მცირე პაუზის შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საზოგადოების წინაშე კიდევ ერთხელ წარსდგა. სამშაბათს, 20 ნოემბერს არჩევნებისა და არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
ივანიშვილის გზავნილებისა და განცხადებების შესახებ „ახალ თაობასთან“ რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი საუბრობს.
_ ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა არასტაბილურობაზე და ა. შ. მეორე მხრივ კი თქვა, რომ სურს კონსტრუქციულ ოპოზიციასთან ოპონირების რეჟიმში ყოფნა. რამდენად დამაჯერებლად მოგეჩვენათ იმ ფონზე, როცა რამდენიმე წლის წინ შუას გაკრეფვაზე საუბრობდა?
_ მე ვიყავი და ვარ კონსტრუქციულ პარტიაში. როგორც ხედავთ, შუა ვერ გაგვკრიფა, ვერც პოლიტიკაში და ვერც საზოგადოებაში, მაგრამ მაგრად დაგვასუსტა, ქვეყანა დააზიანა და დაამუხრუჭა. პროგრესს ვერავინ ერევა, რამდენი მილიარდიც უნდა ჰქონდეს.
_ რა გზავნილები დაინახეთ მის ინტერვიუში?
_ არ იყო საინტერესო, არაფერი სიახლე არ იყო. ივანიშვილი გაჯიუტებულია თავის შეცდომაში. მას მიაჩნია, რომ მისი ბრალი არაფერია და უბრალოდ მენეჯმენტი უნდა შეცვალოს, შეცვალოს ადამიანები. ახლა გვითხრა, რომ 1 წელიწადში მართლა გააკვირვებს ევროპას დემოკრატიის ხარისხით. მცდარი აკვიატება აქვს, რომ გაჭირვებულ ქვეყანაში დემოკრატია თითქმის შეუძლებელია და ახერხებს, რომ ასეთი დაბალი ეკონომიკური მაჩვენებლების ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური სტანდარტები შეინარჩუნოს.
მას რა ჰგონია, ბალტიისპირეთის ქვეყნები საქართველოზე მდიდრები იყვნენ საბჭოთა კავშირის მერე? თუ ომგამოვლილი ხორვატია იყო დალხინებული 90-იანი წლების შუა ხანებში? სისულელეა მისი ეს თეზისი. სწორედ დემოკრატიას მიჰყავს ეკონომიკა წინ ევროპულ სამყაროში და ჩვენ ამ ევროპული სამყაროს ნაწილი ვართ. უბრალოდ, მან რაღაცები არ იცის.
როდესაც ადამიანი ამბობს, რომ არც თამარ მეფე იყო შემთხვევითი და არც სალომეა შემთხვევითი, მისი ეს ღრმად ფილოსოფიური წიაღსვლები მის სრულ უწიგნურებაზე მიანიშნებს. მას ჰგონია, რომ ქალთა უფლებებზე კარგი თქვა. ჩვენ თავის დროზე კარგად ვამეცადინეთ ივანიშვილი, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებაში დაერწმუნებინა „ძველი გვარდია“, ვისაც ახლა დაუძახა.
_ თავად ანტიდისკრიმინაციულ კანონს ემხრობოდა?
_ დიახ. ივანიშვილი კარგად ვამეცადინეთ და იმან მოსთხოვა უმრავლესობას, მხარი დაუჭირეთო. იმათ კიდევ „ფუი ეშმაკს“ ძახილით 111-ით 0-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს ანტიდისკრიმინაციულ კანონს. 10 რესპუბლიკელი ვიყავით და მეორე 10 ძლივს მოიძებნებოდა, ვინც გულწრფელად უჭერდა მხარს. ივანიშვილი დავარწმუნეთ, რომ არავითარი ვიზალიბერალიზაცია არ იქნებოდა ანტიდისკრიმინაციული კანონის გარეშე.
მას ხანდახან გარკვეული მიმართულებებით, ცოდნის გარეშე, სტიქიური ლიბერალიზმის ნიშნები ეტყობოდა და ესეც გამოვიყენეთ მის დასარწმუნებლად. თორემ, მას არ აქვს სისტემური ცოდნა ადამიანის უფლებების მიმართულებით.
ივანიშვილი ნელ-ნელა ეგუება იმას, რომ შეიძლება მოუწიოს პრეზიდენტ გრიგოლ ვაშაძესთან ურთიერთობა. მას და მისიანებს აგიჟებს, რომ შეიძლება მოუხდეს მოწინააღმდეგე ძალის პრეზიდენტთან თანამშრომლობა.
ნახევარი ევროპა ასე ცხოვრობს, მაგრამ მან არ იცის, რა არის ევროპა. კარგია, რომ მან თქვა, რომ შტაბში მითხრეს, არ თქვაო, მაგრამ რომ დავუშვათ, რომ მოიგოს ვაშაძემ, ჩვენ ვადამდელ არჩევნებს არ დავუშვებთო. ეს არის მთავარი, რომ მათვე გაუჭირდებათ პარლამენტში და შესაძლოა ნელ-ნელა მივიდნენ იმ აზრამდე, რომ თუ პროპორციულ სისტემაზე გადავალთ, ვერცერთი პარტია ვერ მიიღებს უმრავლესობას. ხოლო თუ არსებული სისტემა იქნება და 5%-იანი ბარიერი იქნება, მაშინ შესაძლოა, ივანიშვილი თავისსავე ხაფანგში გაებას, როგორც თავის დროზე სააკაშვილი გაება.
თუ ახლა მაჟორიტარები სულ ივანიშვილის არიან, მომავალ პარლამენტში სულ მისი მოწინააღმდეგეები იქნებიან. ამიტომ, შესაძლოა ვადამდელ არჩევნებზე ცოტა უფრო დაფიქრება მოუწიოს.
_ მან ისევ არასტაბილურობაზე გააკეთა აქცენტი. ეს რას ნიშნავს? ისევ საზოგადოების შეშინებას ცდილობს?
_ რა თქმა უნდა. მან იცის ერთადერთი სვლა _ სააკაშვილისგან მტრის ხატის შექმნა. ეს გააკეთა 2016-ში, 2017-ში, ეს დააპირა 2018-შიც. 2016-17 წლებში სააკაშვილი სუსტი იყო და მას სჭირდებოდა სპარინგობა, რომ მეორე პოზიციიდან ესპარინგა, რათა ოპოზიციაში საკუთარი პარტიის ლიდერობა დაედასტურებინა და შეენარჩუნებინა. ეს რინგი სააკაშვილისთვის უფრო სასარგებლო იყო და კარგადაც მიბერტყილი აღმოჩნდა ივანიშვილი.
მან ვერ გათვალა ერთი რამე _ გრიგოლ ვაშაძისთვის ხმის მიმცემთა დიდი ნაწილი სულაც არ არის სააკაშვილის მომხრე. დაახლოებით 40 % სააკაშვილის მომხრე სულაც არ არის, მეტიც ანტიმიშისტია. 1.2 მილიონი ხმა მიიღო 2012 წელს კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“. იმის ნახევარი მიიღო ახლა სალომე ზურაბიშვილმა.
_ თქვენ მხოლოდ ახლა უჭერთ მხარს გრიგოლ ვაშაძეს მხარს თუ სამომავლოდაც ითანამშრომლებთ საპარლამენტო არჩევნებისთვის ან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა თუ იქნება?
_ ჩვენ ამ საპრეზიდენტო არჩევნებში ვუჭერთ მას მხარს. ამჟამად არ მიმდინარეობს არც პირდაპირი, არც მინიშნებითი მსჯელობა სხვა ფორმატში თანამშრომლობაზე. ეს მომავლის საქმეა.
_ ივანიშვილმა დაადასტურა, რომ გუნდში განხეთქილება იყო. 14%-იანი ცდომილება არ უნდა ყოფილიყო და მძიმე საუბრები მქონდაო. ეს „ქართული ოცნების“ დასასრულის დასაწყისზე ხომ არ მიანიშნებს?
_ ივანიშვილი არ იქნება, არ იქნება „ქართული ოცნება“. ისევე როგორც შევარდნაძეს და აბაშიძეს მიყვნენ „მოქალაქეთა კავშირი“ და „აღორძინება“. 14%-იანზე, 7%-იანზე და ა. შ. ცდომილება არ ითქმის. კვლევა 3%-იან ცდომილებაზე მეტს არ უშვებს.
მთავარი და არსებითი ის არის, რომ პრეზიდენტი გახდება ის, ვისაც არა ნაცი და ქოცი ამომრჩეველი დაუჭერს. ამ თვალსაზრისით ვაშაძეს უპირატესობა აქვს. ამ ამომრჩეველს არ აინტერესებს წარსული და რაც უფრო გაუხსენებენ ერთი ან მეორე მხრიდან 9 წელს, ეს არ არის პოზიტიური. „ფული მოვატანინე“ და ა. შ. არ არის ამ ტიპის ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვანი.
_ ახსენეთ „ფული მოვატანინე“, ეს ხომ არ აზარალებს კანდიდატს?
_ ამიტომ ვამბობს, რომ ნაციონალების ამომრჩეველს, ვისაც მიშა ძალიან მოწონს და ვისაც ესიამოვნა, ფული მოვატანინეო, ეს მათთვის არის განსაზღვრული, ხოლო ის ამომრჩეველი, ვინც ოქროს ხმებია ამ პროცესში და ვინც დაახლოებით 10-12 %-ია ამ საარჩევნო სივრცის, ვინც არ მისცა ხმა არც ხელისუფლების და არც წამყვანი ოპოზიციური კანდიდატის, ეს ამომრჩეველი არ ოპერირებს ამ ტერმინებით, არ სიამოვნებს ამის მოსმენა.
ამიტომ, სწორედ ამ ამომრჩეველზეა სამუშაო.
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა