ომეგა ჯგუფის მეპატრონე ზაზა ოქუაშვილი ხელისუფლებას ბიზნესის ზეწოლაში ადანაშაულებს. 1 ოქტომბერს საზოგადოების წინაშე კვლავ გამოჩნდა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც მისი და ზაზა ოქუაშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა:
_ ზაზა ოქუაშვილმა გვაჩვენოს ის ჩანაწერები, რომლებზედაც წუხანდელ გადაცემაში საუბრობდა. მედია და ბიზნეს ზეწოლაზე საუბარი ღიმილის მომგვრელია. ალბათ წუხანდელი გადაცემაც ნახეთ, რას ცდილობდა და სად წავიდა ეს კაცი.
მართლაც შევხვდი მას ერთხელ და მართლაც დავეხმარეთ, ისევე როგორც ვეხმარებით ყველა ბიზნესს. მე ეს ვალდებულება დღესაც გამაჩნია. ნებისმიერი ბიზნესმენი, რომელიც მოდის ჩემამდე, პრემიერამდე, ხელისუფლების რომელიმე ნაწილთან, ყველას აქვს იგივე განცდა, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავეხმაროთ ბიზნესს და ხელი შევუწყოთ. მაგრამ სხვა დანარჩენი ღიმილის მომგვრელია მხოლოდ.
ჩანაწერების ოსტატი ყოფილა ეს კაცი. ყველას და ყველაფერს იწერდა. რატომღაც ეს ჩანაწერი არ აქვს. ყველას იწერდნენ და გამოიტანოს ეს ჩანაწერებიც, გვაჩვენოს ამ საუბრის და შეხვედრის შესახებ.
აქვს თუ არა გავლენა აღნიშნულ ჩანაწერებს და შეძლებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი “ოცნების” ჩიხიდან კიდევ ერთხელ გამოყვანას? _ ამ საკითხზე „ახალი თაობა“ სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილს ესაუბრა:
_ ბატონო იაგო, როგორ შეაფასებთ იმ ვითარებას, რაც ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ გარშემო ომეგა ჯგუფთან დაკავშირებით ხდება? არჩევნებზე ეს გავლენას იქონიებს?
_ რა თქმა უნდა, იქონიებს.
_ რა მიმართულებით?
_ ამ ჩანაწერებს არჩევნებზე გავლენა ნეგატიური მიმართულებით ექნება. „ქართული ოცნების“ მიმართ ნეგატიური გავლენა ექნება. იმიტომ, რომ ხელისუფლება ამით კარგავს კაპიტალს, ანუ ნდობას მოსახლეობაში.
ეს ჩანაწერები და ამ ჩანაწერებზე თანდართული რაღაც დოკუმენტები სულ მცირე იმაზე მაინც მეტყველებს, რომ მარტივად არ არის საქმე. ანუ რაღაც გადაცდომები ან თუნდაც დანაშაულები ნამდვილად ხდება. ამიტომ ეს აისახება ამომრჩევლის განწყობებზე.
_ გარკვეული პერიოდია ბიძინა ივანიშვილი აღარ გამოჩენილა საზოგადოების წინაშე. ამას უკავშირდება მისი გამოჩენა?
_ ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, სცადა, ცოტა ირონიულად ესაუბრა ამ თემაზე და პრობლემებზე, გაექარწყლებინა ის ბრალდებები და პრობლემები, რაც „ქართული ოცნების“ მისამართით არის, მაგრამ ეს აშკარად არასაკმარისია.
ბიძინა ივანიშვილს თუ ნამდვილად უნდა „ქართული ოცნებისა“ და თავისი რეპუტაციის შენარჩუნება, მას ნამდვილად მოუწევს უფრო საფუძვლიანი განმარტებების გაკეთება იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რაც მედიაში ისმის და ამ ბრალდებების დამადასტურებელ დოკუმენტებთან დაკავშირებით, რასაც სხვადასხვა მედია აქვეყნებს.
თუ აღმოჩნდა, რომ ამ პროცესში „ქართული ოცნების“ მთავრობა ფორმალურია და ჩრდილში მყოფი პირები დამნაშავეა, მან უნდა იმოქმედოს შესაბამისად.
_ საგამოძიებო მოქმედებების მიმართულებით გულისხმობთ?
_ რა თქმა უნდა. ქვეყანაში სხვა ლეგიტიმური ორგანო არ არის არაფერი. დემოკრატიულ საზოგადოებაში სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ ასეთი საკითხები.
_ ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადებაზე რა შთაბეჭდილება დაგრჩათ, სადაც მან სალომე ზურაბიშვილზე ისაუბრა? ამ კონტექსტში თქვა, რომ 2008 წელს სააკაშვილი შემოუძღვა რუსეთის ჯარს, პირდაპირ ასეთი ფრაზა თქვა.
_ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, რომ სალომე ზურაბიშვილის გვერდით დადგეს და, ასე ვთქვათ, სალომე ზურაბიშვილთან უნისონში იყოს და მასთან შეთანხმებული განცხადებები აკეთოს.
წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ორი ძალის კავშირი _ ბიძინა ივანიშვილის და სალომე ზურაბიშვილის კავშირი ალოგიკური იქნება. ეს ამ კავშირის დადასტურებაა. ეჭვი მეპარება, რომ ეს განცხადებები და სალომე ზურაბიშვილის წისქვილზე წყლის დასხმა და მისი განცხადებების გამართლება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან საზოგადოებაზე დადებითად მოქმედებდეს.
_ ფიქრობთ, რომ მმართველი ძალის, ან მისი მხარდაჭერილი კანდიდატისთვის, რეიტინგის თვალსაზრისით ხელის შემშლელი ფაქტორია?
_ ყოველ შემთხვევაში, რეიტინგის ზრდას ხელს არ შეუწყობს. მომგებიანი სვლა არ არის რეიტინგის ზრდის თვალსაზრისით.
_ ანუ რაღაცა სხვა რაღაცის მოფიქრება დასჭირდება ბიძინა ივანიშვილს?
_ არ ვიცი, რისი მოფიქრება დასჭირდება. ეს მე არ მითქვამს. ყოველ შემთხვევაში მან უნდა გააქარწყლოს ის ბრალდებები, რაც „ქართული ოცნების“ აქტიური მოქმედი თუ ყოფილი მაღალჩინოსნების მისამართით გაისმა. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მმართველი გუნდის რეიტინგს არ უწყობს ხელს.
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა