“მარგველაშვილმა გადაწყვეტილება თავისუფლების სასარგებლოდ მიიღო” – რატომ არ იყარა პრეზიდენტმა ხელმეორედ კენჭი

"მარგველაშვილმა გადაწყვეტილება თავისუფლების სასარგებლოდ მიიღო" - რატომ არ იყარა პრეზიდენტმა ხელმეორედ კენჭიკონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობას აფასებს.
– ბატონო ლევან, პრეზიდენტი მარგველაშვილი საპრეზიდენტო ვადას ასრულებს. მისი წინამორბედები მეორე ვადაზე არასდროს ამბობდნენ უარს, განსხვავებით მარგველაშვილისგან. რატომ თქვა მან მეორე ვადაზე უარი?
– გიორგი მარგველაშვილი არის ადამიანი, რომლისთვისაც თავისუფლებას ძალიან მაღალი ფასი აქვს, მათ შორის პიროვნულ თავისუფლებას. მისთვის ჩარჩო, თუნდაც პოლიტიკური ჩარჩო ძალიან არაკომფორტულია, რასაც ის ღიად ამბობდა. არ არის ასეთი მარტივი, როდესაც მას მთელი ცხოვრება ამ ცხოვრებით უცხოვრია, საქართველოსნაირ განვითარებად ქვეყანაში სრულიად უცხო და შესაძლოა პრინციპების საწინააღმდეგო ცხოვრება დაიწყო. როგორც ჩანს, ეს დილემა, ეს შინაგანი კონფლიქტი მას აწუხებდა და გადაწყვეტილებაც თავისუფლების სასარგებლოდ მიიღო.
თავისუფლების სიყვარული და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა არის ის, რამაც ალბათ განაპირობა პრეზიდენტ მარგველაშვილის გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ მე ვთვლი, მას სერიოზული როლის შესრულება შეეძლო მთელ ამ პროცესებში, პატივს ვცემ მის გადაწყვტილებას.
მიუხედავად იმისა, რომ მან უარი თქვა მეორე ვადით კენჭისყრაზე, მე არ ვფიქრობ, რომ ის სახლში წავა მემუარების საწერად და პასიური ცხოვრებით იცხოვრებს. პარტიული პოლიტიკის და საერთოდ პოლიტიკის გარეშეც შესაძლებელია საზოგადოებრივ თუ სახელმწიფოებრი ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა. იმედი მაქვს, დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი მარგველაშვილი დუშეთში, მის ლამაზ ოჯახთან ერთად მხოლოდ სტატიების წერით არ შემოიფარგლება.
– ფიქრობთ, აქტიური მოქალაქე იქნება?
– რა თქმა უნდა, ბევრისთვის მაგალითის მიმცემი და საკმაოდ უხერხული სამოქალაქო ოპონენტი ყველა პოლიტიკოსისთვის, ყველა პოლიტიკური გუნდისთვის. საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, ის გარკვეული ორიენტირიც კი შეიძლება იყოს.
გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკაში ჩვენი შემდეგი თაობის პირობებში რომ ყოფილიყო, მისი ადგილი ბევრად უფრო ლოგიკური იქნებოდა. ამ პირობებში, როდესაც ჯერ კიდევ საქართველოს პოლიტიკაში თაობათა ცვლა არ მომხდარა და ახალი ღირებულებების, ახალი მისწრაფებების პოლიტიკოსები არ მოსულან, ის მთლად ბუნებრივად ვერ გრძნობდა თავს.
ჩვენი პოლიტიკოსები საბჭოთა და შევარდნაძის დროის პოლიტიკის წარმომადგენლები არიან. იგივე პოლიტიკური კულტურა, იგივე პოლიტიკური თამაში, იგივე პოლიტიკური მიზანშეწონილობა და ა.შ.
– გიორგი მარგველაშვილი როგორი პრეზიდენტი იყო?
– პრეზიდენტი მარგველაშვილი იყო და დარჩება საქართველოს ისტორიაში ერთადერთ პრეზიდენტად, რომლის პირობებშიც ამოქმედდა კონსტიტუციის ეს რედაქცია და შემდეგი პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე ამოქმედდება კონსტიტუციის ახალი რედაქცია.
რთულ პოლიტიკურ, მართალია, კონსტიტუციურ გარემოში, მაგრამ რთულ პირობებში მან უფრო მეტად, ასე ვიტყოდი, შეძლო ღირსეულად, რყევების გარეშე შეესრულებინა პრეზიდენტის უფლებამოსილება. შეცდომები იყო, არათანმიმდევრული ნაბჯებიც იყო, მაგრამ მან მაინც ღირსეულად შეასრულა პრეზიდენტის მოვალეობა.
– გულისხმობთ კანონპროეტებზე დადებულ ვეტოებს და შემდეგ უკვე ხელმოწერილ კანონებს?
– დიახ. როდესაც სერიოზულ კამპანიას აწარმოებ რაღაცის წინააღმდეგ და შემდეგ მას ხელს აწერ, ეს გაუგებარია და ასახსნელადაც რთულია.
– კონსტიტუციურ კანონპროექტს გულისხმობთ?
– არა მხოლოდ. ერთ-ერთი მათგანი საკონსტიტუციო სასამართლოში მე წავიღე და ეს საქმე მოვიგე. იმ კანონთან დაკავშირებით რეალურად პრეზიდენტი და პარლამენტი ერთ მხარეს აღმოჩნდნენ.
– ისეთი დაპირისპირების ფონზე, რომელიც პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის იყო, ისინი ხშირად ერთ მხარეს აღმოჩნდებოდნენ. თქვენ რა ახსნას უძებნით, აქ ლოგიკას ხედავთ?
– მე მიჭირდა ყოველთვის ამ ლოგიკის გაგება. ხშირად პრეზიდენტი ვერ ახერხებდა საზოგადოებისთვის ამ ლოგიკის დანახვებას და ახსნას.
– საზოგადოების ნაწილს ამ ლოგიკასთან კითხვები ჰქონდა.
– დიახ. ამის ნათელი მაგალითი იყო თუნდაც კონსტიტუციის რეფორმის პროცესი. მისი ახსნა, რომ ის საკუთარ პრინციპებზე მაღლა სამშობლოს სახელმწიფოებრიობის გამო დადგა, ხშირად გაუგებარი იყო.
– შეწყალებებთან დაკავშირებით გქონდათ კითხვები, თუ ეს მაინც პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა, რომელიც არანაირ კითხვას არ ექვემდებარება?
– როდესაც ექსკლუზიურ უფლებაზე ვსაუბრობთ, რომელიც მით უფრო პირდაპირ ადამიანებს უკავშირდება, აქ რთულია საფუძვლიანი კამათი, რადგან ორივე მხარეს თავისი სიმართლე აქვს.
კონსტიტუციამ პრეზიდენტს, წინამორბედსაც, მოქმედსაც და მომავალსაც, რაც უპირობოდ მიანიჭა, ეს არის შეწყალების უფლება ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და შეზღუდვის გარეშე, მას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება. თუმცა, ეს უფლება თავის თავში გულისხმობს შეზღუდვასაც, რაც მარგველაშვილმა რამდენჯერმე გააკეთა.
– დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე უარს გულისხმობთ?
– დიახ, და მერაბიშვილსაც. მან თქვა, რომ შეწყალების კომისია იქნებოდა ფილტრი. ის მაინც ამ ნაწილშიც შეზღუდვის ერთგული რჩებოდა სწორედ საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა