“პრეზიდენტად გახდომის შემთხვევაში ზურაბიშვილი ივანიშვილს ევროპიდან დაუწყებს ბრძოლას”

"პრეზიდენტად გახდომის შემთხვევაში ზურაბიშვილი ივანიშვილს ევროპიდან დაუწყებს ბრძოლას"რას დაემსგავსა მმართველი გუნდი, რა საფრთხეში ჩაიგდო თავი ივანიშვილმა, რატომ მოიგებს საპრეზიდენტო არჩევნებს “ოცნება”, სად მოიყარეს თავი დენიკინის დროინდელმა პოლიტიკურმა მეძავებმა? – ამ თემებზე “ახალ თაობას” ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.
– თქვენ ჯერ კიდევ გასულ წელს უწოდეთ მმართველ გუნდს “კარტელური ოცნება” და ამბობდით, მათი წყალობით ქვეყანაში კორუფცია მომძლავრდაო. იცოდით, რომ ისეთი რამეები ხდებოდა, რაზეც ამ დღეებში ბიზნესმენმა ზაზა ოქუაშვილმა ისაუბრა?
– კორუფციაში რომ იყვნენ ჩართულები, როგორ არ ვიცოდი, მაგრამ თუ ასე აიღებდნენ თავზე ხელს, ნამდვილად არ მეგონა. ისინი რომ ასეთი თავზეხელაღებულები არიან, ეს პირველ რიგში საზოგადოების ბრალია – აბედინებენ და ისინიც ბედავენ.
მმართველი პარტია აღარ არის “კარტელური ოცნება”. მათ ვეღარც კოზანოსტრას და კამორას ვუწოდებდი, ესენი გადაიქცნენ ნდრანგეტად. ნდრანგეტა გახლავთ კრიმინალური დაჯგუფება, რომელსაც ყველგან აქვს თავისი საცეცები და პოლიტიკაშიც ერევა.
ამ ყველაფერის რომ ვუყურებ, უკვე ვხვდები, თუ რატომ არ იქნა გამოძიებული ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობა, რომელიც თვითმკვლელობად მოინათლა. ეჭვები ჩნდება, რატომ დაიღუპა გულის შეტევით მილიარდერი ბადრი პატარკაციშვილი, რომელსაც სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე გული სრულიად ჯანმრთელი ჰქონდა. ბევრი კითხვა ჩნდება, თუ რატომ არ მიიყვანეს ბოლომდე ზურაბ ჟვანიას საქმე.
ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დაგროვდა, რაც გვაფიქრებინებს, რომ საქართველოს წინააღმდეგ სპეცგეგმა მომზადდა და ეს გეგმა, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით ხორციელდება. ვიღაცებს ძალიან უნდათ, რომ საქართველო აღარ იყოს სახელმწიფო და ის გახდეს მხოლოდ ტერიტორია. ამას ქოცბანდა უწყობს ხელს.
პირველ ოქტომბერს მათი ყელყელაობის ექვსი წლისთავი იყო, მაგრამ მარტო ამ ექვს წელზე ნუ ვილაპარაკებთ. ბიძინა ივანიშვილი ბევრად მეტი ხანია, რაც პოლიტიკაში არის. ის მშვენივრად თანამშრომლობდა ნაციონალებთან.
– ამის თქმის გამო მართლმორწმუნე ქოცები ჩაგქოლავენ.
– ნაციონალებთან რომ თანამშრომლობდა, ამას თავად ივანიშვილი არ უარყოფს. გაგახსენებთ, რა ეპითეტებით ამკობდა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს. პირწავარდნილ მტარვალ ადეიშვილს უპატიოსნესი ადამიანი უწოდა, სისხლიან მერაბიშვილს კი კარგ მენეჯერად მოიხსენიებს. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ მასთან სახლში ხშირად მიდიოდა სტუმრად სააკაშვილი.
მან ამ წლების მანძილზე ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ “ქართული ნდრანგეტას” ყელყელაობის 6 წლისთავზე საკუთარ თავს საერთოდ ხარაკირი გაუკეთა, როდესაც სალომე ზურაბიშვილი თამარ დედოფალს შეადარა.
ამ ქალმა მთელი “ოცნება” და უპირველეს ყოვლისა ბიძინა ივანიშვილი ისეთ პოლიტიკურ ორმოში ჩაითრია, საიდანაც ვერ ამოვლენ. თამარ დედოფლად გამოცხადების შემდეგ, პირველი ტყუილი უკვე ათქმევინა ივანიშვილს, ვითომ რუსული ჯარები მან გაიყვანა.
ამ ტყუილს მოჰყვება კანაფის პლანტაციების გაშენება, ხელი თუ არ შევუშალეთ, ამას აუცილებლად გააკეთებენ.
– ხელის შეშლა ალბათ ძალიან ძნელი იქნება, პარლამენტის სპიკერმა გვითხრა, რომ კანაფის კულტივაცია-რეალიზაციის კანონი უკან არ იქნება გახმობილი.
– როგორ მინდა რაღაცები ვთქვა ამ ახალგაზრდაზე. მამამისს მაინც არ ვიცნობდე, თორემ ამ კულულებიან ორფეოსზე ისეთ რამეებს ვიტყოდი, გარეთ თავს ვერ გამოყოფდა.
– ორფეოსს რატომ შეადარეთ?
– ერთ-ერთ გადაცემაში გიტარით ხელში გამოგვეცხადა. გიტარა კი არ უნდა ეჭიროს, საქმეს უნდა აკეთებდეს.
ისევ პირველ ოქტომბერს დავუბრუნდები და ვიტყვი, რომ ეს იყო პანაშვიდი. არ თქვან, გამარჯვებას აღვნიშნავდითო. ასეთი საპანაშვიდე სახეებით გამარჯვებას არავინ აღნიშნავს. იმასაც კი ვერ ხვდებიან, რომ მატყუარა მატრონა სალომე ზურაბიშვილს პოლიტიკურ საფლავში მიყვებიან.
სხვა მიმართულებით გზა ისედაც არ აქვთ, ხალხს იმდენი რამე მოატყუეს. სამართლიანობის აღდგენის და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პირობა დადეს და უარესი გააკეთეს.
დამნაშავეების დასჯის ნაცვლად, მათთან კოაბიტირება ამჯობინეს. მოსახლეობას კორუფციის დამარცხებას დაპირდნენ და უფრო მეტ კორუფციაში ჩაფლეს ქვეყანა. თქვეს, ბიზნესის რეკეტი აღარ იქნებაო და პირველი ყაჩაღები თავად გახდნენ.
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით დაგვპირდნენ ნაბიჯების გადადგმას და მათი მოსვლის შემდეგ, კიდევ უფრო შემცირდა საქართველოს ტერიტორია. თქვეს, სახალხო ხელისუფლება ვიქნებით, ეროვნულ ტრადიციებს გავაღრმავებთო და რა გააკეთეს? მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ანტიდისკრიმინაციული კანონი და პლანის ლეგალიზაცია მიიღეს.
რეალობაში ესენი მართლა ქოცბანდა არიან და მათ სიმდიდრის მოხვეჭა აერთიანებთ. ამიტომ პოლიტიკურად მათი დანდობა არ შეიძლება.
წინა ინტერვიუში გითხარით, რომ ესენი საზოგადოების ყურადღებას მოადუნებენ და მერე ისევ დაიწყებენ კანაფის პლანტაციების გაშენებაზე მუშაობას. ასეც მოხდა, ხალხმა ორთქლი გამოუშვა, ესენი კი საქმეს შეუდგნენ.
– რას გულისხმობთ?
– პატრიარქმა ამ საკითხზე მკვეთრად უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა. ეს რომ მოისმინეს, თავიდან გულები დაუსკდათ. მერე ემისრების გაგზავნა დაიწყეს საპატრიარქოში, შედეგმაც არ დააყოვნა. ერთმა მეუფემ თქვა, სალომეს კანაფის დედოფალი ხუმრობით ვუწოდეო. საპატრიარქო ნელ-ნელა არბილებს დამოკიდებულებას, მაგრამ “ოცნებას” მაინც არ გაუვათ.
თავად ივანიშვილი ისეთ მძიმე და ბინძურ თამაშში ჩაითრია სალომემ, იქედან ვერ ამოვლენ. თქვენი გაზეთის მეშვეობით მინდა მივმართო მილიარდერს. ჩემი სიტყვები დაიმახსოვრე, ბიძინა, მგელი ტოტიასავით გაიწირები. როგორც კი შენი მილიარდებით სალომე მატყუარა პრეზიდენტად დაინიშნება, ერთ კვირაში განგიდგება.
ამ ქალმა თუ დაინახა, რომ საზოგადოება ივანიშვილის წინააღმდეგ განეწყო, როგორც სააკაშვილს დაუპირისპირდა ჟანა დარკივით, ასევე გაუკეთებს “ოცნების” ლიდერსაც.
ივანიშვილს მარგველაშვილიც განუდგა, მაგრამ მათ შორის დიდი განსხვავებაა – ეს ქალი ყველაფერს იკადრებს.
– რა შეიძლება იკადროს?
– წავა ევროპაში, პრეზიდენტის ფონდის წყალობით, ფული არ გამოელევა, იქ ჩაჯდება და იქედან დაუწყებს ბიძინას ბრძოლას. ბიძინა კი მისივე ძალისხმევით და ფულებით დანიშნულ პრეზიდენტს თითსაც ვერ დააკარებს.
მივმართავ ისევ ბიძინას, ვერც კი ხვდები, სად შეტოპე, მაგრამ ერთმანეთს გადაკიდებიხართ, ეგ არ მაინტერესებს. მხოლოდ ქვეყნის გამო ვნერვიულობ. ქვეყნის, სადაც ჯერ კიდევ არიან დენიკინის დროინდელი პოლიტიკური მეძავის ფსიქიკის ადამიანები. ისინი იმაზე ფიქრობენ, სალომე პრეზიდენტი რომ გახდება, როგორ მოაწყონ მათი ტკბილი ცხოვრება.
ბიძინა ივანიშვილი ხურჯინის პრინციპით მუშაობს – ერთ მხარეს ნაცმოძრაობა, თავის ერთკაციანი პარტიებით ჩადო, მეორე მხარეს – “ოცნება”. გადაჰკიდა ეს ხურჯინი ვირზე და სიტუაციას ამ მეთოდით აბალანსებს. ასე დიდხანს არ გაგრძელდება – ან ერთი გადაიყოლებს, ან მეორე. ასპარეზზე კი ჯანსაღი ძალა გამოჩნდება.
– ჯანსაღი ძალა გამოჩნდება თუ ნაციონალები დაბრუნდებიან? ბევრი უკვე ღიად იძახის, ქოცებს ისევ მიშა ჯობდაო.
– “ოცნების” მამამარჩენალმა ერთადერთი, რაც გააკეთა, ის იყო, რომ ხალხს არჩევანის გაკეთების საშუალება არ დაუტოვა – როგორც თავად თქვა, შუა გაკრიფა. “ოცნების” საპირწონედ ხალხს გრიგოლ ვაშაძეს აჩეჩებს. წარმოიდგინეთ ახლა, მმართველი პარტიის მთავარი კონკურტი კანდიდატი არანაციონალი რომ იყოს. ხალხი იხუვლებდა და ნეიტრალურებიც მას მისცემდნენ ხმას. ნაციონალების მიმართ ისეთი ზიზღი აქვთ, რომ ვაშაძისთვის ხალხს ხმის მიცემა გაუჭირდება.
საზოგადოების ნაწილი ისეა გამწარებული, რომ შეიძლება ნაცებსაც კი მისცეს ხმა. ბოლო დღეებში გამოქვეყნებულმა ჩანაწერებმა სულ გადარია ხალხი. ეს არის პირდაპირ ბანდიტიზმი.
– “ოცნებას” და მის მხარდამჭერებს ამ ჩანაწერების არ სჯერათ.
– ახლა არ სჯერათ ჩანაწერების? ციხეში წამების კადრებით და ჩანაწერებით არ მოვიდნენ თავად ხელისუფლებაში?! მივმართავ ამ უცხვირპიროებს, როცა გინდათ ჩანაწერების დაიჯეროთ, მაშინ ქალი ორსულად არის და როცა არ გინდათ – ბერწია? რად უნდა ამ თემას ამდენი ტატყანი, ჩაატარეთ ჩანაწერების ავთენტურობაზე ექსპერტიზა. ძალიან მალე გაირკვევა, სიმართლეა თუ ტყუილი. ჩანაწერების ავთენტურობის დადგენის პროცედურას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება.
იმაზე კი არ წუხდებიან, ეს რა უბედურება ტრიალებს ქვეყანაში, იმაზე აქვთ პრეტენზიები, რატომ ჩაგვწერა იმ კაცმაო. საინტერესოა ისიც, თუ რა დროს გაკეთდა ეს ჩანაწერები. როცა ეს ამბები ხდებოდა, ივანიშვილი თანამდებობრივად აღარაფერი იყო, მას პარტიის ლიდერის პოსტიც კი არ ეკავა. სახლში იჯდა და გაიძახოდა, მე მარტო დრუიდულ ფილოსოფიას მივსდევო.
კი მაგრამ, რა უნდოდა დღევანდელ შს მინისტრ გახარიას მის სახლში? ფილოსოფია მეც მაინტერესებს და ჩემთან რატომ არ იჯდა სახლში გახარია? გახარია და სხვებიც იმიტომ ისხდნენ ივანიშვილთან, რომ ყველაფერში ეს ადამიანია ჩართული. ამასთან დაკავშირებით კითხვა არავის გაუჩნდა.
ყველაფერი რომ უარყონ, თიბისი ბანკში გაფორმებულ ხელშეკრულებას რას უზამენ. ეს ბანკი ლონდონის ბირჟაზეა გასული და ამ ამბის გამო, შესაძლოა, შავ სიაში შეიყვანონ. როგორც კი სასამართლო გადაწყვეტილება დადგება, ჩათვალეთ, რომ ბანკს ბირჟიდან გამოაგდებენ.
მე ჰაერზე არ ვისვრი სიტყვებს. შემთხვევით არც კოზა ნოსტრა მიხსენებია, არც ნდრანგეტა და არც – კამორა. ეს სამი მაფიოზური კლანია ყველაზე მაგარი მსოფლიოში საბანკო საქმეებში ჩარევით.
ივანიშვილი ხშირად გვესაუბრება ნიცშეზე, მე არ ვიცი, რა წაუკითხეს ან რა წაიკითხა მის ნაშრომებში ასეთი, მაგრამ ნიცშეს არსად უწერია, პირწავარდნილი მატყუარა დაასახელე პრეზიდენტობის კანდიდატადო. ამ ქალმა ისეთ ჭაობში ჩაითრია ივანიშვილი, რომ დაიღუპება.
– თქვენ რამდენჯერმე თქვით უკვე, რომ ივანიშვილი ზურაბიშვილმა ჭაობში ჩაითრია. ამბობთ, რომ სიტყვებს ჰაერზე არ ამბობთ. რამე იცით ივანიშვილის მომავალზე?
– მე ის ვიცი, რა ელოდება ივანიშვილს, მას შემდეგ, რაც სალომეს პრეზიდენტად გაიყვანს. ეს ქალი ძალიან მალე დაუწყებს მას ბრძოლას. გაითვალისწინეთ, ბრძოლას ევროპიდან დაუწყებს. და რადგანაც მას პრეზიდენტი ერქმევა, მის სიტყვას დიდი წონა ექნება. ივანიშვილმა კი ამ ბრძოლის შედეგად, შესაძლოა, თავისი ქონების დიდი ნაწილი დაკარგოს.
ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამართული ვაჭრობის დროსაც კარგავს ხოლმე ფულს, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც თამარ დედოფლად მონათლული სალომეს გაპრეზიდენტების შემდეგ დაკარგავს.
– სალომეს გაპრეზიდენტება რამდენჯერმე ახსენეთ და დარწმუნებული ხართ, რომ ის გაიმარჯვებს?
– გამარჯვებით ვერ გაიმარჯვებს, მაგრამ ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ქალი გააძვრინოს. და ეგ ქალი იქნება, მას ქონებას რომ დააკარგვინებს. არ იქნებოდა ცუდი, ნიცშეს ნაცვლად, ბიძინა საქართველოს უახლეს ისტორიას თუ წაიკითხავდა.
ივანიშვილის ქონება ნაკლებად მადარდებს, მაგრამ გაპრეზიდენტებული სალომე ისეთ სისულელეებს ჩაიდენს, ქვეყანას დაღუპავს. ისეთი მატყუარაა, შეიძლება ისიც თქვას, ეიფელის კოშკი ჩემმა წინაპრებმა ააშენესო.
– ეგ როგორ უნდა დაიბრალოს?
– სადაც რუსული ჯარების გაყვანას იბრალებს, ამას რატომ ვერ დაიბრალებს. აშშ-ს პრეზიდენტი კლინტონი რუს კოლეგასთან ლამის ხელჩართულ ბრძოლაში ჩაერთო, რომ მოსკოვს საქართველოდან ჯარების გაყვანის შეთანხმებაზე ხელი მოეწერა და ეს ქალი თავის თავზე იბრალებს ამას.
პრეზიდენტი არ გამხდარა და უკვე ბრძოლა დაუწყო ეკლესიას. გამოვიდა და სასულიერო პირებს აზრის გამოხატვას უკრძალავს. მან საქართველოს ისტორია არ იცის, მაგრამ მინდა გავახსენო მარაბდის ბრძოლა. რომელიც 1625 წელს გაიმართა და ამ ბრძოლაში სხვებთან ერთად გიორგი სააკაძეც მონაწილეობდა.
ამ ბრძოლაშო ცხრა ძმა ხერხეულიძე, ცხრა ძმა მაჩაბელი და შვიდი ძმა ჩოლოყაშვილი დაიღუპნენ. ამავე ბრძოლაში დაიღუპნენ რუსთაველი და ხატაშნელი ეპისკოპოსები. ისინი თავიანთ მრევლთან ერთად იბრძოდნენ. ის იყო ომი და მტრის წინააღმდეგ სანთლით ხელში ვერ დადგებოდნენ.
მინდა ქალბატონ სალომეს გრიგოლ ხანძთელის ციტატაც გავახსენო, რომლითაც მან აშოტ კურაპალატს მიმართა – ჩვენთან არს სულიერი კეთილი, თქვენთან არს ხორციელი კეთილი და ასე შევაზავოთ ურთიერთს. ეს არის ერის და ბერის ფორმულა, რასაც ეს მატრონა ვერასდროს გაიგებს.
მივმართავ საპატრიარქოს, არ დაუჯერონ ამ ქალს და არ მოადუნონ პოზიციები, კანაფის პლანტაციების გაშენებაზე არანაირი ფორმით არ უნდა იყოს თანხმობა.
– არის იმის ალბათობა, რომ საპატრიარქო დაითანხმონ?
– საპატრიარქომ, როგორც უკვე გითხარით შეარბილა პოზიცია. ერთმა მეუფემ ივანიშვილის მიერ თამარ მეფედ მონათლულ კანაფის დედოფალი უწოდა, მაგრამ ახლა ამბობს, რომ იხუმრა და სიცრუის დედოფალს კანაფის დედოფალი ხუმრობით უწოდა.
– მოკლედ, ყველანი დედოფლად აღიარებთ სალომე ზურაბიშვილს, თქვენც, ბიძინაც და მეუფე იაკობიც.
– მეუფემ თავისი სიტყვები სალომეს დედოფლობაზე უკან წაიღო, მე ბოლომდე ვიტყვი, რომ ეგ ქალი სიცრუის პრინცესაა. ივანიშვილი კი თავის სიტყვებს ძალიან ინანებს.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა