სად იმალებოდნენ “ოცნების” ლიდერები სააკაშვილის დროს, ვინ დააფინანსა 7 ნოემბრის აქციის დარბევა, რატომ არ მიდის ამომრჩევლის დიდი ნაწილი არჩევნებზე? – ამ თემებზე “ახალ თაობას” ლეიბორისტული პარტიის წევრი ნიკა ვარდოშვილი ესაუბრება.
ნიკა ვარდოშვილი;
– ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობს ახლა 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევაზე. ეს მართლა მძიმე დღე იყო და ყველაფერი კარგად მახსოვს. მანამდე ნაციონალური მოძრაობა თუ იყო პოლიტიკური ძალა, 7 ნოემბრის შემდეგ ისინი ხალხის დამრბევ ძალად იქცნენ.
ძალიან ვღიზიანდები, როცა ვხედავ, 7 ნოემბრის დარბევის გამპრავებლები, ახლა უკვე პორტირებული ქოცები, როგორ გმობენ ამ დღეს.
ნაცების წინააღმდეგ აქციების მოწყობას მაშინ ჰქონდა აზრი, როცა ისინი ხელისუფლებაში იყვნენ. ახლა, როცა ისინი ხელისუფლებაში აღარ არიან, მათ წინააღმდეგ აქციის მოწყობა თეატრალური წარმოდგენაა და მეტი არაფერი. ამას აკეთებენ იმიტომ, რომ ხალხის ყურადღება გადაიტანონ და თავისი უნიათობა დაფარონ.
ამ ქოცებს ერთი საინტერესო თვისება აღმოაჩნდათ – სულ განყენებულ თემებზე რომ დაუწყო საუბარი, მაგალითად ასტრონომიაზე, მეხუთე წინადადებაში მაინც ნაცებთან და 9 წელთან მივლენ.
– იმ 9 წლის მანძილზე თავადაც რომ ნაცები იყვნენ, ამას არა უშავს?
– მარტო ნაცების წევრები რომ ყოფილიყვნენ, რა უჭირდა. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ 7 ნოემბრის დარბევის ერთ-ერთი ორგანიზატორი თავად ბიძინა ივანიშვილი იყო.
– ამის დამამტკიცებელი დოკუმენტი გაქვთ?
– ამ დარბევისთვის სპეცრაზმმა პრემიები მიიღო. ეს პრემიები ჯალათებს ივანიშვილმა ჩაურიცხა. მაშინ ბიძინა მიშას მთავარი დამფინანსებელი იყო. ახლა ნაცების ძახილი გახდა მოდური, თორემ ქოცებიდანაც ძალიან ბევრი დასდევდა მაშინდელ ოპოზიციას.
თბილისის მერი კახა კალაძე ახლა ბევრს რომ ლაპარაკობს 7 ნოემბერზე, ამ დარბევის მერე სააკაშვილს ეგ არ დაუდგა გვერდით?! ყველას კარგად ახსოვს, რა განცხადებებს აკეთებდა ის 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ.
ივანიშვილი და მისი გუნდი ქვეყანას ძალიან ცუდ რამეს უკეთებენ, მაგრამ საქართველოს მთავარი მტერი ე.წ. ინტელიგენციაა, რომელსაც ყველა ხელისუფლება უყრიდა ნასუფრალს. ამ ნასუფრალით იოლად გასული ე.წ. ინტელიგენცია აზიანებს ყველაზე მეტად ჩვენს სახელმწიფოს.
– ეს ე.წ. ინტელიგენცია რომ ამდენის უფლებას აძლევს თავს, ეს ჩვენი, საზოგადოების, ბრალიც ხომ არ არის?
– ეს ჩვენი ბრალიც არის და ყველა იმ ძალისაც, რომელიც ქვეყნის სათავეში იყო. ისინი საპარლამენტო სიებში წერდნენ ამ ცნობად სახეებს, იმ იმედით, რომ მათ უკან ხალხი დგას. შედეგად პარლამენტში ხვდება ისეთი ხალხი, რომელსაც პოლიტიკასთან არანაირი შეხება არა აქვს და იმის აზრზეც კი არ არის, როგორ იმართება სახელმწიფო.
– ცნობად სახეებს საარჩევნო სიებში ოპოზიციაც წერს ხოლმე.
– ოპოზიციაც სცოდავს. სახელმწიფოსთვის არ ვარგა, როცა პარლამენტში ე.წ. სელებრითები სხედან.
– მოდით, ახლა საპრეზიდენტო არჩევნებზეც ვისაუბროთ. ნაცებიც და ქოცებიც საქართველოს მოუწოდებენ, ჩვენს კანდიდატს მიეცით ხმაო. თქვენი პარტიის ლიდერი უკვე გამოთიშულია ამ ბრძოლიდან. აპირებთ რომელიმე კანდიდატისთვის ხმის მიცემას?
– არჩევნებზე საერთოდ არ ვაპირებ წასვლას. არ მივდივარ იმიტომ, რომ არჩევანის საშუალება არ მაქვს. მე ვარ შალვა ნათელაშვილის თანამებრძოლი, ის პირველ ტურში ჩამოშორდა ამ ბრძოლას. და რაკი შალვა აღარ მონაწილეობს, ამიტომ რომელიმე სხვა კანდიდატს ხმას ნამდვილად ვერ მივცემ. ვერც სალომე ზურაბიშვილზე და ვერც გრიგოლ ვაშაძეზე ჩემს წილ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ.
– ამომრჩევლის ძალიან დიდ ნაწილს არცერთი კანდიდატისთვის არ უნდა ხმის მიცემა. ამ ხალხმა რა უნდა ქნას?
– ამ შემთხვევაში რჩევის მიცემას ვერ შევძლებ. აქამდე სულ მიმაჩნდა, რომ ადამიანები აუცილებლად უნდა წავიდნენ არჩევნებზე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი არჩევანი უბრალოდ არ არსებობს. ადამიანებს არც ქოცები უნდათ და არც – ნაცები, მეორე ტურში მათი კანდიდატები გავიდნენ, გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ისევ სახლში დარჩება.
– “ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატი არსად ჩანს. ეს ეჭვებს აჩენს. საზოგადოების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ “ოცნება” პრეზიდენტის თანამდებობას ნაციონალებს უთმობს. ამაზე რას ფიქრობთ?
– ამათგან არაფერი გამორიცხული არ არის. ქოცებმა მართლა საგულდაგულოდ დამალეს თავიანთი კანდიდატი. ჩემი აზრით, ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც ივანიშვილმა ამ წლების მანძილზე მიიღო.
– საპრეზიდენტო კანდიდატის გადამალვა რატომ მიგაჩნიათ გამართლებულად?
– მე სალომეს გადამალვა მიმაჩნია გამართლებულად. ეს ქალი რამდენჯერაც კამერების წინ მოხვდა, იმდენჯერ არნახული სისულელეები თქვა. ეს ქალი პირველი ტურის წინ რომ გადაემალათ, უფრო მეტ ხმას აიღებდნენ.
“ოცნებას” არჩევნებისთვის რეიტინგი ივანიშვილის ორმა საარჩევნო გამოსვლამ დაუგდო. ახლა გამოვიდა და გვეხვეწება, ერთი წელი კიდევ ვაცალოთ. რაც 6 წლის განმავლობაში ვერ შეასრულა დაპირებები, 1 წელში აპირებს ამის გაკეთებას.
1 წელში ვერაფერსაც ვერ შეასრულებს და არც აპირებს რამის გაკეთებას. ის ერთ წლიან ვადას სულ სხვა მიზეზით ითხოვს.
– რა მიზეზით?
– ქონება უნდა გაიტანოს.
– რა ქონება?
– რაც საქართველოში აქვს. საყდრისი ტყუილად ხომ არ ააფეთქა? იქედან ოქროს მთლიანად ამოიღებს და მერე წავა საქართველოდან.
მას სალომე და ქოცები საერთოდ აღარ აინტერესებს, მას 1 წელი პირადი სარგებლის მისაღებად სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანმა როგორ უნდა თქვა, რომ რაც 6 წელში ვერ გავაკეთე, 1 წელში გავაკეთებო.
მისი პირადი ზრახვები საქართველოს ინტერესებს არ ემთხვევა. ამიტომ ის რაც შეიძლება მალე უნდა მოსცილდეს ხელისუფლებას.
– და ნაცები უნდა მოვიდნენ?
– ნაცები რატომ უნდა მოვიდნენ. საქართველოს ორივე ძალა უნდა მოსცილდეს. ამ არჩევნებზე ლეიბორისტულმა პარტიამ ის ვერ შევძელით, რომ ჩვენი ამომრჩეველი უბნებამდე მიგვეყვანა. ასეთი პრობლემა შეექმნა სხვა ოპოზიციურ ძალებსაც. ამაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მედიამაც.
– მედია რა შუაშია?
– მთელი ეს პერიოდი მედიით გვესმოდა მოწოდებები, რომ შალვა ნათელაშვილისთვის მიცემული ხმა მაინც დაკარგულია და ჯობია, სხვას მისცეთ ხმა. ხალხი ნიჰილიზმში ჩავარდა. ამ ჯობიათი სადამდე მივედით, ყველანი ვხედავთ – ნაცებსა და ქოცებს შორის გვიწევს არჩევანის გაკეთება.
ეს გასაკვირიც არ არის, ჩვენ ხომ ის ერი ვართ, რომელიც მხოლოდ ორ ფერს – თეთრს და შავს – ხედავს.
შუას გაკრეფვა თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილის ნარატივია. ამ კაცმა პოლიტიკაში მოსვლის პირველი დღიდან დაიწყო ამაზე ზრუნვა. მან ქართულ პოლიტიკაში ფაქტიურად მხოლოდ ორი ძალა დატოვა – ნაცები და ქოცები. მანვე გამოგვიცხადა რომ მთავარი ოპოზიციური ძალა ნაციონალური მოძრაობა იქნებოდა.
დიდი მცდელობის მიუხედავად, შუის გაკრეფვა ვერ მოახერხა, რადგან ხალხმა არ მიიღო ივანიშვილის ეს ნარატივი.
– ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის პირველი პერიოდი გაიხსენეთ. გარდა იმისა, რომ შუის გაკრეფვაზე ღაღადებდა, თქვენი პარტიის ლიდერის მიმართ გამოხატა განსაკუთრებული აგრესია.
– მარტო აგრესიას ვინ ჩივის, დაუფარავი ზიზღი გამოავლინა. ამ ზიზღს არც ახლა მალავს. მის გამოსვლებს კარგად თუ დააკვირდებით, რუსთავი 2-ის ლანძღვას რომ მორჩება, გადადის შალვა ნათელაშვილზე. მნიშვნელობა არა აქვს, არის თუ არა ამ თემასთან კავშირში ჩვენი ლიდერი.
ლეიბორისტულ პარტიას თვითმმართველობის არჩევნებზე ბარიერის გადალახვა არასდროს უჭირდა. 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე პირადად ბიძინა ივანიშვილმა გასცა განკარგულება, რომ თელავში ლეიბორისტულ პარტიას თითო უბანზე თითო ხმა უნდა მიეღო. თელავში ასე გააკეთეს და ვეღარ მოვხვდი საკრებულოში.
– საკრებულოს მიღმაც კარგად უშლით ხელისუფლებას ნერვებს.
– იმისთვის, რომ ქოცები ვამხილო, არანაირი მანდატი არ მჭირდება.
– თქვენ არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებთ, საინტერესოა, რა განწყობა აქვთ თელავის მაცხოვრებლებს.
– თელავი ერთადერთი ქალაქია საქართველოში, სადაც გრიგოლ ვაშაძემ არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა ხმების 52% მოაგროვა.
– ასე რატომ უყვართ თელაველებს ვაშაძე?
– მაგას ვერ გეტყვით. თელაველებმა ჩვენც კარგად მოგვცეს ხმები. სამი მონსტრის – ნაციონალების, “ოცნების” და ევროპული საქართველოს” ჭიდილში 4,5% მივიღეთ. ეს კარგი შედეგია. აქამდე თუ 1 ძალასთან გვიწევდა ჭიდილი, ახლა 3 კარგად ორგანიზებულ ძალას დავეჭიდეთ. რიგ უბნებზე შალვამ დავით ბაქრაძეზე მეტი ხმაც კი დააგროვა. არადა ბაქრაძემ თელავში არნახული რესურსი დახარჯა.
თელავში “ოცნების” განსაკუთრებული მარცხი რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული. მთავარი მიზეზი ისაა, რომ “ოცნების” საარჩევნო შტაბის უფროსად ისეთი კაცი დანიშნეს, რომელიც თელავში მანამდე მხოლოდ სკოლის ექსკურსიიდან იყო ნამყოფი. მხედველობაში მყავს ბენედიქტე გეგეჭკორი. რომელიც კახეთის გუბერნატორის ახლო მეგობარია და მან დაასაქმა კახეთში. ამ ბენედიქტეს ფაქტიურად მთელი კახეთი ვინახავთ.
– კახეთი რატომ ინახავს, ხელფასი არა აქვს?
– აქვს, მაგრამ დამატებით საწვავს ვუსხამთ. თელავის ახლოს შალაურია, იქ ვილა ჰქონდა ნაქირავები და იმის ქირასაც ჩვენ ვუხდიდით. ეს ადამიანი დანიშნეს საარჩევნო შტაბის უფროსად და სასტიკადაც წააგეს არჩევნები.
– ბენედიქტემ წააგებინა არჩევნები ზურაბიშვილს?
– ბენომ წააგებინა. კაცი თელავის აზრზე არაა და როგორ უნდა მოეგო თელავში რამე. ეს ბენო კიდევ ცარიელი თავთავივით იყო ჩვენთან. რაკი ჩამოყვანილი იყო, ზემოდან უყურებდა ხალხს და სათანადო შედეგიც მიიღო.
– ამ მარცხის მერე ისევ ეგ დარჩა შტაბის უფროსად?
– ფორმალურად კი. ოღონდ მას არავინ არაფერს აღარ კითხავს.
– მოდით, ისევ ივანიშვილის და ნათელაშვილის ამბავს დავუბრუნეთ. რატომ ვერ იტანს თქვენს ლიდერს ასე ძალიან “ოცნების” ლიდერი? მზე და მთვარე არც შალვას ამოსდის, მაგრამ მაინც უცნაურია ასეთი გადაკიდება.
– მოვიდა თუ არა პოლიტიკაში, მტრებად გამოგვაცხადა. ამ ადამიანს ისეთი ხალხი უყვარს, ვისი მართვაც შეუძლია. ხალხს კი კომპრომატებით მართავს. შალვას კი ვერანაირი კომპრომატი ვერ მოუძებნა. ამიტომაც გადაემტერა.
– მისი გუნდი სააკაშვილის აღზევებას შალვას აბრალებს.
– 1998 წელს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობა დაუთმოო. მარტო ეს სისულელე აქვთ სალაპარაკო. ეს არის სუსის ნარატივი. ამ ნარატივების არავის აღარ სჯერა.
შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა