ჯიპას პროფესორი, პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო თორნიკე, რა მოცემულობა გვაქვს, მეორე ტურში რაზე იქნება დამოკიდებული ან ოპოზიციური ან სახელისუფლო კანდიდატის გამარჯვება?
– საბოლოო ჯამში ყველაფერი ისევ სააკაშვილის ფაქტორამდე დადის. თუ ნეიტრალურ ამომრჩეველს სააკაშვილის ფაქტორით შეაშინებენ და არჩევნებზე ასე მოიყვანენ, მაშინ “ოცნება” გაიმარჯვებს. თუ ამას ვერ მოახერხებენ, მაშინ გამარჯვება ძალიან გაუჭირდებათ, რაც უნდა ადმინისტრაციული რესურსი და გაყალბების მექანიზმი ჩართონ.
– სააკაშვილის ფაქტორი ისევ იმუშავებს?
– ფაქტია, სხვა ვერაფერი მოიფიქრეს. ძალიან ცოტა დრო არის დარჩენილი, მაგალითად, ლარის კურსი რომ გაამყარონ ან უმუშევრობა შეამცირონ. ეს ის პრობლემებია, რომლებიც ხელისუფლებას აქამდე უნდა მოეგვარებინა. ეს პრობლემები, სამწუხაროდ დარჩენილ ორ წელიწადშიც შეიძლება ვერ მოაგვარონ. ამიტომ, ერთ თვეში რა უნდა მოასწრონ თუ არა ისევ “მიშა საფრთხობელას” გათამაშება, რამაც იმუშავა საპარლამენტო არჩევნების წინაც. ახლაც ამის იმედი აქვთ.
თუ სააკაშვილი მოიქცევა ისე, რომ ხალხს მისი დაბრუნების შეეშინდება, მაშინ პოზიციებს შეინარჩუნებენ. თუ სააკაშვილი ჭკვიანურად მოიქცევა, მაშინ შანსი მეორე მხარეს არის. ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში მე არ გამოვრიცხავ, რომ მაჟორიტარების დიდი ნაწილი მეორე მხარეს გადაბარგდეს, როგორც არაერთხელ მომხდარა და პარლამენტში ბალანსი ავტომატურად შეიცვალოს. ეს იქნება “ოცნებისთვის” ყველაზე ცუდი სცენარი.
– სააკაშვილის ქცევაში რას გულისხმობთ? ის მაინც დისტანცირებულია.
– ახსოვთ რა მისი საქმეები, მისი ოდნავ გადაბრუნებული სიტყვაც კი მუქარად არის აღქმული. ეს აძლევს “ოცნებას” ყველაზე კარგ შანს, სხვა არაფერი რეალურად. არც რესურსი აქვთ და არც – პოლიტიკური ნება.
– ივანიშვილი ძველ გვარდიას ეპატიჟება, გამოხმაურებები იქნება?
– მე ვფიქრობდი, რომ ივანიშვილი ძველ გვარდიაში გულისხმობდა იმ ადამიანებს, ვინც 2012 წელს დაეხმარა. იმ ჭკვიან ადამიანებს, ვისაც შეეძლო მისთვის სიმართლე ეთქვა, მაგალითად, ხუხაშვილს, უსუფაშვილს, მარგველაშვილს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ძველ გვარდიაში გულისხმობს მოჭიდავეებს, მკლავჭიდელებს, მოკრივეებს, ვისაც ჩხუბი შეუძლიათ.
არ ვიცი, მოჩხუბრები რად უნდა. სიმართლე გითხრათ, საბოლოო ჯამში ვერ გავიგე, მიმართვის ადრესატი ვინ იყო. როგორც ჩანს, სისტემური რეფორმისთვის მზად არ არიან და უკვე ძალიან გვიანია. ამასობაში ვნახეთ, ფარცხალაძე დაუჭერიათ და გამოუშვიათ კიდეც.
– რესპუბლიკელების ღია მხარდაჭერას ვაშაძისადმი როგორ ხსნით?
– როგორც ჩანს, რესპუბლიკელებმა ჩათვალეს, რომ “ოცნებას” პერსპექტივა არა აქვს და რატომაც არა?! როგორც პოლიტიკური პარტიის მხრიდან, მათი გადაწყვეტილება სრულიად ლოგიკური და ახსნადია. დადგნენ იმ მხარეს, რომელზეც შეიძლება გამარჯვების პერსპექტივა ჩანდეს.
– რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს, თუ ვინ გაიმარჯვებს მეორე ტურში ქვეყანაში პოლიტიკური მოზაიკის შესაცვლელად?
– მე ვფიქრობ, უფრო მნიშვნელოვანი პირველი ტური იყო. პირველმა ტურმა გამოავლინა, რომ მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს “ქართული ოცნება” აღარ უნდა. მეორე ტური როგორ დამთავრდება, მნიშვნელობა აღარ აქვს. მეორე ტურს სალომე ზურაბიშვილი წააგებს თუ მოიგებს, ამით “ოცნებისთვის” სიტუაცია არ იცვლება. “ქართული ოცნებისთვის” სიტუაცია ყველა შემთხვევაში მძიმე რჩება თუ მუშაობას არ გამოასწორებენ, მაგრამ როგორ უნდა გამოასწორონ ამ ინტელექტუალური რესურსებით, ეს ჩემთვის აუხსნელია. რის ხარჯზე შეძლებენ ამას?! აღმოჩნდა, რომ კვირიკაშვილის მთავრობა უკეთესი იყო, ლარის ასეთი საშინელი გაუფასურება მაინც არ იყო.
ივანიშვილი ახალგაზრდების მოყვანაზე საუბრობდა, დამატებით ვატო შაქარაშვილებს თუ მოიყვანენ, ეს მათ ნამდვილად არაფერს შესძენს.
– ეს არჩევნები ხომ რეალურად არაფერს არ ცვლის, არ ცვლის პოლიტიკურ ძალთა ბალანსს პარლამენტში, ბიძინა ივანიშვილიც თავიდან ხომ იმ განწყობით იყო, დაე, წაიღოს ეს პოსტი ოპოზიციამ. მერე რა შეიცვალა, რატომ გახდა ეს პოსტი ყოფნა-არყოფნის საკითხი?
– როდესაც ის საუბრობდა, წაიღოს ოპოზიციამ, ჩვენ არ ვიცით, რომელ ოპოზიციაზე საუბრობდა. მე ეჭვი მაქვს, ნაციონალურ მოძრაობას არ გულისხმობდა. როგორც ჩანს, იმ ოპოზიციას გულისხმობდა, რომელთანაც მარტივად დაალაგებდა ურთიერთობას.
მეორე, ამ განცხადების შემდეგ სერიოზული სკანდალები დაიწყო, რომელმაც “ქართული ოცნების” პოზიციები შეარყია. ფარცხალაძის, ოქუაშვილის, სუბელიანის სკანდალი. თან უტიფრად გვეუბნებოდნენ, მეორე ტური არ იქნებაო. ამას მოჰყვა კიდევ უარესი შეცდომა, მეორე ტური აპოკალიფსად გამოაცხადეს. თუ მეორე ტურს წააგებენ ეს უკვე მათთვის კატასტროფა იქნება, რადგან თვითონ აქციეს მეორე ტური სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლად. ეს მოცემულობა, ეს დაძაბულობა და ისტერია მათ შექმნეს.
მე “ოცნებას” ვთავაზობ – პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავთ, შეკრიბონ პარლამენტი და პრეზიდენტის უფლებამოსილებები კიდევ უფრო შეამცირონ, შეწყალების უფლება ჩამოართვან. მერე სააკაშვილი ვეღარ ჩამოვა და რით შეაშინებენ ხალხს, საინტერესოა?! თუმცა, რეალურად პირველი ტური ხომ რეფერენდუმი იყო?! ხალხის მიერ გამოცხადებული უნდობლობა იყო ძალიან ძნელი, რასაც რატომღაც არ ელოდნენ.
– ისე გამორიცხავთ, თუ ვაშაძემ გაიმარჯვა, პრეზიდენტს შეწყალების უფლება ჩამოართვან?
– არა, არაფერს არ გამოვრიცხავ. მეტიც, დარწმუნებული ვარ, მეორე წუთში პარლამენტს შეკრებენ და პრეზიდენტს ამ უფლებას ჩამოართმევენ. თუმცა, ეს ხომ დამატებითი პრობლემა იქნება?! ყველაზე ლეგიტიმურ პოლიტიკოსს, რომელსაც ხალხმა ნდობა გამოუცხადა, ძალაუფლება შეუმცირონ.
მე ვფიქრობ, “ოცნებამ” მაშინ წააგო, როდესაც სალომე ზურაბიშვილი კანდიდატად დაასახელა.
– ეს კალაძემ აღიარა. გუნდში არსებული აშკარა დაპირისპირება რამდენად შეიტანს რყევებს?
– ფაქტია, შეიტანა. მე ვიცოდი, და არა მხოლოდ მე, რომ ეს განხეთქილება გუნდში იყო. კალაძეც და კობახიძეც ამ კანდიდატურის წინააღმდეგი იყვნენ. შემდეგ, მათდა საუბედუროდ, ამ კანდიდატის გაყვანა მათვე “შეეტენათ”, რაც, ბუნებრივია, არ ახარებთ.
როდესაც მსგავსი რაღაცეები ხდება პოლიტიკურ გუნდში, იქ ნამდვილად არ არის ყველაფერი კარგად. ახლა, როდესაც სამარცხვინო და სასაცილო კამპანია მიდის – “ვაშაძე კაგებეს აგენტი”, ესეც მიანიშნებს იმაზე, რამდენად აკლიათ ინტელექტუალური რესურსი, სხვა ყველაფერთან ერთად.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა