უფლებადამცველი და ყოფილი უკანონო პატიმარი მამუკა ტუსკაძე “ახალ თაობასთან” აცხადებს, რომ მეორე ტურში ნაცმოძრაობის კანდიდატს გამარჯვება გაუჭირდება.
– ბატონო მამუკა, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გაჩნდა აზრი, რომ ნაცმოძრაობას პოლიტიკურ ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი გაუჩნდა. თქვენი, როგორც ნაცმოძრაობის დროს რეპრესირებული ადამიანის, როგორც უკანონო პატიმრის პოზიცია როგორია?
– ჩემი და უკანონო პატიმრების, პოლიტპატიმრების, ყველა იმ ადამიანის სახელით (რომელიც ნაცრეჟიმის დროს იყო რეპრესირებული) შემიძლია გითხრათ, რომ სააკაშვილის მმართველობის ფორმა, ტოტალიტარიზმი, ზოგადად, ნაცისტური მმართველობა საქართველოში ვერ დაბრუნდება.
– რატომ გგონიათ?
– ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ არც ერთ შემთხვევაში მათ დაბრუნების მცირედი შანსიც არ დარჩეთ. მათი შანსი ისედაც ძალიან დაბალია. მათ წინააღმდეგობის გაწევა შეძლეს დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილზე და არა “ქართულ ოცნებაზე”. “ქართული ოცნება” სალომე ზურაბიშვილს პირველ ტურში მხოლოდ ფორმალურად უჭერდა მხარს, მეორე ტურის წინ ვითარება იცვლება.
მეორე ტურში “ოცნება” სალომე ზურაბიშვილს მნიშვნელოვნად უჭერს მხარს. “ოცნება” სწორად იქცევა, რომ სალომე ზურაბიშვილს ღიად უჭერს მხარს. ამიტომ, ვფიქრობ, ნაცმოძრაობის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს გამარჯვების მცირეოდენი შანსიც კი არ აქვს.
– ნაცები თუ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, მაშინ რა იქნება?
– ხელისუფლება რამდენიმე შტოსაგან შედგება. ის შტო, რომლის ხელში ჩაგდებისთვისაც ნაცები იბრძვიან, ძალიან მცირე უფლებების მქონეა. ამიტომ მათი ერთადერთი მიზანია, როგორმე მოახდინონ სააკაშვილისა და მისი ჯალათების შეწყალება. ამიტომ სურს ნაცმოძრაობას საქართველოს პრეზიდენტად თავისი კანდიდატი გაიყვანოს. ეს ის მიზანი არ არის, რისთვისაც ადამიანებმა შეიძლება ნაცმოძრაობას მასობრივად ხმა მისცენ.
ნაციონალების გამარჯვება გამოიწვევს მხოლოდ არეულობას, რაც ქვეყნის განვითარებისთვის კარგი არ იქნება.
პროვოკაციებს, საბოტაჟს და ავანტიურისტულ ქმედებებს აქვს ადგილი ხელისუფლებაში ჩანერგილი ადამიანების მხრიდან. ისინი წლების მანძილზე ხელისუფლების სხვადასვა შტოებში მუშაობენ, რაც გამოწვეულია იმ კოაბიტაციით, რომელიც დასავლეთის მიერ იყო ნაკარნახევი. თავსმოხვეულმა კოაბიტაციამ მიგვიყვანა ამ შედეგებამდე.
– რა შედეგამდე?
– მაგალითად, დღეს ციხეებში არჩევნებს აგებს ხელისუფლება იმ მარტივი მიზეზით, რომ ციხის ადმინისტრაციის რაღაც ნაწილს რეჟიმის დაბრუნება უნდა, ძალიან უნდა, პატიმრები კვლავ აწამონ.
უსაფრთხოების სამსახურებს ისინი მოძიებული უნდა ჰყავდეთ. შესაბამისად, მათი ადგილი სახელმწიფო სამსახურებში არ უნდა იყოს.
– მაინც რატომ გაიზარდა ნაცების ხმები?
– მიღებული ხმების ნახევარზე მეტი იმ განაწყენებულმა ადამიანების ხმები იყო, რომლებიც ზუსტად ისე ფიქრობენ, როგორც მე.
– თქვენ როგორ ფიქრობთ?
– მე ჩემი პოლიტიკური შეხედულებები მაქვს – ზოგადად, ქვეყანაში სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებას ვითხოვ. ამაზე ძალიან მალე დავიწყებ აქტიურობას პოლიტიკური მოძრაობით.
– რა პოლიტიკური მოძრაობით?
– მოძრაობა “სოციალური სამართლიანობისთვის” სახელით. არჩევნების შემდეგ ჩვენ გვექნება ამ ორგანიზაციის პრეზენტაცია. აუცილებელია ქვეყანაში დამკვიდრდეს სოციალური სამართლიანობა. არ ვითხოვთ, ციხეებში მოვათავსოთ ის ადამიანები.
– აბა, რას მოითხოვთ?
– ჩვენ მოვითხოთ რესურსების სამართლიან და თანასწორ გადანაწილებას – ბიუჯეტის თუ სხვა ნებისმიერი მიმართულებით.
– ნაცრეჟიმის ნაწილი ციხეშია. სააკაშვილმა კი თქვა, მე ისეთი აღარ ვარ, ქონებას რომ ვართმევდიო. ერთხელ რომ წაართმევ ქონებას, მერე მეორე მოგინდება, მერე მესამე და მერე ვენდეტაში გადადის, ამიტომ ისეთი აღარ ვარ, გამოვსწორდიო.
– ქართული ანდაზაა: “ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს”, ეს მიესადაგება სააკაშვილს და მის ხროვას. ამ შემთხვევაში მათი იდეოლოგიური მანქანა “რუსთავი-2” პირდაპირ გვემუქრება.
– როგორ გემუქრებათ?
– გვარამია, რომელიც სააკაშვილის პროკურორი იყო და, წესით, გლდანის ციხეში უნდა იჯდეს, ადამიანებს ემუქრება, მთვარისა ნავერიანს ხელი დაარტყა და პასუხს არავინ თხოვს. პირველ ტურში ხელისუფლების უნიათობა გამოიყენეს. თანაც ხელისუფლებამ სერიოზული ალიყური მიიღო ხალხისგან, გამოფხიზლდა და მეორე ტურში ძალიან დიდი უპირატესობით მოიგებს სალომე ზურაბიშვილი.
მე პირადად, მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემს გუნდს ჩვენი შეხედულებები გვაქვს ქვეყნის განვითარებაზე, ამ მომენტისათვის ყველანაირ ღონეს ვიხმარ, რომ სალომე ზურაბიშვილი გახდეს საქართველოს პრეზიდენტი. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ჩვენ გვეყოლება პირველი ქალი პრეზიდენტი.
– როდესაც ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნების საშუალებებზე საუბრობენ, განიხილავენ ხოლმე ახალი რევოლუციის მცდელობას, ან ძალის გამოყენებას. თქვენ როგორ ფიქრობთ?
– ღმერთმა დაგვიფაროს და თუ ვაშაძე გახდება პრეზიდენტი, წარმოიდგინეთ, იმ უფლებებამოსილების განხორციელებით, რაც მას ექნება, სააკაშვილი შემოდის ქვეყანაში. სააკაშვილის შემოსვლა, შეწყალება და იმ ადამიანების ციხეებიდან გამოსვლა, რომლებსაც ჩადენილი აქვთ სისხლის სამართლებრივი დანაშაულობები და ასობით ადამიანი ჰყავთ მოკლული და გაუბედურებული და გაუპატიურებული, დარწმუნებული ვარ, მათ მიმართ იქნება ხალხის აგრესია, რაც გამოიწვევს არეულობას.
ძალიან ბევრი ადამიანი, რიგითი მოქალაქეები მათ წინააღმდეგ გაშმაგებულ ბრძოლას დაიწყებენ, რაც გადაიზრდება დიდ სამოქალაქო დაპირისპირებაში.
თუ ნაცებმა ვერ მოიგეს არჩევნები და იმუქრებიან აქციებით, ეს სულაც არ არის საშიში.
– რატომ არ არის საშიში?
– ისინი აქციებს ვერ გამართავენ. ამის ნათელი მაგალითია რუსთაველზე შვილმკვდარი მამების აქცია. მათ ადამიანები მართლა გულწრფელად დაუდგნენ გვერდით, მაგრამ მას შემდეგ, რაც ნაციონალები გამოჩნდნენ მათ აქციაზე, ის აქტივიც კი გაიფანტა, რომელიც ამ შვილმკვდარ მამებს ედგა გვერდით.
– განაწყენებული ხალხი მეორე ტურში არჩევნებზე მივა? ხელისუფლებასა და ხალხს შორის კონტაქტი შედგა და ურთიერთგაგება არის?
– მეორე ტურში ნაცმოძრაობა 600 ათასზე ნაკლებ ხმას მიიღებს. ამაზე შემიძლია სანაძლეო დავდო. მათ შანსი არ აქვთ. ის ადამიანები, რომლებიც განაწყენებული იყვნენ “ქართულ ოცნებაზე” იმიტომაც, რომ ეს პარტია სალომე ზურაბიშვილს აქტიურად არ უჭერდა მხარს, ახლა ვითარება შეცვლილია. სალომე ზურაბიშვილი და “ოცნება” თუ ერთად იბრძოლებენ, ის შედეგი იქნება, რაც ხალხს უნდა. მთავარია მონდომება.
გულიკო ბალაძე, ახალი თაობა