სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების პირველი ტური წააგო როგორც საქართველოს ყველა დიდ ქალაქში, ისე საზღვარგარეთის უბნებზე. ის დამარცხდა გორშიც, ქალაქში, რომელმაც საკუთარ თავზე მთელი სიმწვავით გამოსცადა 2008 წლის აგვისტოს ომი.
ზურაბიშვილის აგვისტოს ომთან დაკავშირებული განცხადებები, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო, უკავშირდება თუ არა ამ შედეგს და რით აიხსნება დიდ ქალაქებსა და საზღვარგარეთის უბნებზე არჩევნების წაგება? _ ამის შესახებ „ახალი თაობა“ პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრა.
_ სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები წააგო ყველა დიდ ქალაქში _ თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში. რითი აიხსნება ეს?
_ დიდ ქალაქებში უფრო რთულია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა მანიპულაციებსა და ფორმებზე, მოსყიდვებზე და ა. შ.
_ რთული რატომ?
_ რთულია იმიტომ, რომ ჯერ ერთი ბევრი ხალხია და ყველას თვალწინ ხდება. გარდა ამისა, პრესაა, ტელევიზიაა, ჟურნალისტები უფრო აქტიურები არიან. დამკვირვებლებიც დიდ ქალაქებში უფრო ჩადიან. სოფლებში და მცირე დასახლებულ ქალქებში უფრო იოლია ამ ყველაფრის გამოყენება. ტექნიკურადაც. მე მაგალითად მხოლოდ ამით ავხსნი.
არა მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი უკეთესად გაიცნეს სადღაც მიყრუებულ სოფელში და ცუდად გაიცნეს თბილისში, ქუთაისსა თუ ზუგდიდში. ანუ, სალომე ზურაბიშვილს ხმა მისცეს იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც არ იცოდნენ, ეს ქალი ვინ არის და რას ლაპარაკობდა, როგორი წარსული აქვს. იყო მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსი და იქ სულ ერთია.
_ ემიგრანტებმაც სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მისცეს ხმა. ამაზე რას იტყვით?
_ კი, ემიგრანტებში ყველგან წააგო.
_ რით ახსნით ამას? მით უმეტეს, როცა საფრანგეთშიც აგებს, სადაც დიდი ხანი ცხოვრობდა?
_ საფრანგეთში, ბელგიაში, აშშ-სა თუ სხვაგან ქართველი ემიგრანტები სალომე ზურაბიშვილს პროდასავლურად არ თვლიან. როგორი ავტორიტეტი აქვს ამ ქალს თავის თანამემამულეებში, ეს ხომ თავისთავად ბევრ რამეზე ლაპარაკობს. გარდა ამისა, როგორც ჩანს, საფრანგეთის ქართველობამ უფრო მეტი იცის ამ ადამიანის წარსულზე, ვიდრე ჩვენ.
_ სალომე ზურაბიშვილმა ასევე წააგო შიდა ქართლში. მათ შორის გორშიც. გორი ოკუპირებულ ტერიტორიებთან ძალიან ახლოს არის და საკუთარ თავზე გამოსცადა 2008 წლის აგვისტოს ომი. ეს უკავშირდება თუ არა მის განცხადებებს ომთან დაკავშირებით?
_ რასაკვირველია. გარდა ამისა, ნახეთ, რა მოხდა, ეთნიკური სომხებით დასახლებულ რაიონებში გაიმარჯვა ზურაბიშვილმა, მაგრამ ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ ადგილებში ვაშაძემ მოიგო.
_ ეს რას უკავშირდება?
_ ახალქალაქში გაკეთებულ მის განცხადებებს მოქალაქეობაზე და ა. შ. ამ ქალმა კიდევ ერთი ნაპრალი გააჩინა. გამოირკვა, რომ თუ ვაშაძე პრეზიდენტი გახდა, ეთნიკური სომხები მას არ აღიქვამენ თავის პრეზიდენტად. აზერბაიჯანელები კი _ ზურაბიშვილს. ასეთი სურათი შეიქმნა სალომე ზურაბიშვილის სულელური განცხადებებით. კანდიდატის განცხადებები ძალზე მნიშვნელოვანია.
ტყუილად ხომ არ არის, რომ ამერიკაში პრეზიდენტს მრჩევლები წინასწარ აკონტროლებენ, მის ყველა განცხადებას და ყველა სიტყვას. თუ ის ნორმალური პრეზიდენტია და ტრამპისნაირი არ არის.
_ ბოლო პერიოდში დაიწყეს სალომე ზურაბიშვილის განცხადებების გაკონტროლება. ყოველ შემთხვევაში, აღარ იყო მისი მხრიდან ისეთი ხმაურიანი განცხადებები ბოლოს, როგორც ეს თავიდან ხდებოდა.
_ კი, დაიწყეს. მაგრამ აქ პიროვნულ ფაქტორებს აქვს მნიშვნელობა. სალომემ თავად დაიჯერა, რომ მართლა ევროპელია და ევროპული სტილის კამპანიას ატარებს აზიაში. მე ევროპელი ვარ და ამიტომ მაკრიტიკებენ ასე მძიმედო. ამიტომ ის ვის დაუჯერებდა.
ჩვენი ხელისუფლების ანალიტიკურ სამსახურებზე დიდი წარმოდგენის არ ვარ, არც მათ ინტელექტუალურ რესურსზე. რამდენიმე ვიცნობ და ვიცი მათი შესაძლებლობები. უბრალოდ, ახლა არ მინდა, გვარები დავასახელო. იმათი ბრალიც არის ეს ვითარება.
_ პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილის მიმართ უარის თქმა არის თუ არა გზავნილი რუსეთისთვის, რომ ქართველი ხალხი არ არის თანახმა, მასთან ურთიერთობაში პოზიციები დათმოს?
_ რასაკვირველია. თვითონ ის ფაქტი, რომ პრორუსულობა მიუღებელია, გამოჩნდა. ერთია რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის დამყარების პოლიტიკა, ოღონდ არა _ ეროვნული ინტერესების ხარჯზე. მეორეა პრორუსულობა. გუშინ ვუსმენდი, რომ ჩვენი თანამოქალაქე ამბობდა, რომ რუსეთი ჩვენ ვაქციეთ მტრად. ეს პრორუსულობაა.
_ სოციალურ ქსელებში ვრცელდება, რომ შესაძლოა სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვას კანდიდატობაზე. მივა აქამდე საქმე?
_ არა, ამას არ გააკეთებს. არ მოახსნევინებს „ოცნება“, ვინაიდან მათ უკანდასახევი ყველა ხიდი დაწვეს. მათ თქვეს, ეს ჩვენი ღირსების საქმეაო. დევიზად ჰქონდათ გამოთქმა, რომ სალომეს გამარჯვება ჩვენი ღირსების საქმეაო. ახლა რომ მოხსნას, მათი აღქმით გამოვა, რომ მათ ღირსება არ აქვთ.
სტალინი მზად იყო, ყოველ ნაბიჯზე უკან დაეხია და იხევდა კიდეც, როგორც კი წააწყდებოდა სერიოზულ წინააღმდეგობას. მაგრამ ეს შიშით კი არ მოსდიოდა, ეს იყო გათვლა. დღეს კი, როგორც ჩანს, ყველა საშუალებით „ოცნება“ შეეცდება,სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახადოს.
_ მათ შორის გაყალბებაზეც წავა?
_ მე ვთქვი ყველა საშუალებით.
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა