საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. შავ სიაში მოხვედრილ 600.000-ზე მეტ მოქალაქეს დავალიანება გაუნულდება. აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ არჩევნებამდე 9 დღით ადრე გააკეთა.
არის თუ არა ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნები და პოპულიზმი წინასაარჩევნოდ? _ ამ თემაზე „ახალი თაობა“ პოლიტოლოგ გია ნოდიას ესაუბრა.
_ პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა იდეა, რომ ვინც ე. წ. შავ სიაში არიან, მათ ჭარბვალიანობა ჩამოეწერებათ. პოლიტიკურ კონტექსტში რომ შევხედოთ, როცა წინასაარჩევნოდ ხდება, ხომ არ არის ეს ამომრჩევლის მოსყიდვა და პოპულიზმი?
_ ცხადია, ეს ამომრჩევლის პირდაპირი მოსყიდვაა.
_ რა პასუხი უნდა იყოს შესაბამისი სამსახურების მხრიდან?
_ მათ უნდა თქვან, რომ ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა. იურიდიულად როგორ უნდა გაფორმდეს ეს ყველაფერი, არ ვიცი, მაგრამ პოლიტიკურად ასეთი კვალიფიკაცია რომ უნდა მიეცეს, ცხადია.
_ თქვენი შეფასებით, მხოლოდ მოსყიდვაა თუ პოპულიზმიც?
_ ცხადია, პოპულიზმიც არის, მაგრამ შეიძლება სუფთა პოპულიზმი იყოს ოპოზიციის მხრიდან. მაგრამ, როცა სახელმწიფოზეა საუბარი, ეს არის პოპულიზმი და ამას დამატებული ამომრჩევლის მოსყიდვა.
_ მხოლოდ ამ შემთხვევაშია ამომრჩევლის მოსყიდვა თუ იგივე ნიშნებია, რა განცხადებაც გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა, რომ დოლარში აღებულ სესხებს 1.65-დ დაურეგისტრირებენ. ეს რას ნიშნავს?
_ ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი ხომ საკუთარი ჯიბიდან არ იხდის. ეს არის პოპულიზმი და გათვლილი არაგათვითცნობიერებულ და გაუნათლებელ ხალხზე. მოსყიდვა არ არის, იმიტომ, რომ ისევ ხალხს ახდევინებს სახელმწიფო, თუ სახელმწიფო იღებს ამ ვალდებულებას. საზოგადოების ერთი ნაწილი უხდის ფულს საზოგადოების მეორე ნაწილს. ანუ პოპულიზმია, მაგრამ მოსყიდვა არ არის.
_ როდესაც პოლიტიკოსი, მით უმეტეს, სახელმწიფო მოხელე აკეთებს ასეთ განცხადებას, ეს ხომ არ არის სახიფათო გზავნილი სესხების პატიოსანი გადამხდელებისთვის?
_ რა თქმა უნდა. ცხადია, ეს ასეა ორივე შემთხვევაში. ოპოზიციიდან მოდის თუ ხელისუფლებიდან, ორივე შემთხვევაში ეს ეფექტი ექნება. ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ფულით იხდის თუ პატიოსან გადამხდელებს ახდევინებს, ეს არის უპასუხისმგებლობის წახალისება.
მე თუ ვიხდი სესხს, ბუნებრივია, შეიძლება ვიფიქრო, რომ რატომ ვიხდი, თუ სახელმწიფო ჩამომაწერს იმ დროს, თუ არ გადავიხდი.
ამ ლოგიკას თუ გავყვებით, ცხადია, ვინც იხდის სესხებს, ის სულელი გამოდის.
_ პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებმა რა პასუხი უნდა გასცენ ამას არჩევნებზე?
_ უნდა თქვან, რომ მოსყიდვაზე არ მიდიან. თუმცა, ეს არ არის ერთადერთი მოტივი, რითაც ისინი მისცემენ ხმას თუ არ მისცემენ ხმას ამ ორი კანდიდატიდან. მაგრა, მძიმე დღეში არიან იმიტომ, რომ ორივე პოპულისტი კანდიდატია. მათგან ერთ-ერთს კი იმდენი ფული აქვს, ამავე დროს, რომ შეუძლია, მოისყიდოს ამომრჩეველი. განსხვავება ეს არის.
_ სამომავლოდ როგორ უნდა მოიქცეს დაკვირვებული ამომრჩეველი?
_ სამომავლოდ ხმა უნდა მისცეს ისეთ პარტიას, რომელიც წაახალისებს პასუხისმგებლიან და პატიოსან მოქალაქეებს და არ იქნება პოპულისტი.
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა