ლევან ჩაჩუა – “ივანიშვილი განზრახ ამარჯვებინებს ნაციონალებს – იგეგმება ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნება სააკაშვილის გარეშე”

ლევან ჩაჩუა - "ივანიშვილი განზრახ ამარჯვებინებს ნაციონალებს - იგეგმება ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნება სააკაშვილის გარეშე"საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ განვითარებულ პროცესებზე “ახალი თაობა” ესაუბრა მოძრაობა “ქართული იდეის” ლიდერ ლევან ჩაჩუას.
ლევან ჩაჩუა:
– ყოველთვის ვამბობდი, რომ ივანიშვილი გარე ძალებმა ორი ვადით მოიყვანეს ხელისუფლებაში და ამ პერიოდის გასვლის შემდეგ იმავე ივანიშვილის ხელშეწყობით მოხდებოდა ნაცმოძრაობისა და სხვადასხვა სახელის მქონე ყოფილი ნაციონალების დაბრუნება.
– საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებით დაგრჩათ ასეთი შთაბეჭდილება?
– მეორე ტურში წარმატების რეალური შანსი აქვს ნაცმოძრაობის კანდიდატ ვაშაძეს. ივანიშვილი განზრახ ამარჯვებინებს ნაცმოძრაობას. ეს პირველი ეტაპია. მეორე საპარლამენტო არჩევნების დროს იქნება.
გადავხედოთ, რა ხდებოდა წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ “ქართულ ოცნებაზე” გულაცრუებულ ხალხს ხელისუფლების მიმართ დაუფარავი ზიზღი გასჩენოდა. მარიხუანის ლეგალიზება არ გვაკმარა და კულტივაციასა და ექსპორტსაც აპირებს. მარიხუანის ლეგალიზაციასთან დაკავშირებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში მოიგო “გირჩმა”, რომელიც ივანიშვილის შექმნილია.
ნიშანდობლივია, რომ ამ პარტიის კანდიდატმა, ყველანაირი ნარკოთავისუფლების აპოლოგეტმა ჯაფარიძემ ხმების არც ისე ცოტა რაოდენობა მიიღო. მასზე ბევრად მაღალი შედეგი ჰქონდა “ევროპული საქართველოს” კანდიდატ ბაქრაძეს.
– ამ კანდიდატებზე რატომ ამახვილებთ ყურადღებას?
– იმიტომ, რომ “გირჩი” და “ევროპული საქართველო” ივანიშვილის მიერ არის დაარსებულ-დაფინანსებული და ნაცმოძრაობისგან გამოყოფილი. არსებული გეგმით, ეს პარტიები, სააკაშვილის გარეშე, უნდა შევიდნენ მომავალ პარლამენტში ნაცმოძრაობასთან ერთად, ასევე – მომავალ კოალიციურ მთავრობაში.
გიგა ბოკერია მოიაზრება მომავალი კოალიციური მთავრობის პრემიერ-მინისტრად. ამ არჩევნებზე ის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე გაემიჯნენ ნაციონალურ მოძრაობას და დაგმეს სააკაშვილის რეჟიმი, ხელმეორედ გადაიქცნენ ნაცმოძრაობის ამომრჩევლებად.
– მართლაც, არიან ადამიანები, რომლებიც “ოცნების” ლიდერების ბოლოდროინდელმა განცხადებებმა 2008 წლის ომის, კანაფის, “იაფი” სამსართულიანი სასახლეების, ფარცხალაძის შესახებ, ასევე ხალხის მიმართ ქედმაღლურმა და აგდებულმა დამოკიდებულებამ პროტესტის ნიშნად მიიყვანა საარჩევნო უბანზე.
– ეს აშკარაა. მე იმ კატეგორიაზე ვამბობ, რომელმაც 6 წლის წინ უარი უთხრა ნაციონალურ მოძრაობას. ამ ადამიანებიდან ბევრს არ უნდოდა არჩევნებზე მისვლა, მაგრამ პროტესტმა აიძულა – “ქართული ოცნება” გამომწვევად იქცეოდა, მისი საპრეზიდენტო კანდიდატი ისეთ განცხადებებს აკეთებდა, რომ ან ქილიკის საგანი ხდებოდა, ან აღელვების.
ამ ხალხმა გამოხატა უარყოფითი დამოკიდებულება როგორც “ქართული ოცნების”, ისე პიროვნულად ზურაბიშვილის მიმართ.
– ხელისუფლების გადაბარებაში, თუ ასეთი გეგმა ხორციელდება, “ქართული ოცნების” უმრავლესობა არ იქნება ჩართული. ისინი მიმდინარე მოვლენებზე განსხვავებულ აზრს მაინც არ გამოთქვამენ?
– არა. “ოცნებაში” განსხვავებული აზრი არ გამოითქმება. ანტიდისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგი წინა პარლამენტში ბევრი იყო, მაგრამ წინააღმდეგ ხმა ვერცერთმა ვერ მისცა.
– როცა ანტიდისკრიმინაციული კანონს იღებდნენ, მაშინ “ქართული ოცნება” ზენიტში იმყოფებოდა. ახლა ხელისუფლება ხელიდან ეცლება და მისი წევრები ახლაც ყველაფერზე პირში წყალს ჩაიგუბებენ?
– ისინი ივანიშვილს ვერაფერს გაუბედავენ. ეს ადამიანები ხომ ჩვეულებრივი პოლიტიკოსები და დეპუტატები არ არიან! აქ ბატონყმური ურთიერთობებია. თანამედროვე სახელმწიფოსთვის ეს წარმოუდგენელია, მაგრამ ასეა.
– გრიგოლ ვაშაძის გარშემო სხვა პარტიებიც გაერთიანდებიან?
– “ევრონაცებმა” ღიად გამოაცხადეს, რომ ვაშაძის სასარგებლოდ იმუშავებენ. რამდენიმე პარტია იტყვის, რომ საჭიროა დარაზმვა ხელისუფლების კანდიდატის წინააღმდეგ. ფარული გეგმის ორგანიზატორებს უნდათ, ხალხიც დააჯერონ, რომ გასაკეთებელია არჩევანი ბოროტებასა და ნაკლებ ბოროტებას შორის.
– სინამდვილეში, როგორ არის საქმე?
– სინამდვილეში, ნეიტრალურმა ხალხმა ამ უზნეობაში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს. ნეიტრალურში ვგულისხმოთ იმათ, ვინც ქოცებისა და ნაცების კოორდინატორები არ არიან. ზურაბიშვილი თუ წააგებს, საზოგადოებას დააბრალებენ და ეტყვიან, ეს თქვენი გამოუცხადებლობის ბრალიაო. ამ ფარსში ჩაბმა თავის მოტყუებაა. როცა ადამიანი ვინმეს ირჩევს, ის ინაწილებს პასუხისმგებლობას. თუ მისი რჩეული უზნეო და დამანგრეველ გადაწყვეტილებებს მიიღეს, მასაც მოეკითხება.
ჯობია, ამომრჩეველმა მეორე ტურს მდუმარე პროტესტი გამოუცხადოს. ივანიშვილს 2012 წლიდან უნდა ორპარტიული სისტემის შექმნა. მრავალპარტიულობას ის დაარქმევს “გირჩისა” და “ევრონაცების” ხელისუფლებაში მოყვანას. მთავარია, ჩვენ ყველამ ერთად ხელი შევუწყოთ მესამე, ქართული ძალის შექმნას პოლიტიკაში და ეს ოდიოზური ძალები ქვეყანას ვეღარაფერს დააკლებენ.
მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა