მომღერალი გიორგი გაჩეჩილაძე, იგივე უცნობი აცხადებს, რომ ახალი კლიპი “4 და 8, 4 და 8 – თუ არადა გაგერღვა!” საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად გააკეთა.
როგორც “პრაიმტაიმთან” საუბრისას მომღერალმა აღნიშნა, დღევანდელი ხელისუფლების მიმართ მისი განწყობა არ შეცვლილა, უბრალოდ საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას წინა ხელისუფლების მობრუნება ქვეყნის სათავეში.
“არაფერი შეცვლილა, ზუსტად ისეთივე განწყობა მაქვს ამ მთავრობის მიმართ, როგორც მქონდა. უბრალოდ, იმათი მოტრიალება არ შეიძლება. ეს არის აბსოლუტური კრახი ქვეყნისთვის და ამიტომ ამ ეტაპზე შეგნებულად ვუჭერ მხარს 48 ნომერს. იყოს ჩემი მხრიდან ბოლო შანსი, რომელიც მათ მივეცი, რაღაც გამოსწორდება და გამოასწორებენ. ამას მე ახალ კლიპშიც ვიძახი, თბილისმა იცის თავის ტაქტიკა.
მე მხარს ვუჭერ სალომე ზურაბიშვილს, და ის ყველაფერი რაც მის მიმართ არის აგორებული – ბინძური კამპანია, ეს არის ტყუილი. რაც შეეხება იმას, რომ პირველ ტურში სალომემ ვერ გაიმარჯვა, ეს იყო განაწყენებული ხალხის ბრალი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” გაანაწყენა. ხალხი აუცილებლად მივა მეორე ტურზე და იმიტომ, რომ არ დაუშვან “ნაციონალური მოძრაობის” უკან მობრუნება”, – აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ.