ვახტანგ ძაბირაძე – “ოცნებამ” ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დანიშნოს”

ვახტანგ ძაბირაძე - "ოცნებამ" ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დანიშნოს"პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო ვახტანგ, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბილბორდებიდან გაქრობას და ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის გამოჩენას როგორ აფასებთ?
– ეს არის “ქართული ოცნების” სტრატეგიული გადაწყვეტილება. რაღაც ხომ უნდა შეეცვალათ და გადაწყვიტეს, რომ საერთოდ გაექროთ სალომე ზურაბიშვილი. მე არ ვარ პიარ-ტექნოლოგი, მაგრამ, ჩემი აზრით, უფრო ნორმალური იქნებოდა, სალომე ზურაბიშვილი და ბიძინა ივანიშვილი ერთად გამოჩენილიყვნენ ამ ბილბორდებზე, საერთოდ გაქრობა არ მგონია სწორი გადაწყვეტილება იყოს.
– სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატიაო, ხომ გვეუბნებოდნენ, რამდენად კეთილსინდისიერი დამოკიდებულებაა ამომრჩევლისადმი?
– სიმართლე გითხრათ, არც არასდროს მჯეროდა და არ მითქვამს, რომ სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატია და ის არ არის “ქართული ოცნების” კანდიდატი. ისევე, როგორც არ მჯეროდა და არ მითქვამს, რომ გრიგოლ ვაშაძე არის გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი და არ არის ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი. ამ კუთხით ორივე კანდიდატის მიმართ შეიძლება ითქვას, რომ ისინი ამომრჩეველს, ელექტორატს ეუბნებიან იმას, რაც რეალობის მიღმაა.
– რა მოცემულობა შეიძლება გვქონდეს მეორე ტურის შემდეგ? როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს ერთ ან მეორე შემთხვევაში?
– ძალიან რთული იქნება მეორე ტური. საუბარი არ არის, რომ არჩევანი მარტივად აქვს გასაკეთებელი ამომრჩეველს, თუმცა, ეს მთლიანად მასზეა დამოკიდებული. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რანაირი არჩევნები გვექნება, როგორ არჩევნებს ჩაატარებს “ოცნება”.
– რას გულისხმობთ?
– გაყალბებას. ჩემთვის ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, თუ როგორი იქნება საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებები და მათი დასკვნები და არა – ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, რომელთა რეპუტაციაც შეირყა.
“ქართულმა ოცნებამ” უნდა შეძლოს დამატებით 300 ათასი ამომრჩევლის მობილიზება. ამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო მილიონ 600 ათასმა ამომრჩეველმა. 750 ათასი ამომრჩეველი “ქართულ ოცნებას” უჭერს მხარს, მაგრამ მას დამატებით სჭირდება 250-300 ათასი ამომრჩეველი.
მათი მობილიზება ამ გადმოსახედიდან ძალიან რთული მეჩვენება. სწორი მუშაობის და სწორი დაგეგმარების შემთხვევაში ეს შესაძლებელია, მაგრამ მე ჯერ ამ სწორ ნაბიჯებს ვერ ვხედავ.
ოპოზიციის ამომრჩეველი ყოველთვის მოტივირებულია და ამ შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობას არ გაუჭირდება თავისი ამომრჩევლის მობილიზაცია. ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველს ყოველგვარი დამატებითი კითხვების გარეშე დაემატება “ევროპული საქართველოს” ამომრჩეველიც.
“ქართულ ოცნებას”, როგორც ხელისუფლებას, მაღალი ლეგიტიმაცია სჭირდება. თუ სალომე ზურაბიშვილი მეორე ტურსაც მხოლოდ 1%-ით მოიგებს, მაშინ ოპოზიციას წინ ვერაფერი აღუდგება და ის აუცილებლად იტყვის, რომ არჩევნები გაყალბდა. ამას იტყვის იმ შემთხვევაშიც, არჩევნები ზედმიწევნით სამართლიანად რომ ჩატარდეს. ამიტომ ვამბობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მაღალი ლეგიტიმაცია.
ამ შემთხვევაში ოპოზიცია აუცილებლად გამოვა ქუჩაში და პოლიტიკური პროცესების ეპიცენტრი ქუჩაში გადაინაცვლებს.
– თუ ოპოზიციამ მოიგო, მერე რა მოვლენები შეიძლება განვითარდეს?
– ყველა შემთხვევაში სცენარი ქუჩამდე მიდის, რადგან ოპოზიციის მოგების შემთხვევაში საპროტესტო მუხტი კიდევ უფრო აიწევს.
– რატომ, მათ ხომ არჩევნები მოგებული იქნებათ?
– და რას აძლევთ პრეზიდენტის ინსტიტუტი მათ?! არაფერს. ოპოზიციას ხელს არ აძლევს პრეზიდენტის ინსტიტუტი. ამიტომ, ისინი სწორედ ამ ტალღაზე ამ მაღალ საპროტესტო მუხტს გამოიყენებენ და შეეცდებიან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას.
თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება, მაშინ ნაციონალური მოძრაობა საარჩევნო კოდექსის ცვლილებას კი არ მოითხოვს და პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებას, პირიქით, არსებული მოდელი უფრო აწყობთ და არსებული მოდელით ჩაატარებენ არჩევნებს.
ეს იქნება ყველაზე ცუდი სცენარი ქვეყნისთვის. მე არ მჯერა ნაციონალური მოძრაობის ფერიცვალების, არ მჯერა სავლეს პავლედ გადაქცევის. ამიტომ “ქართული ოცნება” მზად უნდა იყოს ყველა სცენარისთვის და ამ სცენარებს უნდა ამუშავებდეს.
– თუ ასე განვითარდა მოვლენები, მაშინ ხელისუფლების პოზიცია რა უნდა იყოს?
– თავად “ქართულმა ოცნებამ” უნდა დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ყველა შემთხვევაში დღეს ყველაზე მეტად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები “ქართულ ოცნებას” აწყობს. თუმცა, ერთი ცხადია – მან უნდა შეცვალოს საარჩევნო კოდექსი და ვადამდელი არჩევნები პროპორციული წესით ჩაატაროს.
ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში “ოცნება” ხელახალ ლეგიტიმაციასაც მოიპოვებს და იმ დაძაბულობასაც განმუხტავს, რაც შეიძლება იმ დროისთვის ქვეყანაში იყოს.
– თავის დროზე ეს პოლიტიკური სვლა მიხეილ სააკაშვილს აქვს გაკეთებული, როდესაც ყველაზე მეტად უჭირდა, მან სრულიად მოულოდნელად ვადამდელი არჩევნები დანიშნა.
– დიახ, და ეს იყო სწორი პოლიტიკური სვლა.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა