“ახალი თაობის” კითხვებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე პასუხობს.
– ბატონო რევაზ, ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები და ვხედავთ, რომ მეორე ტურია საჭირო. რა შეცდომები დაუშვა ხელისუფლებამ?
– თავის დროზე, როდესაც იყო განხილვები, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თქვა, თუ პირველ ტურში ვერ გაიმარჯვა ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა გუნდმა ვერ იმუშავა კარგად.
– ანუ გუნდის ბრალია?
– რა თქმა უნდა. საარჩევნო კამპანიას თავის წესი აქვს. ხომ ნახეთ. როგორ გააფთრებულად მუშაობდნენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. არ ერიდებოდნენ არანაირ ეპითეტებს და ყველაფერზე მიდიოდნენ.
– კომპრომატების ომით მოიგეს?
– რა თქმა უნდა. ამითაც მოიგეს და იმითაც მოიგეს, რომ მოგებული კი არ იგებს, წაგებული აგებინებს. როდესაც ერთი მხარის უკმაყოფილოა მოსახლეობა, იმას აღარ უყურებს მეორე მხარე ივარგებს თუ არ ივარგებს და ამის წინააღმდეგ აძლევს ხოლმე ხმას.
– ფაქტია, რომ მოსახლეობაში ძალიან დიდია იმედგაცრუება. სხვა შემთხვევაში ეს შედეგი არ გექნებოდათ.
– სამწუხაროდ, არის, მაგრამ მოსახლეობა იმას ვერ აცნობიერებს, რომ ძალიან ბევრი რაღაცა “ქართულმა ოცნებამ” ვერ შეასრულა სწორედ იმიტომ, რომ გააფთრებული ხელს უშლიდა ნაციონალური მოძრაობა.
– კი მაგრამ ხელისუფლებაში თქვენ ხართ, ძალაუფლება თქვენს ხელშია. ის ხომ არ იყო შეცდომა, თქვენს რიგებში რომ დატოვეთ ამდენი ნაციონალი?
– მე სულ მუდმივად ამას ვლაპარაკობ, რომ ეს არ იყო სწორი. სწორედ ამას ამბობენ დიდი პოლიტიკოსები, რომ ძველი ხელისუფლებიდან არავინ არ უნდა დატოვო საკვანძო თანამდებობებზე და ეს არ გააკეთეს.
როცა მართავ ქვეყანას, მაქსიმალურად უნდა ეცადო, რომ ხელი არავინ შეგიშალოს. როდესაც ასეთი ხელის შეშლა არის ამერიკელი სენატორების დონეზე, ევროპელი პარლამენტარების დონეზე, რომ ეს ხელისუფლება არ ვარგა და რუსეთის მოყვანილია და არის მთელი ამბავი, ძნელია, რომ შენი დანაპირების მაქსიმუმი შეასრულო. თუმცა ამას ხომ მოსახლეობა აღარ უყურებს. ის უყურებს იმას, რომ შენ რაც თქვი, ის ვერ გააკეთე. მოსახლეობა მიზეზებს აღარ ეძებს, არ კითხულობს რატომ ვერ გააკეთე, ის შედეგებს უყურებს.
– დრო არც ისე დიდია, მაქსიმუმ ერთი თვე.
– ვადა არის მაქსიმუმ 2 დეკემბერი, მეტი გადაცილება არ შეიძლება. შესაძლოა უფრო ადრეც დაინიშნოს. ძალიან დიდი მუშაობაა საჭირო იმისათვის, რომ მართალია ამ ეტაპზე ვერ გაიმარჯვე, მაგრამ აჩვენო ხალხს, რომ ჩვენ კიდევ შეგვიძლია რაღაცა და არც ისეა საქმე, რომ ნაციონალებისგან, რომლებიც დიდ უბედურებას ატრიალებდნენ, ჩვენ რაიმე გვქონდეს სასწავლებელი.
– როდესაც პარტიის გენერალური მდივანი, კახა კალაძე გამოდის და აცხადებს, რომ შეცდომა იყო სალომე ზურაბიშვილის წარდგენა, ამაზე რას იტყვით?
– თქვა ეს კახა კალაძემ? მე არ მომისმენია, სიმართლე რომ გითხრათ. მე გეტყვით ერთ რაღაცას, როდესაც ამ მიმართულებით დადგა საკითხი, მე ვიყავი პირველი, რომელმაც ვთქვი, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის სწორი.
– რატომ?
– იმიტომ კი არა, რომ მე სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგი მქონდა რაღაცა. მე ვლაპარაკობდი იმას, რომ როდესაც ხარ მმართველი პარტია, მმართველი ძალა, არ შეიძლება, რომ საკუთარი კანდიდატურა არ გყავდეს.
აი, ამას ვთვლი მე არასწორად, რომ თავისი რიგებიდან არ წარადგინა. თუმცა მაშინვე განვაცხადე, რომ თუ უმრავლესობა გადაწყვეტს, მეც მხარს დავუჭერ ამ კანდიდატურას-მეთქი და დავუჭირე კიდევაც მხარი.
პირადად მე მივეცი ხმა სალომე ზურაბიშვილს, მაგრამ ჩემნაირები არ აღმოჩნდნენ საკმარისი, რომ პირველ ტურშივე გამარჯვება მოგვეპოვებინა. პირდაპირ გეუბნებით, რომ ყოფილიყო თვითონ “ქართული ოცნების” რიგებიდან წარდგენილი კანდიდატი და იქ ღირსეული ბევრია, პირველ ტურში იქნებოდა გამარჯვება.
– სულ იყო საუბარი, რომ გუნდში იყო დიდი წინააღმდეგობა, რომ ძალიან ბევრს არ მოსწონდა სალომეს კანდიდატურა, მაგრამ ვერ შეეწინააღმდეგენ ივანიშვილის სურვილს. ასეა?
– ნამდვილად არ ყოფილა ეგრე, ხომ გეუბნებით, სულ ცალ ხელზე დასათვლელი ვიყავით, ვინც განსხვავებული აზრით გამოვიდა და თქვა, რომ ეს არის არასწორი გადაწყვეტილება. ძალიან ბევრი ნამდვილად არ ყოფილა. მერე რომ იციან, მეც ეგრე ვიყავიო და სინამდვილეში ჩუმად არის, ეგეთი ხალხი თუ იტყვის მაგას.
– ბატონო რევაზ, დიდი ალბათობაა იმის, რომ გრიგოლ ვაშაძემ მოიგოს მეორე ტური. მაშინ რა რეალობის წინაშე დგება “ოცნება”?
– მე არ მგონია, რომ ძალიან დიდი ალბათობა იყოს მაგისი. პირველი ტურის გავლის შემდეგ მე ვიტყოდი, რომ სიტუაცია არის 50/50-ზე. ვინ როგორ იმუშავებს ამ ერთი თვის განმავლობაში, იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორი შედეგი იქნება.
– ერთ თვეში შეძლებს “ოცნება” 6 წლის მანძილზე დაშვებული შეცდომების გამოსწორებას? რაზე მიუთითებთ თქვენ, რა უნდა გაკეთდეს პირველ რიგში?
– მთავარი ის არის, რომ ნამდვილად უნდა დაანახოს “ქართულმა ოცნებამ” მოსახლეობას, რომ მიუხედავად იმ დიდი ხელის შეშლისა, ჩვენ უნდა დავანახოთ ხალხს, რა შეგვიძლია, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. ოპოზიციამ უნდა გაკრიტიკოს და იმისთვისაა ოპოზიცია, მაგრამ რასაც ესენი აკეთებენ, ეს სულ სხვა რამეა. პირდაპირ ლანძღვა-გინებაზე არაიან გადასულნი.
– თუმცა ხელისულებას უნდა შეძლებოდა მათი მოგერიება და სათანადო პასუხის გაცემა. “ოცნებაა” ხელისუფლება და არა – ნაციონალური მოძრაობა.
– სწორედ ეს თქვა ბიძინა ივანიშვლმა, რომ თუ ჩვენ ვერ მოვიგეთ პირველ ტურში, ესე იგი ვერ იმუშავა ჩვენმა გუნდმა კარგადო და მეც ვთვლი, რომ სახეზე ეს არის.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა