სოფლის მეურნეობისა და მევენახეობის აღორძინების ყოფილი თავმჯდომარე ზაურ გრძელიშვილი “ქართულ ოცნებას” და ბიძინა ივანიშვილს ხალხის ღალატში ადანაშაულებს.
ერთ დროს “ქართული ოცნების” აქტიურ მხარდამჭერს, 2012 წელს ნაციონალები დასდევდნენ. ახლა მას “ოცნების” მიერ გადაგდებული ხალხი დასდევს.
– 2012 წელს, მაშინ როცა ყველას ეშინოდა ხმის ამოღება, შევქმენი სოფლის მეურნეობისა და მევენახეობის აღორძინების ფონდი, სადაც “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს ვაწევრიანებდი. ბიზნესი მქონდა და ყველაფერს ჩემი ფულით ვაფინანსებდი. ამ საქმეში ჩემი მეგობრებიც ჩავრთე. მათაც დავადებინე რაღაც თანხა. ხალხს ვარწმუნებდი, რომ “ოცნების” მოსვლის შემდეგ ყველაფერი კარგად იქნებოდა.
“ოცნება” ხელისუფლებაში მოვიდა, მაგრამ ყველაფერი უკუღმა წავიდა. ხალხი, რომელსაც ვარწმუნებდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, ახლა მე მთხოვს პასუხს და თაღლითს მეძახის, – ამბობს “ახალ თაობასთან” საუბარში გრძელიშვილი.
მისი თქმით, თაღლითის იარლიყით ცხოვრება მას აღარ შეეძლო და “ოცნების” ლიდერებთან გადაწყვიტა შეხვედრა.
– ივანიშვილისთვის არც თანამდებობა მითხოვია და არც ფული, იქეთ დავხარჯე ფული, რომ ეგენი ხელისუფლებაში მოსულიყვნენ. მასთან შეხვედრა იმ დაპირებების გამო მინდოდა, რაც ხალხს მისცეს და არ უსრულებდნენ. ივანიშვილამდე არავინ არ მიმიშვა. სასოწარკვეთილმა გადავწყვიტე, მის რეზიდენციასთან თავი დამეწვა. იმ მომენტში იქ ალიას ჟურნალისტი იმყოფებოდა. მან წამართვა ბენზინიანი ბოთლი, თორემ თავს დავიწვავდი.
ეს საქმე გახმაურდა, მაგრამ ივანიშვილმა ჩემთან შესახვედრად მაინც ვერ მოიცალა. მან ფაქტიურად სასიკვდილოდ გამწირა და ახლა გვერდში დადგომისკენ მომიწოდა, ძველი გვარდიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად. ეს არის სამარცხვინო ადამიანი და მისი ნდობა არ შეიძლება. მან ძველი გვარდია და მხარდამჭერები ფეხებზე დაგვიკიდა, – აღნიშნავს გრძელიშვილი.
ივანიშვილის გარდა, მან დაბალი რანგის ლიდერებთანაც სცადა შეხვედრა, მაგრამ მათაც ვერ მოიცალეს მასთან შესახვედრად.
– მე საგარეჯოდან ვარ და ჩვენი მაჟორიტარი თინა ხიდაშელი იყო. მას როცა ჩემი ამბავი გააგებინეს, თქვა, მაგას საერთოდ არ ვიცნობო. არადა არჩევნების წინ სულ ჩემს სახლში იკრიბებოდნენ.
გედი ფოფხაძე ბევრს საუბრობს ადამიანის უფლებებზე. მასთანაც ვცადე შეხვედრა. 50-ჯერ მაინც დავურეკე, მაგრამ არცერთხელ არ მიპასუხა. დღეს ეს უნამუსო ადამიანი ივანიშვილის მსგავსად ძველ გვარდიას მოუწოდებს “ოცნებას”, გვერდით დაუდგეს.
ძველი გვარდია და ხალხი მხოლოდ არჩევნების პირველი ტურის წაგების შემდეგ გაახსენდათ. მოვუწოდებ ყველას, ისევე მოექცნენ ახლა ივანიშვილს და “ოცნებას”, როგორც ეგენი მოექცნენ ხალხს 2012 წლის მერე, – აცხადებს სოფლის მეურნეობისა და მევენახეობის აღორძინების ფონდის ყოფილი თავმჯდომარე.
შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა