დღეს 23 ნოემბერია. ვარდების რევოლუციიდან 15 წელი გავიდა. 15 წლის წინ არჩევნების გაყალბებას მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა. დაახლოებით 2 კვირიანი პროტესტი ზუსტად დღევანდელ დღეს ვარდების რევოლუციით დასრულდა. მაშინდელი რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში ვარდებით შეიჭრა და შევარდნაძის ჩაიც დალია.
ამ პროცესს თან ახლდა მოლაპარაკებების მთელი სერიაც საქართველოს მეორე პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძესა და მაშინდელი რევოლუციის ლიდერებს – მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ჟვანიასა და ნინო ბურჯანაძეს შორის. ხელისუფლება კომპრომისზე არ წავიდა და საბოლოოდ პროცესი რევოლუციით დასრულდა.
ვარდების რევოლუციის მიმდინარეობის პროცესს იმ რევოლუციის ერთ-ერთი გმირი თინა ხიდაშელი „ახალ თაობასთან“ იხსენებს.
_ ვარდების რევოლუციიდან 15 წელი შესრულდა. გაიხსენეთ ის მოვლენები, რომლებიც მაშინ რუსთაველის გამზირზე ხდებოდა.
_ ამინდიც ზუსტად ისეთია, როგორიც მაშინ იყო. 15 წლის წინაც ასე წვიმდა.
მე ვფიქრობ, რომ მაშინ ის პროცესი აბსოლუტურად უკიდურესი აუცილებლობით იყო გამოწვეული. საერთოდ რევოლუცია არასდროს არ არის კარგი ამბავი და სჯობს, რომ ამბები არჩევნებით გაირკვეს. 2003 წელსაც ასე უკეთესი იქნებოდა, რომ ეღიარებინათ ის შედეგები, რაც არჩევნებზე დაფიქსირდა. ჯერჯერობით პირველად და ბოლოჯერ იყო ამ ქვეყნის ისტორიაში, როცა მრავალპარტიულ პარლამენტს ვიღებდით და კოალიციური მთავრობის შესაძლებლობა ჩნდებოდა.
მაშინ, სამწუხაროდ, იმ დროის მმართველებმა ეს არ დაუშვეს და ამ შეცდომისთვის ძვირად გადაიხადეს. ძვირად დაუჯდა მათაც და ქვეყანასაც რევოლუცია, მაგრამ კიდევ უფრო სამწუხარო ის არის, რომ აქედან ვერავინ ვერაფერი ისწავლა საქართველოში. ვერც იმათ, ვინც ვარდების რევოლუციის მთავარი გმირები იყვნენ და ვერც იმათ, ვინც ვარდების რევოლუციის გმირები მერე შეცვალეს.
როგორც ჩანს, უახლოესი წარსულის მაგალითებიც არ გამოდგა საკმარისი, როცა ხელისუფლებაში მყოფმა ძალებმა რაღაც შეიძლება ისწავლონ. კიდევ ერთხელ ვამბობ, შემდგომი შედეგები მიახლოებულიც კი არ იყო იმასთან, რასაც მაშინ ქუჩაში მყოფი ადამიანები ითხოვდნენ.
_ რა საუბრები მიმდინარეობდა ედუარდ შევარდნაძესთან თუ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან? რა იყო მათი პოზიცია, რატომაც უარი თქვეს კომპრომისზე?
_ ჩემი ინფორმაციით და ნამდვილად გარეშე პირი არ ვყოფილვარ იმ პროცესში, მაშინ შევარდნაძის პოზიციები საბოლოო ჯამში ასლან აბაშიძემ გადაწონა. იმ დღეების მთავარი გმირი თუ ანტიგმირი ასლან აბაშიძე იყო. ცხადია, მეორე მხარეს ვგულისხმობ.
გახსოვთ ალბათ აჭარლების აქცია პარლამენტის წინ, რომელიც მაშინ ასლან აბაშიძემ კონტრაქციად მოიგონა. ამ აქციამ იმ პროცესში უკიდურესდ უარყოფითი როლი ითამაშა. პირდაპირი მნიშვნელობით საზოგადოების დაპირისპირება გამოიწვია. ბოლომდე მან არ დათმო არჩევნების შედეგი, ისეთი ხელოვნური და გაყალბებული შედეგი, რომელიც მას აწყობდა.
მაშინ შევარდნაძე გაცილებით ბევრზე იყო წამომსვლელი. პრინციპში შევარდნაძე მზად იყო, შედეგებიც კი ეღიარებინა, მაგრამ ასლან აბაშიძემ უბრალოდ დააშანტაჟა. ყოველ შემთხვევაში, იმ რევოლუციას 2 ანტიგმირი ჰყავდა და არა მხოლოდ შევარდნაძე, რომელიც უფრო მეტად ცნობილია და რომელზეც ყველაზე მეტს ვსაუბრობთ ხოლმე.
_ დღევანდელი გადმოსახედიდან როგორ აფასებთ იმ პროცესებს? შემდეგ ვნახეთ, რომ არც თუ ისე კარგად განვითარდა პროცესები.
_ დიახ, მაგრამ ეს არ აკნინებს თავად იმ 2 კვირის მოვლენების მნიშვნელობას. ყველაფერი, რაც შემდეგ მოხდა, არის ერთი ისტორია, ხოლო ეს ორკვირიანი პერიოდი სხვა ისტორიაა, რომელიც ქართველმა ხალხმა დაწერა. ვარდების რევოლუციის ისტორია იმ ხალხმა დაწერა, რომელიც მაშინ ქუჩაში იყო გამოსული, არჩევნების გაყალბებით გამწარებული და არ აპატია ხელისუფლებას.
ვარდების რევოლუციის შემდგომი ისტორია უკვე მიხეილ სააკაშვილმა და ნაციონალურმა მოძრაობამ დაწერეს. ამიტომ ეს ორი პროცესი ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ. 2 ერთმანეთისგან განყენებულ პროცესად უნდა განვიხილოთ.
ჩვენ გვჩვევია ხოლმე ასეთ ექსტრემალურ ამბებში გადავარდნა. ვარდების რევოლუციის შეფასებაც ერთ-ერთია. იმით, რაც შემდგომ მოხდა, ვარდების რევოლუციის დაკნინება ხდება ხოლმე. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ 2 ერთმანეთისგან განყენებული პროცესია. 2 განსხვავებული შემოქმედი და შემსრულებელი ჰყავს. პირველ პროცესზე იყო ხალხი, შემდეგ პროცესზე კი ყველაფრის პასუხისმგებელი მაშინდელი ხელისუფლებაა.
_ წინასწარ რომ გცოდნოდათ რა მოხდებოდა, ან დღეს რომ იგივე რეალობის წინაშე ვიდგეთ, ისევ დადგებოდით თუ არა იქ?
_ რა თქმა უნდა. ისევე, როგორც 2012 წელს დავდგებოდი იქ, სადაც ვიდექი. ეს არ არის იმ ტიპის ამბავი, რომელსაც დღევანდელი გადასახედიდან შეხედავ, როდესაც ცოტა მეტი იცი და იტყვი, რომ უი ეს რა გავაკეთეო.
არა! ძალიან მარტივი მოცემულობა იყო. როდესაც ქვეყანაში ომია, ყოველთვის საკუთარი სამშობლოს მხარეს დგები. მაშინ იყო ომი. რა თქმა უნდა, თოფებით ომს არ ვგულისხმობ და პოლიტიკურ ომზე ვამახვილებ ყურადღებას. ერთ მხარეს იყო ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას უფსკრულში მიაქანებდა და იმ არჩევნების გაყალბება რომ შერჩენოდათ, ასლან აბაშიძის აბსოლუტურად დესპოტურ მმართველობაში აღმოვჩნდებოდით ყველა.
დღეს, შესაძლოა, ბევრისთვის ძალიან რთული სათქმელია, რომელი უფრო უარესი იქნებოდა, მაგრამ იმ მომენტში ბუნებრივი და ერთმნიშვნელოვანი იყო, რომ ასლან აბაშიძის საქართველო არანაირი არჩევანი არ იყო საქართველოს მომავლისთვის. ამიტომ ზუსტად იქ ვიქნებოდი, სადაც მაშინ ვიდექი 2003 წელს.
ისევე, როგორც 2012 წელსაც იქ ვიდგებოდი, სადაც ვიდექი. მიუხედავად იმისა, რა და როგორ ჩანს და რა რეალობა დადგა „ქართული ოცნების“ მმართველობით. არჩევანი მარტივი იყო, ან დგებოდი უფსკრულის მხარეს, ქვეყნის უფსკრულში გადაჩეხვის მხარეს, ან მორიგ ჯერზე აძლევდი შანსს ქვეყანას.
მე ყოველთვის შანსის მიცემის მხარეს ვარ. 2003 წელსაც ასეთი შანსი გაუჩნდა ქვეყანას და 2012 წელსაც. მეორე საკითხია, როგორ გამოვიყენეთ ეს შანსი. მე ვფიქრობ, რომ ჭაობს და ტალახს ყოველთვის სჯობს, შანსი მისცე საკუთარ სამშობლოს.
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა