიფო ბიუჯეტში და ბიძინა ივანიშვილთან მოეწყო შეხვედრა. ამ დროს ბიძინა ივანიშვილი აღარ იყო პრემიერ-მინისტრი, რა აუცილებლობას წარმოადგენდა ოქუაშვილთან შეხვედრა? რატომ შეხვდა? ოქუაშვილი აცხადებს, 4 მილიონს მთხოვდაო.
– ბიძინა ივანიშვილი არ იყო აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, მაგრამ ბიზნესმენია. ბიზნესმენებმა ერთმანეთთან შეხვედრის სურვილი რომ გამოთქვან, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. მით უფრო, თუ ოქუაშვილს თავად უნდოდა ივანიშვილთან შეხვედრა და თუ შეხვდა, ამაში დანაშაული არაფერია, მაგრამ რასაც ოქუაშვილი ამბობს ფულის მოთხოვნაზე, მე ვამბობ, ასე ვერ იქნებოდა. თუ იყო, ამაზე უნდა ჩატარდეს გამოძიება.
შეიძლება ოქუაშვილი მივიდა ივანიშვილთან და უთხრა, ასე და ასე ხდებაო. გახარია იყო ბიზნესომბუდსმენი, რომელსაც ბიზნესთან ურთიერთობა ევალება. ის, რომ ოქუაშვილს ბიუჯეტის დავალიანება ჰქონდა და არ ჩამოაწერეს, იმაზე მიანიშნებს, რომ მას დანაშაული არ აპატიეს, ანუ ბიუჯეტისთვის გადასახადის გადაუხდელობით გამოწვეული დანაშაული არ აპატიეს.
– თუმცა, ბიუჯეტის გადასახადის გადახდა გადაუვადეს და დროთა განმავლობაში, გადაუხდელობის გამო, თანდათანობით ვალი იზრდებოდა.
– ამას ვამბობ. როგორც პოლიტიკოსი, ადამიანი, რომელიც ბიზნესისგან შორს არ ვარ (საქართველოს ეროვნული ზარაფხანის გენერალური დირექტორი ვიყავი) და შეხება მქონდა ნაცმოძრაობის დანაშაულებრივ რეჟიმთან და გამოძიებამ არაფერი გააკეთა.
მე ოფშორში გახსნილი ანგარიშის ნომერი გამომიგზავნეს (რომელიც პროკურატურაში წარვადგინე), რომელზეც თანხა უნდა ჩამერიცხა, მაგრამ მე ეს არ გავაკეთე. მეუბნებოდნენ, თუ თანხას არ ჩავრიცხავდი, დამაპატიმრებდნენ. 2004-2012 წლებში, 8 წლის განმავლობაში ყოველდღე იმის განცდაში ვიყავი, რომ დამაპატიმრებდნენ, რადგან ნაცხელისუფლების მოთხოვნები არ შევასრულე.
– ანგარიშის ნომერი გახსოვთ?
– მე ყველაფერი მახსოვს. ეს არის გამოძიებაში. დღეს ვითომ ოპოზიციის (ეგ რა ოპოზიციაა) დამნაშავე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა შემომითვალა, მშვიდობიანად წავსულიყავი, თორემ ციხეში გამამწესებდნენ. ეს ადამიანი დღეს პოლიტიკაშია.
– ვინ არის ის, ვინც ეს გითხრათ?
– პოლიტიკაშია. მის სახელსა და გვარს დღეს არ დავასახელებ, მაგრამ შეიძლება ზეგ დავასახელო. უბრალოდ, მათი თავხედობა უკვე ზღვარგადასულია. ამიტომ ისმის კითხვა ხელისუფლების მიმართ, რა შეცდომა დაუშვა “ოცნებამ”.
– რა შეცდომა დაუშვა?
– ერთსიტყვიანი პასუხი მაქვს. ჩვენი ხელისუფლების დანაშაული არის კოაბიტაცია, რომელმაც ის მიიყვანა დღევანდელ რეალობამდე, მე ამას ვამბობდი პირველივე დღეებიდან. ამ ხალხს ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხი რომ ეგო, დღეს ისინი რაღაც უბედურებებს აქეთ არ შემოგიბრუნებდნენ. ამიტომ არის ეს ბიძინა ივანიშვილის ღირსების საქმე. ამაზე ყველას უნდა აგებინოს პასუხი.
– ოქუაშვილი ნაცმოძრაობა რომ არ არის? ოქუაშვილი ცდილობს დაამტკიცოს, რომ დღევანდელი ხელისუფლება არის კორუმპირებული და ისევე არეკეტებს ბიზნესს, როგორც ნაცმოძრაობა აკეთებდა ამას.
– ოქუაშვილი ნაცმოძრაობა არ არის, მაგრამ მან ღიად დაუჭირა მხარი გრიგოლ ვაშაძეს და არსად ახსენებს მიხეილ სააკაშვილს მის მიმართ განხორციელებულ ბიზნესტერორში. სანამ ოქუაშვილი ვაშაძეს უჭერს მხარს, ჩემთვის ის ნაცმოძრაობის შემადგენელი ნაწილია.
– მეორე მხრივ, ოქუაშვილს 50 მილიონი გადასახადი რატომ დაუგროვდა, 2014 წლიდან აქამდე რატომ არ გადაახდევინეს? წლების განმავლობაში ჯერ შევარდნაძის დროს პატიობდნენ ბიუჯეტის გადასახადებს, თოფაძეს, ჭყონიას, “რუსთავი-2-ს”, ჩამოაწერეს გადასახადები. მსგავსი პროცესი რატომ გაგრძელდა?
– ეს არის მანკიერი გადმონაშთი ხელისუფლებებისა, რამაც დღეს მიგვიყვანა იმ მოცემულობამდე, რომ ოქუაშვილს 50 მილიონი დავალიანება აქვს. ვფიქრობ, ხელისუფლების არამტაცებლურმა პოლიტიკამ და ბიზნესის გვერდში დგომის სურვილმა განაპირობა ის, რომ თავზე არ დაადგნენ და არ აიძულეს დავალიანების მყისიერად დაფარვა.
– მაშინვე რომ გადაეხადა, ამდენი არ დაგროვდებოდა.
– ნაცმოძრაობის დროს ან ძალით გადაახდევინებდნენ და ქონებას თავისთან წაიღებდნენ, ან ქონებას წაართმევდნენ და ვალს ჩამოაწერდნენ. ამ შემთხვევაში არც ერთი მომხდარა, არც მეორე. დღეს მას აქვს ფული გადასახდელი.
– ერთი რამ მაინც გაუგებარია, თუ ოქუაშვილისთვის ვალის გადავადება ხდებოდა და თან ვალი იზრდებოდა, ის 4 მილიონი რისთვის უნდა მოეთხოვა ბიძინა ივანიშვილს?
– საუბარი იყო იმაზე, თითქოს მაშინ 25 მილიონი ჰქონდა გადასახდელი, როცა 4 მილიონი მოსთხოვეს, ანუ თითქოს 25 მილიონის განულება მოხდებოდა და ამისთვის მას, ასე ვთქვათ, 4 მილიონი ქრთამი უნდა გადაეხადა. როგორც ოქუაშვილი ამტკიცებს, მან 4 მილიონი გადაიხადა.
– მაშინ რატომ არ გაუნულდა?
– საქმეც ესაა. ამიტომ ვფიქრობ, არანაირი შეთანხმება ბიძინა ივანიშვილთან და არანაირი ფულის მოთხოვნა არ ყოფილა. ვერ მოხდებოდა 25 მილიონი ვალის გაქრობა რაღაც 4 მილიონის სანაცვლოდ. ამიტომ ეს ყველაფერი ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს და მასზე პასუხის გაცემა ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილის ღირსების საქმეა.
რადგან ბიძინა ივანიშვილის სახელმა გაიჟღერა ბინძურ ფორმაში, და მას აკავშირებენ ბინძურ ფინანსურ ეპოპეასთან, ამიტომ მისი ღირსების საქმეა, მან ეს ყველაფერი ბოლომდე მიიყვანოს.
– რატომ უნდა აღმოჩენილიყო ოქუაშვილი ნაცმოძრაობასთან და რატომ უნდა წამოეწყო ის პროცესი, რასაც ვხედავთ?
– არ ვიცი, ის სად აღმოჩნდა, მაგრამ ოქუაშვილმა თვითონ მოახდინა თავისი თავის იდენტიფიკაცია ნაცმოძრაობასთან. ნაცმოძრაობა იყო დამნაშავეთა ის დაჯგუფება, რომელიც შანტაჟის, მუქარისა და ტერორის ქვეშ, ყველაფერს აქცევდა იმ ჩარჩოში, რომლის ვიზუალიზაციაც საზოგადოებისთვის შოკის მომგვრელი იქნებოდა. მე არ ვამტკიცებ, რომ კონკრეტულ პერსონაზე აქვთ კომპრომატი, მაგრამ ნაცებს ძალიან ბევრ პერსონაზე რომ აქვთ რაღაც მასალები, რომლებიტაც ისინი აშანტაჟებენ ადამიანებს, ეს არის ფაქტი.
– ახლა ამ ჩანაწერების ომით ოქუაშვილიც აშანტაჟებს ხელისუფლებას?
– ოქუაშვილი ცდილობს, ხელისუფლება დააშანტაჟოს. თავის მხრივ, ოქუაშვილს რომ აშანტაჟებს ის ძალა, რომელთან თავისი თავის იდენტიფიცირებაც თვითონ მოახდინა, ორი აზრი არ არსებობს.

გულიკო ბალაძე, ახალი თაობა