რას უმტკიცებს მმართველი პარტია ივანიშვილს, როგორ გადაიქცა მეფე ვეზირად, რატომ უნდა დამყარდეს წესრიგის დიქტატი? – ამის შესახებ “ახალ თაობას” არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატია და სამართლიანობის პრინციპების” თავმჯდომარე ჯელალ ქიქავა ესაუბრება.
– სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ პლაკატებზე “ოცნების” სხვადასხვა ლიდერების გამოსახვას ერში დიდი მხიარულება მოჰყვა. თქვენც გაგამხიარულათ ამ ამბავმა?
– ამ ამბავმა მე ძველი დრო და ასლან აბაშიძე გამახსენა. მმართველობის დასასრულს მას უარი უთხრეს პიარშიკებმა რჩევების მიცემაზე, ფული აღებული ჰქონდათ და ფეხებზე ეკიდათ, რას იზამდა ასლანი.
ის, რაც სალომე ზურაბიშვილის ბილბორდებზე ვიხილეთ, არცერთი პიარშიკის ნამუშევარი არ არის. ეს არის ბიძინას ნააზრევი, რომელიც მიიჩნევს, რომ ამ ქვეყნის მეფეა.
– საიდან მოიტანა, რომ მეფეა?
– საიდან მოიტანა და გარემოცვამ დაარწმუნა. ეუბნებოდნენ, შენ მეფე ხარ და ხალხი აუცილებლად დაგიჯერებსო. ამანაც დაიჯერა, რომ მეფეა და სალომეს ბილბორდებზე გამოფინა თავისი სურათები.
– სალომეს ბილბორდებზე ივანიშვილის გარდა, “ოცნების” სხვა ლიდერების ფოტოებიცაა. ისინიც მეფეები არიან?
– რაის მეფეები, კლოუნები არიან ეგენი. სადაც ერთი კლოუნი გამოიფინა, ბარემ სხვებიც იყვნენ იქ. მარტო თავად ხომ არ იკლოუნებდა, მთელმა პარტიამ გაუწია ამ საქმეში პარტნიორობა. მთავარი უბედურება ისაა, რომ ამას თავი მეფე ჰგონია.
– რანაირად ჰგონია თავი მეფე, სად გაგონილა, მეფის სურათის გასწვრივ სხვისი სახელი და გვარი ეწეროს. “ოცნების” ბილბორდებზე სალომე ზურაბიშვილი წერია, სურათი კი სხვისია.
– მაგას არ გეუბნებით მეც? ტიპს თავი მეფე ჰგონია. ხედავთ, რა დონეზე აქვთ გარეკილი, რომ საკუთარ სურათზე დააწერინა, სალომე ზურაბიშვილიო.
ასეთი რამეები საქართველოსთვის უცხო არ არის. ეს ჩვენ ასლან აბაშიძის დროს და 2012 წელს გავიარეთ. ახლაც იგივე სცენარით მიდის ყველაფერი. უკვე ზეპირად ვიცით, რის მერე რა მოხდება. ვინც მხარს უჭერდა, ისინიც კი დაკარგა.
– ამბობენ, რომ პირიქით მოხდა და ნაციონალების დაბრუნების შიშით, მეორე ტურში “ოცნებას” ბევრად მეტი ადამიანი დაუჭერს მხარს.
– რაის მეტი ხალხი დაუჭერს მხარს? კარდაკარ დავდივართ და კარგად ვიცით ხალხის განწყობა. ვისთანაც ვიყავით, ყველა გვეუბნება, რომ მეორე ტურში აუცილებლად წავლენ არჩევნებზე.
– არჩევნებზე მისვლა ერთია და თქვენი კანდიდატის მხარდაჭერა მეორე.
– ისინი გვეუბნებიან რომ ხმას გრიგოლ ვაშაძეს მისცემენ. ახლავე გეტყვით, რომ არჩევნები 70:30-ზე დამთავრდება.
– ვის სასარგებლოდ?
– ვაშაძე აიღებს 70%-ს, 30% შეხვდება სალომეს.
– ზემოთ ასლან აბაშიძე ახსენეთ, რატომ იმეორებს ივანიშვილი მის შეცდომებს?
– შეცდომებს თავად არ უშვებს, აგონიაშია და აგონია აკეთებინებს ასეთ რამეებს. ივანიშვილმა ელემენტარულად ის არ იცის, რას ფიქრობს ხალხი. ის მოსახლეობას არ ხვდება.
– მოსახლეობას მისი გარემოცვა ხვდება და მათ შეუძლიათ ამბის მიტანა.
– ამბავი მიაქვთ, მაგრამ არ ეუბნებიან, რას ფიქრობს სინამდვილეში ხალხი, ტყუილებს უყვებიან.
– მაინც რას ეუბნებიან?
– ეუბნებიან, რომ მეფეა. არადა არაა მეფე. ერთ წუთში გახდა ვეზირი. რანაირი მეფეა, მიშა სკაიპით უგებს არჩევნებს. ამ ვითომ მეფეს ფულის შოვნის ტვინი აქვს მარტო.
– ფულის შოვნის ნიჭი არ არის პატარა საქმე.
– პატარა საქმე არ არის, მაგრამ ამ ნიჭით ქვეყანას ვერ მართავ. შეიძლება შენ იყო მაგარი ბიზნესმენი, შეიძლება გქონდეს ფულის მახე, მაგრამ ვერ მართო ქვეყანა. ქვეყნის მართვას სხვა გაქანება სჭირდება.
ფულის შოვნა კი შეუძლია ამ ადამიანს, მაგრამ მისგანაც ბევრ ფულს შოულობენ ვიღაცები. რაღაც აქციები რომ ტარდება, იმის მიზანიც ფულის გაკეთებაა და მეტი არაფერი.
– რომელი აქციები გაქვთ მხედველობაში, არამიშას რომ იძახიან?
– დიახ, მაგ აქციებზე მოგახსენებთ. ყველა აკეთებს ფულს. იმაზე არიან გადასული, რაც შეიძლება მეტი ფული გამოსძალონ ბიძინას. მალე ყველაფერი მთავრდება და უნდათ, რომ ფული მაინც შერჩეთ.
– ცოტა დაუჯერებელია, რომ ვინმემ ბიძინას ფული გამოსძალოს.
– სძალავენ და ეგაა. ახალი პლაკატების დაბეჭდვა ვინც მოიფიქრა, იმანაც იშოვა ფული, ფულს აკეთებენ ისინიც, ვინც მხარდამჭერ კონცერტებს ატარებენ. ნანა კაკაბაძემაც გადაწყვიტა, ფული ეშოვა.
– ნანა კაკაბაძე რა შუაშია?
– სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი საიდუმლო შტაბი შექმნა. დაპირდა ივანიშვილს, ხალხს შეგიგროვებო, როცა ვერ შეაგროვა, თავად დარეკა რუსთავი 2-ში, არიქა გვამხილეთო.
მოკლედ რომ გითხრათ, ბიძინას ფულს სწოვენ და ეს ცხოვრება ცირკად გადააქციეს. ცირკი რომ არ იყოს, ჩახუტების თუ მოფერების აქციას მოიფიქრებდნენ.
– ეს აქცია კი დააანონსეს, მაგრამ არავის არსად ჩახუტებიან. აჭარაშიც იგივე სიტუაციაა?
– რაის ჩახუტება? მაგის თავი სადღა აქვთ. თავის ქალებს ვეღარ მოფერებიან და სხვა მოაფერებიებს ამათ თავს.
– მოფერება-ჩახუტება არ შედგა, მაგრამ მეორე ტურის წინ ცემა-ტყეპა ხომ არ იქნება?
– არც ცემა-ტყეპა არ იქნება. იმათ კი უნდათ, მაგრამ ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ.
– მათ საკმაოდ სერიოზული კამპანია აქვთ, ვაშაძე თუ მოიგებს, ნაცები დაბრუნდებიანო. ეს არ იმოქმედებს ხალხზე?
– რანაირად უნდა გამოიღოს შედეგი? ნაცები რომ დაბრუნდნენ, რა არის ამაში ტრაგიკული? ხელისუფლება ისედაც ნაციონალებით არაა სავსე? არავინ არავისზე შურს არ იძიებს. დაისჯებიან მხოლოდ ისინი, ვინც კანონი დაარღვია.
– ამას თქვენი ოპონენტები რევანშს ეძახიან.
– ეს არ იქნება რევანში. კანონს როცა არღვევ, იმისთვისაც უნდა იყო მზად, რომ პასუხს აგებ. დაჭერის რომ მეშინია, მაგიტომ არ მივდივარ ბანკში და არ ვაყაჩაღებ. სახელმწიფო ვერ აშენდება, თუ ხალხს კანონის დარღვევის არ შეეშინდება.
რევანში არავითარ შემთხვევაში არ იქნება. უდანაშაულო ადამიანების ციხეში მოხვედრა დაუშვებელია.
– ხშირ შემთხვევაში სწორედ უდანაშაულო ადამიანები იჩაგრებიან.
– სამწუხაროდ, ასეთი რამეები ხდება.
– ასეთი რამე ნაციონალებსაც აქვთ ჩადენილი.
– ჰქონდათ ასეთი გადაცდომა, მაგრამ ამის გამო გადავიდნენ ოპოზიციაში და იგივე შეცდომას აღარ გაიმეორებენ.
– ამის გარანტი ვინ არის?
– ჩვენ ვართ ამის გარანტი.
– ხალხისთვის აქტიურად მიდის სისხლიანი 9 წლის შეხსენება. ამის ფონზე ვინ დაიჯერებს, რომ ნაციონალებს რევანში არ უნდათ?
– ეს იყო სახელმწიფოს მშენებლობა. სახელმწიფოს მშენებლობა რომ არ ყოფილიყო, ამდენი შეცდომაც არ იქნებოდა დაშვებული.
ხალხზე ამ შეცდომების გახსენება ნამდვილად არ იმოქმედებს. ისინი ხომ ადარებენ იმ 9 წელს და ამ 6 წელს. ხალხი ირჩევს იმას, რაც იყო. ასეთ არჩევანს იმიტომ აკეთებენ, რომ ახსოვთ, მაშინ კარგად იყო ყველაფერი.
– ყველაფერი კარგად როგორ იყო, თავადაც აღიარეთ, შეცდომებს ჰქონდა ადგილიო.
– შეცდომები იყო, მაგრამ დაცული იყო უსაფრთხოება. ხალხი ხელისუფლებას არასდროს არ სთხოვს, მაჭამეო, საჭმელს ის თავად შოულობს. საზოგადოება მმართველი ძალისგან ითხოვს იმას, რომ უსაფრთხოება დაცული იყოს და ხალხს ქუჩაში გასვლის არ ეშინოდეს.
ახლა ხალხს ნამდვილად ეშინია ქუჩაში გასვლის, ისე წავიდა საქმე, გარეთ რომ გახვალ, უკან დაბრუნდები თუ არა, არ იცი.
– ქუჩაში გასვლა მაშინაც საშიში იყო. მთელი ეს წლები “ოცნება” იმით იმართლებდა თავს, ხალხს ქუჩაში მაინც არ ვხოცავთო.
– ეგ სიმართლე უთქვამთ, ხალხს ქუჩებში მართლა აღარ ხოცავენ, სახლებში უვარდებიან უკვე.
– მე კრიმინალზე არ გეკითხებით, პოლიციის მიერ ქუჩებში ხალხის დახოცვაზე გეკითხებით. ნაციონალების დროს ასეთი ფაქტები იშვიათობას არ წარმოადგენდა.
– მესმის, რომ პოლიცია შეცდომებს უშვებდა, მაგრამ ასეთი რამეები, სამწუხაროდ, ყველგან ხდება. საქართველოც არ აღმოჩნდა გამონაკლისი.
ახლა რასაც ვიტყვი, ბევრს არ მოეწონება, მაგრამ აშკარაა, რომ 20 წელიწადში ერთხელ კავკასიას დიქტატორი სჭირდება.
– რაში სჭირდება დიქტატორი?
– წესრიგის დამყარებაში. როცა შეშინდნენ, ხომ ნახეთ, როგორი წესრიგი იყო ქვეყანაში. ძალადობას არანაირი გამართლება არა აქვს, მაგრამ რკინის ხელი ზოგჯერ საჭიროა. დამნაშავეებს უნდა გამოუცხადო ნულოვანი ტოლერანტობა, სხვანაირად წესრიგი არ იქნება.
მკაცრი ხელი არ მოგწონდათ და ის მოგწონთ, 10 წლის ბავშვები ქუჩაში პლანს რომ ეწევიან? უსამართლოდ არავინ არ უნდა დაისაჯოს, სხვა მხრივ მართლა რკინის ხელია საჭირო.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 20 წელიწადში ერთხელ კავკასიას დიქტატორი სჭირდება.
– ეს დიქტატორი მთელ კავკასიას სჭირდება თუ მარტო საქართველოს?
– არ მინდა ვინმემ ცუდად გამიგოს, მაგრამ დიქტატორი მე მინდა წესრიგისთვის. ასეთი დიქტატორი კავკასიასაც სჭირდება და საქართველოსაც. კავკასიელები კანონის მიმართ დიდ პატივისცემას არ იჩენენ, მაგრამ ქართველები უფრო ევროპელები ვართ.
– ევროპა და დიქტატურა ერთმანეთისგან შორს არის.
– წესრიგის დიქტატს მთელი ევროპა ემორჩილება. მეც წესრიგის დიქტატორს ვითხოვ, აბა პინოჩეტზე კი არ ვოცნებობ.
– ქართველები ევროპელები ვართო, ამბობთ და ამ დროს ჩვენი მოსახლეობის ნაწილი რუსეთისკენ რატომ იხედება?
– მოღალატეები ყველგან არიან. ჩვენ გამორჩეული ხალხი ვართ. თავისუფლებისთვის ბრძოლა გენებში გვაქვს.
– რანაირად გვაქვს გენებში, ზოგიერთი თავის ნებაზე რომ მიუშვა, უკვე რუსეთის შემადგენლობაში იქნება.
– ეგეც დრომ მოიტანა, მაგრამ ყველაფერი შეიცვლება. ქართველი ხალხი არასდროს აირჩევს მონობას და რუსეთს. გითხარით და ახლაც გავიმეორებ, არჩევნებში ხელისუფლების კანდიდატი მწარედ დამარცხდება. არც ხალხის დაშინება და არც ფულების დარიგება აღარ უშველის მაგათ.
შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა