ალეკო ელისაშვილი – “ახლა ვნანობ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში არ ვმონაწილეობდი”

ალეკო ელისაშვილი - "ახლა ვნანობ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში არ ვმონაწილეობდი"“ახალი თაობის” კითხვებს ალეკო ელისაშვილი პასუხობს.
– ალეკო, ხელისუფლება უარყოფს იმ გაყალბების სქემას, რომელზეც ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ. თეა წულუკიანი აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები შეცდომაში ნაციონალურმა მოძრაობამ შეიყვანა. რა ხდება რეალურად, ამუშავებს ხელისუფლება გაყალბების სქემას?
– დარწმუნებული ვარ, ამუშავებს და ამაში ყველანაირი რესურსი ჩართული აქვს. თუნდაც ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით ძალიან სანდო ორგანიზაციები ლაპარაკობენ და აკეთებენ განცხადებას და მე მჯერა მათი.
თანაც ნაცნობი სიტუაციაა – პროკურატურა, რომლის ფუნქციაც არის ის, რომ დანაშაულის შეტყობინების შემდეგ მტკიცებულებები უნდა მოიპოვოს, გამოდის და მტკიცებულებების მოპოვების ტვირთს კიდებს არასამთავრობო ორგანიზაციებს. იუსტიციის მინისტრი კიდევ გამოდის და უკვე მზამზარეულ ვერდიქტებზე გველაპარაკება, რომ თურმე ტყუილია ეს ყველაფერი და არ არსებობდა, როცა გამოძიება სულ რაღაც ერთი დღეა, დაიწყო.
– წულუკიანმა განაცხადა, რომ ეს იყო ნაციონალური მოძრაობის სქემა, რომელსაც არასამთავრობოები წამოეგნენ.
– რაც უნდა იყოს, არავის უნდა ადანაშაულებდეს წულუკიანი, ასე არ უნდა იქცეოდეს მინისტრი. ერთ და ორი დღე ეყოფა ასეთი საქმის გამოძიებას? უამრავი ადამიანია ჩამოთვლილი, ვინც არის დასაკითხი, ვინც მონაწილეობდა ამ სქემაში. ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ ხელისუფლება დიახაც ყველა მექანიზმს, ყველა საშუალებას იყენებს არჩევნების გაყალბებისთვის.
– ოპონენტებისგან კეთდება შეფასებები, ხელისუფლება აგონიაშია და შეცდომას შეცდომაზე უშვებსო. ასეა?
– აგონია არის თუ არა, არ ვიცი, მაგრამ აქ მარტო ხელისუფლებაში არ არის საქმე. როგორც ძალიან ბევრ ნორმალურ ადამიანს, მეც ზუსტად იგივე განწყობა მაქვს. ძალიან ბევრს გული ერევა იმაზე, რასაც უყურებს. ძალიან ჭუჭყიანი და ბინძური კამპანიაა ორივე მხრიდან. არც ნაციონალური მოძრაობა აკლებს და “ქართული ოცნებაც” საშინელებებს სჩადის.
– ამ დროს ხომ ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ამომრჩეველი, როგორ გააკეთოს არჩევანი?
– ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. მე თვითონაც არ ვიცი, რა ვქნა. არწასვლა უბრალოდ ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგება. არჩევნებზე არწამსვლელი ხალხი ყველაზე უფრო უპასუხისმგებლო ადამიანებად მიმაჩნია ამ ქვეყანაში. სხვისი რაც არ მომწონს, მე როგორ გავაკეთო?!
– ანუ ერთ-ერთს უნდა მისცეთ ხმა.
– იცით, როგორ არის? იდეაში, თეორიული დაშვებით, ვემხრობი, რომ ოპოზიციის იყოს თუნდაც ეს პატარა მცირე ბერკეტი. პრეზიდენტის თანამდებობა არ არის იმხელა კომპეტენციის, ძალიან შეკვეცილია უფლებამოსილებები, მაგრამ რომ მახსენდება, ეს ოპოზიცია რომელი ოპოზიციაა და როგორ წარმართავს თუნდაც ამ წინასაარჩევნო კამპანიას, ყველანაირი სურვილი მიქრება.
სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემა ისედაც აპრიორი გამორიცხული მაქვს.
აი, ასე ვარ გაჭედილი. ბოლო გადაწყვეტილებას ალბათ მივიღებ თვითონ კაბინაში. ორივე მხარე იმდენად ბინძურად იბრძვის და იმდენ საზიზღრობებს აკეთებს, რომ მეტი არ შეიძლება.
– ივანიშვილმა სერიოზულად გააკრიტიკა საკუთარი გუნდი, აღარ მოხდება ერთგულების ნიშნით დაწინაურებაო. ცუდათ იქცეოდა უმრავლესობაო. აქამდე სად იყო, არ იცოდა, რა ხდებოდა ქვეყანაში?
– ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკურად და მორალურად გაკოტრებული ადამიანი. ის ვერანაირ პროცესს ვერ შემოატრიალებს ამ ქვეყნის სასარგებლოდ. გამორიცხულია. ეს არის ზღაპრები, რომ იმას, რაც 6 წლის განმავლობაში მიუშვა და ჩააფლავა, 1 წელში გამოასწორებს. ეს არის გამორიცხული!
“ქართული ოცნება” არის სრულიად ჩიხში შესული და ისეთივე მდგომარეობაშია, როგორშიც თავი შეიყვანა სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ 2011-2012 წლებში.
დღეს ჩემთვის “ქართული ოცნება” არის დასრულებული, უბრალოდ, დროის ამბავია, როდის, როგორ და რა ვითარებაში და რამდენად რთული ჯანჯღარით გაუშვებს ქვეყანა “ქართულ ოცნებას” ხელისუფლებიდან.
– არ გაქვთ იმედი, რომ რაიმეს შეცვლიან?
– არანაირი პოზიტივი აღარ მოდის მათგან, ეს არის ძალა, რომელმაც თავი მთლიანად ამოწურა და დანაშაულში არის გაჩხერილი.
ამდენად, “ქართული ოცნება” არის გასაშვები და ხელისუფლებაში ერთმნიშვნელოვნად არ არის მოსაშვები მიხეილ სააკაშვილი! ეს არის ქვეყნის გადარჩენის და განვითარების შანსი.
– მუქარები ისმის სააკაშვილის მხრიდან, რომ ახალ წლამდე შეცვლის ამ ხელისუფლებას. რევოლუციური სცენარისთვის ემზადება ნაციონალური მოძრაობაო. რამდენად არის მზად ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთი რევოლუციისთვის თუ გადატრიალებისთვის?
– აი, ეს არის, რომ “ქართულ ოცნებაზე” არანაკლებ გულისამრევია თავად ნაციონალური მოძრაობა და მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამბობს, რომ ქვეყნის წარმატება უნდა და მერე რომ იგრძნო კონკურენტის სისუსტე, დაიწყო – ჩამოვალ, წავართმევ, მოვატანინებ და ასე შემდეგ.
ამ დროს კი ქვეყანა არის გაჭედილი, ქვეყანა არის ჭაობში და ხალხს უნდა არა სააკაშვილის მიერ ვიღაცის დამარცხების ყურება, არამედ უნდა წინსვლა ელემენტარული. უნდა, რომ პრობლემები გეგმაზომიერად და თანმიმდევრულად მოგვარდეს და ეს ქვეყანა წავიდეს წინ.
– ხედავთ ამის გზებს უახლოეს მომავალში?
– ყველა კარგად ვხედავთ, რომ ამ ქვეყნიდან დიდს თუ პატარას, ყველას გაქცევა უნდა. ხალხის პრობლემების არავის არ ესმის. ეს არის ორი გაჯიქებული ყოჩი ერთმანეთს დატაკებული, რომლებიც თვითონაც უფსკრულში ვარდებიან და ამ ქვეყანასაც მიათრევენ.
ჩვენ ყველამ ძალა უნდა მოვიკრიბოთ, რომ ორპოლუსიანი პოლიტიკური ველი აღარ არსებობდეს საქართველოში. აუცილებლად უნდა გაჩნდეს ალტერნატივები, რომლებიც იმუშავებენ ხალხის პრობლემების მოგვარებაზე.
სააკაშვილი და ივანიშვილი ისე არიან გართული ერთმანეთისთვის ანგარიშის გასწორებით, რომ არც ერთს უნდა ამ ქვეყნის წინსვლა და მეორეს კიდევ ერთადერთი, რაც ადარდებს, არის ის, რომ დაბრუნდეს ძველ სავარძელში და დალეწოს ძვლებში, ვინც აქამდე ხელს უშლიდა. ეს კი ამ ქვეყანას არ ჭირდება, ყელში აქვს ამოსული!
– ამ არჩევნებში ერთი მხარე გაიმარჯვებს თუ მეორე, დაძაბულობა მაინც იქნება. რას ელოდებით თქვენ?
– სულ გაფაციცებული ვარ და მე ერთ კაცს რაც შემეძლება, ვეცდები, რომ განსაკუთრებულად მძიმე შედეგები არ მოჰყვეს ამ არჩევნების შედეგს. ვნახოთ, მე ძალიან შეკუმშული გულით ვუყურებ ამ ყველაფერს და ვფიქრობ, რა შეიძლება გავაკეთო.
– და რა შეიძლება, რომ ამ დროს გააკეთოთ?
– პირველ რიგში უნდა გავაკეთოთ ის, რომ ორპოლუსიანი არ იყოს ქართული პოლიტიკური სივრცე და გამოჩნდეს ალტერნატიული პოლიტიკური ძალები, რომ მარტო ამ ორი ძალის ერთმანეთთან დაპირისპირებას არ უყურებდეს მთელი ქვეყანა და არ იგლიჯებოდეს ეს ქვეყანა მარტო ამ ორი ძალის ძალისხმევით.
– ისე აქვთ ჩაკეტილი პოლიტიკური ველი, რომ ეს შეუძლებელია.
– არაფერიც არ აქვთ ჩაკეტილი, თუ მოვინდომებთ, ძალიან კარგადაც გავხსნით! როცა ვიყავი კანდიდატი, თბილისში მეორე ადგილზე გავედი. სიმართლე გითხრათ ვნანობ, რომ საპრეზიდენტო კამპანიაში არ ვმონაწილეობდი, თორემ იგივეს დავადასტურებდი ახლაც, მაგრამ ყველაფერი წინაა, სხვა არჩევნებიც მოდის. რიგგარეშე, ან სტანდარტული და ვნახოთ.
აი, ამისთვის კი ძალა უნდა მოვიკრიბოთ ყველამ!
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა