“პარლამენტი თვითლიკვიდაციას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას გეგმავს”

"პარლამენტი თვითლიკვიდაციას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას გეგმავს"ვისი სურათები აკლია სააკაშვილის საწინააღმდეგოდ გამოფენილ ბილბორდებს, როგორ დაეცა “ოცნება” კარტოფილამდე, რა პრობლემებს შეუქმნის ივანიშვილის თავისივე გუნდი? – ამ თემებზე “ახალ თაობას” მონიტორინგის ცენტრ “მედიატორის” წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი ესაუბრება.
– თბილისში გამოჩნდა სააკაშვილის საწინააღმდეგო ბილბორდები, როგორც წესი, ასეთ პლაკატებს ოპოზიცია აკრავს ხოლმე ხელისუფლების საწინააღმდეგოდ. ამ შემთხვევაში პირიქითაა და თქვენ, როგორც ნაციონალებთან დაახლოებული პირი, რას გვეტყვით, ისევ ნაცები მართავენ ქვეყანას?
– ძალიან სასაცილო ვითარებაა ამ მხრივ, მეშვიდე წელია, რაც “ქართული ოცნება” ხელისუფლებაშია და ისევ ნაციონალების გადადგომას ითხოვს. სხვა გზა მათ უბრალოდ არ აქვთ. ხალხს ვერ ეუბნებიან, რა გააკეთეს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ვერ გვეუბნებიან, რა შეიცვალა უკეთესობისკენ. ასეთ დროს საუკეთესო გამოსავალია, მოითხოვო 5 წლის წინ წასული სააკაშვილის გადადგომა.
მმართველი გუნდისგან ჩვენ უამრავი დაპირება გვახსოვს 1000 საწარმოდან დაწყებული უფასო ფულით დამთავრებული, მაგრამ არცერთი მათგანი არ შესრულებულა.
ამ შეუსრულებელი დაპირებებისა თუ კიდევ უამრავი მიზეზის გამო, საპრეზიდენტო არჩევნებში ხალხმა უარი უთხრა “ოცნებას”. იმის ნაცვლად, რომ შეცდომები გაეანალიზებინათ, გამოვიდნენ და გვითხრეს – “არა მიშას”, “არა 9 წელს”.
არადა იმ 9 წლის შემოქმედები და უკანონო დავალებების შემსრულებლები “ოცნების” სახელით გაიყვანეს პარლამენტში,. ასეთი ხალხი მრავლად არის სამინისტროებში, აღარაფერს ვამბობ სსიპებსა და აიპებზე.
კოლექტიური მურუსიძეებით. ჩინჩალაძეებით და ზარდიაშვილებით არის დაკომპლექტებული მმართველი პარტია. სისხლიანი 9 წლის შემოქმედები გვეუბნებიან, რომ თურმე გაერთიანებული ოპოზიციის მოგება მოიტანს უფრო მეტ ცუდს, ვიდრე დღეს ხდება.
ხშირად გვახსენებენ იმასაც, რომ წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა ბიზნესის დარეკეტება. ვადასტურებ, რომ მართლაც ჰქონდა ასეთ ფაქტებს ადგილი, მაგრამ “ოცნებას” ამ თემაზე საუბრისას ავიწყდება ერთი მთავარი – ბიზნესის მთავარი დამრეკეტებელი იყო ოთარ ფარცხალაძე.
– ოთარ ფარცხალაძე მიშას დროს არეკეტებდა ბიზნესს?
– დიახ. მაშინ მას საკმაოდ მაღალი თანამდებობა ეკავა ფინანსურ პოლიციაში. ფარცხალაძე დღესაც მთავარი რეკეტია. ყველა ვხედავთ, როგორ ჩაჰყავს მინისტრები და რიგითი მოქალაქეები სარდაფში და როგორ ურჩევს იქ მათ საქმეებს.
ქვეყანაში გამოჩნდა ბანდფორმირებები. ასეთი ფორმირებები საქართველოში შევარდნაძის დროს მოქმედებდნენ. მაშინ სხვადასხვა დაჯგუფებები იარაღით არჩევდნენ საქმეებს. ყველაფერი ცუდი, რაც კი შევარდნაძეს და ნაციონალებს ჰქონდათ, “ოცნებამ” გადაიღო, გააერთიანა და ასე მართავს ქვეყანას.
ხალხთან მისასვლელი პირი რომ აღარ აქვთ, იმ დონეზე დავიდნენ, რომ 5 კილოგრამ კარტოფილს იძლევიან ერთ ხმაში.
– ზემოთ თქვით, დაპირებები არ შეასრულესო, მაგრამ კარტოფილის ამბავში, მგონი, დაიწყეს დანაპირების შესრულება. 2012 წელს ბიძინა ხალხს დაპირდა, ელიტური კარტოფილის ჯიში გამოვიყვანეთ და დაგირიგებთო. იქნება მართლა ელიტური კარტოფილი რიგდება?
– 6 წლის თავზე მართლა ერთადერთი დაპირება შესრულდა – “ოცნება” 2012 წელს დაპირებულ კარტოფილს არიგებს ახლა. არც ეს დანაპირები შესრულდა სრულად. ბიძინა ხალხს დაპირდა, ელიტურ კარტოფილს უფასოდ დაგირიგებთო და ახლა საარჩევნო ხმებზე იცვლება კარტოფილი.
კარტოფილით ნაყიდი ხმებით უნდა ძალაუფლების შენარჩუნება, მაგრამ ამაოდ ჩაივლის ეს თავგამოდება – ისევე, როგორც პირველ ტურში უთხრა ხალხმა “ოცნებას” უარი, მეორე ტურშიც იგივე მოხდება.
– დარწმუნებული ხართ, რომ მეორე ტურშიც იგივე იქნება, რაც პირველ ტურში იყო?
– დარწმუნებული ვარ. ამ რწმენას ერთი მარტივი მიზეზი მაძლევს – დიდი ხნის მანძილზე ვამბობდით, რომ არაფორმალური მმართველობა ქვეყანას დაღუპავდა, ვამბობდით, რომ “ოცნება” გაივსო ისეთი ადამიანებით, რომლებიც ნაციონალების დროს ცუდი საქმეების კეთებაში იყვნენ შემჩნეულები. ვურჩევდით “ოცნებას”, მოეშორებინათ ეს ხალხი, ივანიშვილმა, ჩვენს ჯიბრზე, დამნაშავეები დააწინაურა.
ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” ამას უნდა დააბრალონ ის სირთულეები, რაც დღეს მათ წინაშეა. ამ მდგომარეობაში თავად ჩაიგდეს თავი.
საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ხელისუფლება ამბობდა, რომ მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს. იმასაც კი ამბობდნენ, რომ არ იქნებოდა ტრაგედია, თუ ამ არჩევნებს ოპოზიცია მოიგებდა.
როგორც კი ეს არჩევნები მოახლოვდა, მთელი “ოცნება” დაირაზმა და ყველა ხერხით ცდილობს ვითომ დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის გაყვანას.
ამ საპრეზიდენტო არჩევნებს ბიძინა ივანიშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან აიგივებს. იმდენად მნიშვნელოვანია ამ არჩევნების მოგება, რომ პირადად ჩაერთო საარჩევნო კამპანიაში. მეორე ტურის წინ სალომე ზურაბიშვილის პლაკატებზე მისი სურათები გადააკრეს.
– პრეზიდენტს უფლებები პრაქტიკულად აღარ აქვს, რატომ ცდილობს “ოცნება” ასე გამწარებით ამ პოსტის დაკავებას?
– ძალიან სწორად იქცევიან, ამ პოსტისთვის ასე გამეტებით რომ იბრძვიან. მათ ძალიან კარგად იციან, რომ მათი ძალაუფლების შენარჩუნება გადის სალომეს გაპრეზიდენტებაზე.
ეს არჩევნები “ოცნების” კანდიდატმა თუ წააგო, ეს ნიშნავს იმას, რომ ხალხს არც ბიძინა და არც მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი არ სჭირდება. ამის შემდეგ “ქართული ოცნება” უბრალოდ დასრულდება.
– დასრულდება ვითომ?
– რა თქმა უნდა. მოსახლეობა როცა მათ არჩევნებზე უარს ეტყვის, “ოცნების” პარტიული სტრუქტურა თავისით ჩამოიშლება.
დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, როგორც კი რყევები დაიწყება, ივანიშვილს პირველები ის დეპუტატები უღალატებენ, ვინც ახლა მის ქება-დიდებაში არიან.
– საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები გყავთ მხედველობაში?
– დიახ. როგორც კი მათი კანდიდატი წააგებს არჩევნებს, პირველები ეგენი აქცევენ ზურგს ივანიშვილს, გამოაცხადებენ პარლამენტის თვითლიკვიდაციას და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავენ.
– დარწმუნებული ხართ, რომ ბიძინას წინააღმდეგ წავლენ?
– როდესაც საკითხი ასე დადგება, ხალხი თუ ბიძინა, არჩევანს, რა თქმა უნდა, ხალხის სასარგებლოდ გააკეთებენ. “ოცნებაშიც” კი ვერავინ გაბედავს ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლას.
ხალხის წინააღმდეგ ჯერ არავის არაფერი მოუგია, ეს კარგად იცის თავად “ოცნების” ლიდერმაც. ამიტომაც ცდილობს თავის გუნდთან ერთად, რომ როგორმე მოიპოვოს არჩევნებზე ხმები. მმართველი პარტიის მთელი ძალისხმევა იმისკენ არის მიმართული, რომ როგორმე ეს არჩევნები გადააგორონ.
ხელისუფლებას თუ ცოტა ხნით მაინც კიდევ უნდა ძალაუფლების შენარჩუნება, მაშინ უარი უნდა თქვას არჩევნების გაყალბებაზე – თუ პრეზიდენტის მანდატს არჩევნების გაყალბების გზით მოიპოვებს, მაშინ ის ამომრჩეველი, რომელიც “ოცნების” წინააღმდეგია, აუცილებლად იტყვის თავის სათქმელს.
მინდა შევახსენო მმართველ პარტიას, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მის წინააღმდეგ ხმა მილიონმა ამომრჩეველმა მისცა.
ამ მილიონ მოქალაქეს ოპოზიცია არ დასჭირდება საიმისოდ, რომ ქუჩაში გამოვიდეს. პროტესტი ისედაც დაწყებულია. ყველამ ვნახეთ, რომ “ოცნების” რამდენიმე დახურული თათბირი საზოგადოების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.
ეს აქციები თავად ხალხმა მოაწყო. ამაში არც პოლიტიკურ პარტიებს და არც არასამთავრობო ორგანიზაციებს მონაწილეობა არ მიუღიათ. ხალხი უკვე ხვდება, რომ თავად უნდა იბრძოლოს უფლებების დასაცავად. ეს ხალხი ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებას აღარ აპატიებს.
– საკმაოდ ბევრი რამე აპატია ხალხმა ხელისუფლებას. დარწმუნებული ხართ, რომ არჩევნების გაყალბებას არ აპატიებს?
– ახლა ვითარება შეიცვალა. ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ხალხი უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს. ყველამ დაინახა, რომ ის საბიუჯეტო თანხები, რაც სახელმწიფოს და ხალხს უნდა მოხმარდეს, “ოცნების” ჩინოსნებს მიაქვთ სახლში.
პირველ ტურში დამარცხებულებმა დაანონონსეს, კარდაკარ დავივლით და ვნახავთ, ხალხს რა უჭირსო. მას შემდეგ ლამის სამი კვირა გავიდა და არავისთან სახლში არ მისულან.
– ეგენი მოსახლეობასთანაც აპირებდნენ ჩახუტებას, თქვეს, ხალხს მოვეფერებითო. თქვენ გარშემო თუ მოეფერნენ ვინმეს?
– თავად კი ჩაეხუტებოდნენ, მაგრამ ვინ მიუშვა ჩასახუტებლად. სადაც კი მივიდნენ. ყველგან ქვები დაუშინეს. ზოგან კეტებით გამოეკიდა მეოცნებეებს ხალხი.
– კეტებით გამოკიდება რაღა იყო, იქნებ რა ჰქონდათ სათქმელი?
– აქაც დასცინეს ხალხს. ჯიპებიდან არც გადმოსულან, ისე ეკითხებოდნენ, რა გიჭირთო. მაგიტომაც მიიღეს პასუხად კეტი და ქვა.
აი, ეს გახლავთ “ოცნების” რეალური სახე, რომელიც გაურკვეველი წარმოშობის კრიმინალებით აპირებს არჩევნების ჩატარებას. ყველაზე სასაცილო ისაა, რომ სუსის მაღალჩინოსნები და კრიმინალური ავტორიტეტები დღეს ერთ მხარეს დგანან.
ყველაფერზე მიდიან, რომ სალომე ზურაბიშვილს მოაგებინონ არჩევნები. ბევრს ცდილობენ, მაგრამ ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლას მაინც ვერ გაბედავენ.
ხალხი მმართველ პარტიას მეორე ტურშიც იგივე განაჩენს გამოუტანს, რაც პირველ ტურში გამოუტანა. ცალკე საუბრის თემაა თუ რატომ დანიშნეს მეორე ტური შუა კვირაში, სამუშაო დღეს.
– არჩევნებს სამუშაო დღეებში მიხეილ სააკაშვილიც ნიშნავდა.
– ასეთი რამ ადრეც მომხდარა. მიხეილ სააკაშვილმა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები შუა კვირაში დანიშნა. ამაზე მაშინ ხალხმა, პოლიტიკოსებმა და სამოქალაქო სექტორმა პროტესტი გამოხატა. ამიტომ სააკაშვილმა თარიღი შეცვალა და არჩევნები კვირა დღეს ჩატარდა. არჩევნები წესით არასამუშაო დღეებში უნდა ჩატარდეს, რაღა ყველას მიეცეს საშუალება, გააკეთოს თავისი არჩევანი.
არჩევნების შუა კვირაში დანიშვნის გამო, მაშინ ივანიშვილი ბევრს ლანძღავდა სააკაშვილს. ახლა თავად იმეორებს იგივეს. აქამდე ხომ ამბობდა, რომ მიშას ფეხებზე ეკიდა მოქალაქეები, ახლა თავად დაიკიდა ფეხებზე ხალხი.
მისი წყალობით, ემიგრანტების დიდი ნაწილი არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. არადა ეს ის ხალხია, ვის კისერზეც დღეს ჩვენი ეკონომიკა დგას. ისეთ დღეში ჩააგდო “ოცნებამ” ქვეყანა, რომ ემიგრანტების გამოგზავნილი ფულით ცოცხლობს ჩვენი ეკონომიკა.
აი, ასეთ ადამიანებს უკრძალავს ივანიშვილი არჩევნებში მონაწილეობას მიღებას. ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რომ ემიგრანტები მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლო არჩევანს არ გააკეთებენ.
ემიგრანტების დიდი ნაწილი მაინც აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ისინი ამბობენ, სხვა სამსახურს ჩვენ ვიშოვით, მაგრამ სხვა სამშობლოს ვერაო.
– მოდით, “ოცნების” ახალ ბილბორდებზეც ვისაუბროთ, სადაც ხელისუფლება მიშას გმობს. ამ პლაკატებზე სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები არიან გამოსახული. ამან რა შედეგი უნდა მოიტანოს, ხალხს ნაციონალების დაბრუნების შეეშინდება?
– ამ პლაკატებით საკუთარი უსუსურობის გადაფარვა უნდათ. თქვენი აზრით, ხალხს პირველი ტურის წინ არ ახსოვდა ის 9 წელი? გინდა პლაკატი დაკიდონ და გინდა კლიპი გადაიღონ, ხალხი ისევ უარს ეტყვის მათ.
სამართლიანობისთვის ამ პლაკატებზე მიშასთან ერთად ბიძინა და კალაძეც უნდა იყვნენ გამოსახული. დედაქალაქის მერი 7 ნოემბრის დარბევასაც კი “აპრავებდა”, ისე ერთგულებდა მიშას. ივანიშვილი კი იმ 9 წლის მანძილზე ყოფილი ხელისუფლების მთავარი დამფინანსებელი იყო.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა