28 ოქტომბერს ბარსელონაში კესარია აბრამიძე მსოფლიო კონკურსზე გაემგზავრება. კონკურსზე „მის ტრანს ვარსკვლავი“ წელს ქართველი წარმომადგენელი გვეყოლება. სწორედ ამ კონკურსის გამო კესარიამ უარი თქვა პროექტზე „ცეკვავენ ვარსკვლავები“, თუმცა უარის სხვა მიზეზიც არსებობს. ჩვენი ინფორმაციით, კესომ 15 ათასი მოითხოვა პროექტში მონაწილეობის სანაცვლოდ, რაზეც „იმედი“ არ დასთანხმდა. პროექტის მესვეურები კესარიას ერთ ლაივში 1000 ლარს სთავაზობდნენ. ამდენად მოლაპარაკება ვერ შედგა. ამ თემაზე, წინასაკონკურსო მზადებაზე, მოლოდინებზე კესარია „პრაიმტაიმთან“ საუბრობს.
– კესო, როგორია ემოციები კონკურსის წინ?
– თავიდან მარტივად მეგონა იქნებოდა ყველაფერი. რთული აღმოჩნდა. მთელი კონტრაქტი მომივიდა, რომელშიც გაწერილია ყველა დეტალი, რამდენიმე სამოსი, რომლის წარდგენაც მომიწევს კონკურსზე. მათ შორის არის ნაციონალური სამოსი, რომელსაც „მარი გოლდი“ მიკერავს. ყველას ჰგონია, რომ მე უკვე გამოვამზეურე სამოსი, რომლითაც წარვდგები უცხოელი ჟიურის წინაშე, მაგრამ ასე არაა. არცერთი კოსტიუმი არ დაიდება სოციალურ ქსელში. მხოლოდ კონკურსზე გამოჩნდება ჩემი სასცენო სამოსი. კიდევ ვიკერავ კოქტეილის კაბას, თეთრი ფერის საღამოს კაბას, ეს დრესკოდია. დრესკოდია, ასევე, სტაფილოსფერი საცურაო კოსტიუმი. ფეხსაცმლის ფერიც კი თავად შეარჩიეს და მათ მოთხოვნებს უნდა დაემორჩილო.
– თუ იქნება კონკურსანტების გასაუბრება ჟიურისთან…
– კონტრაქტში წერია, რომ იქნება ბიზნესშეხვედრები, ფოტოსესიები, გადაღებები, დატვირთული ერთი კვირა გვაქვს წინ. კატეგორიულად არ შეიძლება მოწევა, ალკოჰოლი.
– იყავი მზად ამ ყველაფრისთვის?
– არა, ნამდვილად არ ვიყავი. ის კი არა, არც წარმომედგინა თავი მსოფლიო სილამაზის კონკურსზე. ძალიან შემთხვევით მოხდა ყველაფერი და მერე ნელ-ნელა მუღამში შევედი. იმდენი გულშემატკივარი გამომიჩნდა უცებ, რეიტინგით მსოფლიო მასშტაბით პირველ ადგილზე ვარ. ვისარგებლებ შემთხვევით და „პრაიმტაიმის“ საშუალებით მადლობას გადავუხდი თითოეულ მათგანს გულშემატკივრობისთვის.
– ჩვენ როგორ შეგვიძლია, მხარი დაგიჭიროთ ამ კონკურსზე?
– სავარაუდოდ, იქნება სოციალური ქსელით ხმის მიცემა და ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად შეგატყობინებთ.
– „ცეკვავენ ვარსკვლავებზეც“ მინდა გკითხო. ვიცი, რომ შემოთავაზება გქონდა და უარი თქვი…
– კი, მქონდა ნამდვილად შემოთავაზება, მაგრამ ვინაიდან წინ მსოფლიო კონკურსი იყო, ვერ დავთანხმდებოდი ამ პროექტს, რადგან მხოლოდ 3 გადაცემას მოვასწრებდი 28 ოქტომბრამდე.
– მხოლოდ ეს იყო მიზეზი?
– ორი კურდღლის მადევარი გამოვდიოდი და…
– რომ არ ყოფილიყო მსოფლიო კონკურსი, მიიღებდი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობას?
– არ მიფიქრია ამაზე. იმდენად შრომატევადია ამ პროექტში მონაწილეობა, რთული სამუშაოა, მე ცოტა ზარმაცი ვარ. ჰონორარის შემთხვევაში, ალბათ, წავიდოდი.
– ვიცი, რომ საკმაოდ დიდი ჰონორარი მოითხოვე პროექტში მონაწილეობის სანაცვლოდ.
– არ მინდა ამ თემაზე საუბარი, არ შედგა ჩვენი შეთანხმება და ამით დავამთავროთ. წინ გაცილებით მნიშვნელოვანი სამზადისი მაქვს.
– კარგი, დავუბრუნდეთ კონკურსს. თუ ნახე მონაწილეების ფოტოები და რისი თქმა შეგიძლია ამ ეტაპზე კონკურენციაზე?
– ასე თქმა გამიჭირდება. ფოტოებში ყველა ძალიან ლამაზია. უფრო მარტივი იქნება კონკურენციაზე საუბარი, როცა პირადად ვნახავ და გავიცნობ თითოეულ მათგანს.
– ამ კონკურსში მონაწილეობისთვის სხვადასხვა ქვეყნებში სპეციალური ქასტინგი გაიმართა, ეს არ მომხდარა საქართველოში, შენ კონკურსგარეშე მოხვდი მსოფლიო კონკურსზე. რატომ?
– მხოლოდ ქასტინგი არა, კონკურსები გაიმართა ამ ქვეყნებში. მე მხოლოდ ვიდეორგოლი მომთხოვეს. აინტერესებდათ, როგორ გამოვიყურებოდი მაკიაჟის გარეშე, საცურაო კოსტიუმში. ეს იყო და ეს. თავიდან კონტრაქტს არ ვაწერდი ხელს, მერე როლში შევედი და ვიფიქრე, რატომაც არა.
– როგორ ემზადები?
– განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ. არ მაქვს წონის პრობლემა, იდეალური სტანდარტები მაქვს. უფრო კოსტიუმებზე ვმუშაობ და ფსიქოლოგიურად ვემზადები. ძილის გრაფიკის მოწესრიგება მჭირდება მხოლოდ. ღამით გვიანობამდე არ ვიძინებ და ესაა ჩემი პრობლემა. იქ სხვა რეჟიმზე გადაწყობა მომიწევს.
– რას ჰპირდები შენს გულშემატკივარს?
– ეს არ არის ჭიდაობა, ეს სილამაზის კონკურსია. შესაბამისად, დაპირებებს ვერ ვიძლევი. საუკეთესომ უნდა გაიმარჯვოს. ჟიური საერთაშორისოა. ასე რომ, ყველაფერი მათზეა დამოკიდებული.
პრაიმ ტაიმი