“ვაშაძე პირველივე ტურში გახდებოდა პრეზიდენტი, ამდენი გაყალბება რომ არ ყოფილიყო”

"ვაშაძე პირველივე ტურში გახდებოდა პრეზიდენტი, ამდენი გაყალბება რომ არ ყოფილიყო"26 მაისის სისხლიანი სპეცოპერაცია “ქართულ ოცნებას” მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდება და ისიც იმ შემთხვევაში, თუ ნაციონალებთან გამკლავება უჭირს. ამ საპრეზიდენტო არჩევნებზე “ოცნებას” მართლაც შავად ჰქონდა საქმე და 26 მაისის დარბევის აქამდე უცნობი კადრები გაასაჯაროვეს.
გვითხრეს, რომ ეს არის ნაცების ნამდვილი სახე, მაგრამ არ აუხსნიათ, თუ რატომ არ დასაჯეს აქამდე ამ საშინელების შემოქმედნი და არც იმაზე გაუკეთებიათ განმარტებები, რატომ მალავდნენ ამდენი წელი ამ კადრებს ასე სათუთად.
ნაციონალების სისასტიკე საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერ ბესო დანელიას. სააკაშვილის ზონდერები მას და მისი ოჯახის წევრებს მაშინ გაუსწორდნენ სასტიკად, როცა ისინი აქციაზე მიდიოდნენ.
რატომ არ აქვს “ქართულ ოცნებას” 26 მაისის დარბევაზე საუბრის უფლება, რად გადაიქცა ივანიშვილი, რას ითხოვდა ის არჩევნების ღამეს ძალოვანებისგან და რა პასუხი გასცა მას ხალხმა? – ამ თემებზე “ახალ თაობას” ბესო დანელია ესაუბრება.
ბესო დანელია:
– არჩევნების წინ 26 მაისის სისხლიანი დარბევის ამსახველი კადრების გამოყრა არის იმ უმაქნისობის გაგრძელება, რასაც “ოცნება” აგერ უკვე მეშვიდე წელია, ეწევა. ის ნაციონალებთან კოაბიტაციით და ახლა უკვე ხალხის დაშანტაჟებით ცდილობს ხელისუფლებაში დარჩენას.
26 მაისის ღამეს 5 ადამიანი დაიღუპა. 8 ადამიანი კი იმ ღამეს მიღებული ტრამვების გამო 1 წლის ვადაში გარდაიცვალა. დარბევას მასობრივი რეპრესიები მოჰყვა, 800 ადამიანი დააკავეს.
ამ დარბევის კადრებს ხშირად აჩვენებს “ქართული ოცნება” საზოგადოებას, მაგრამ იმ ადამიანებს, ვინც ეს საშინელება ჩაიდინა, ხელს არ კიდებს. ეს საქმე გამოძიებული არ არის და ეს სისხლიანი ღამე მხოლოდ თავისი მიზნებისთვის ახსენდება.
გამოძიებით არ გამოიძიეს, მაგრამ ნაცების წასვლის შემდეგ მაინც მოენახულებინათ ის ხალხი, ვისაც იმ ღამეს სასტიკად გაუსწორდნენ. “ქართულ ოცნებას” არ დაავიწყდეს, რომ ისინი ხელისუფლებაში 26 მაისს დარბეულების სისხლის ხარჯზე მოვიდნენ.
ეს ჩემი მოგონილი არ არის, ამაზე თავად ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა. თავის პირველ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ მისთვის 26 მაისის დარბევა იყო ბოლო წვეთი და მან ამის შემდეგ გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა.
– პოლიტიკაში მოსვლა, როგორც თავად ამბობს, 26 მაისის დარბევამ გადააწყვეტინა, მაგრამ პარტია, რომლის კისერზეც ამ სისხლიანმა ღამემ გადაიარა, ივანიშვილმა გვერდზე გაწია, შუა უნდა გაიკრიფოსო და მთავარ ოპონენტად ნაციონალები დაიტოვა. ამას როგორ ხსნით?
– ამაზე საუბარიც კი უხერხულია. იმის ნაცვლად, რომ დამნაშავეები დაესაჯათ, ჩვენ დაგვიწყეს ბრძოლა. ნაციონალები მთავარ ოპონენტებად იმიტომ დაიტოვეს, რომ მგელი მოდის რეჟიმში გაეგრძელებინათ ცხოვრება. მგელი მოდის თემა განსაკუთრებით კარგად არჩევნების წინ ჭრის.
ახლა ეს აღარ მუშაობს. ქართველმა ამომრჩეველმა მათ უარი უთხრა. ის, რაც მოხდა, არ არის ნაცების გამარჯვება, ეს “ოცნების” დამარცხებაა. “ოცნება” თავად “ოცნებამ” დაამარცხა.
ხალხმა ზურგი შეაქცია იმის გამო, რომ ყელში ამოუვიდათ ნაცებთან მათი კოაბიტაცია. საზოგადოებას მობეზრდა ბიუჯეტის ვირთხების ყურება, რომლებიც 2012 წლამდე ერთოთახიან ნაქირავებ ბინებში ცხოვრობდნენ და ახლა 3 სართულიანი სასახლეები აქვთ. 2.000 ლარიანი ხელფასის მქონე პირმა სასახლე 5 წელიწადში როგორ უნდა აიშენო, არ ვიცი.
– ბიძინა ივანიშვილს თუ დავუჯერებთ, სასახლის აშენება კაპიკები ჯდება. მთავარია, აუზში წყალი არ იყოს.
– ეროვნული ლიდერიდან ბიძინა ივანიშვილი ირაკლი სესიაშვილის პრარაბად გადაიქცა. ჩემთვის ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია.
თავისი უსაქციელობით ხალხს ისე შეაძულეს თავი, რომ ქვეყნიდან გაქცეულმა და გააბრაგებულმა სააკაშვილმა მოუგო მათ არჩევნები.
ნაციონალურ მოძრაობას 2012 წელს გასცა ქართველმა ხალხმა პასუხი. “ოცნებას” ისინი უნდა გაესამართლებინა. ამის ნაცვლად მათ პოლიტიკურად მკვდარი ნაცები გააცოცხლა. ახლა ხალხს ამ გაცოცხლებული პარტიის თავმჯდომარის ჩამოსვლით აშინებენ.
ეს დღეებია, სულ იმას გაიძახიან, მიშა ჩამოვაო და სამარცხვინო სანახავია, თუ როგორ აღვარღვარებენ დიაცებივით ცრემლებს პირდაპირ ეთერებში. მოსახლეობას პირდაპირ აშანტაჟებენ – სალომეს ხმას თუ ამ მისცემთ, მიშა ჩამოვა და საქართველოში სამოქალაქო ომი დაიწყებაო.
ყველაზე ცუდი ის გახლავთ, რომ სამოქალაქო ომთან დაკავშირებით განცხადებებს ხელისუფლების წარმომადგენლები – საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აკეთებენ. პროკურატურამ ამაზე დაუყოვნებლივ უნდა აღძრას საქმე, რას ნიშნავს სამოქალაქო ომი დაიწყება. ჯარი, პოლიცია და ძალოვანები შენს ხელშია და ასეთ დროს ხალხს სამოქალაქო ომით აშინებ და ეუბნები, რომ სისხლის გუბეები დადგება.
სისხლის გუბეები უკვე იდგა საქართველოში. სააკაშვილმა დააყენა ეს გუბეები და ამ მონსტრს ჩვენ შიშველი ხელებით ვებრძოდით. ვცდილობდით, კონსტიტუციური ჩარჩოებიდან არ გავსულიყავით. ჩვენ არ გვეშინოდა მაშინ მიშასი და ახლა ჯარი ამათ ხელშია და მაინც ეშინიათ.
– “ოცნების” დღევანდელ შემადგენლობას მიშასი მაშინაც ეშინოდა. დარბევის ღამეს დემოკრატიულ მოძრაობას და სახალხო კრებას გვერდით არავინ დაუდგა.
– რომელ გვერდზე დადგომაზეა ლაპარაკი. დარბევის მეორე დღეს ირაკლი ალასანიამ სულ უხარისხო ქართველები გვიწოდა. სხვებმა, ნაცების მსგავსად, რუსეთის აგენტებად გამოგვაცხადეს. მოგეხსენებათ, როგორი მიდგომა ჰქონდა სააკაშვილს, ვინც მას არ უჭერდა მხარს, ყველა კრემლის აგენტი და მოღალატე იყო.
დღეს ქვეყანაში ძალიან მძიმე ვითარება გვაქვს, “ოცნება” ჩამოშლილია და სახეზეა პოლიტიკური კრიზისი. არსებული სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ უნდა ჩატარდეს, რაც საარჩევნი კოდექსში შევა სერიოზული ცვლილებები. ეს იქნება იმის გარანტი, რომ იგივე არ მოხდება, რაც წინა არჩევნებზე ხდებოდა.
არჩევნების გაყალბება მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი, თორემ ისევ ესენი მოიგებენ. გაყალბების მხრივ ძალიან მძიმე იყო ეს არჩევნებიც. ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე გაყალბებას და ძალადობას ჰქონდა ადგილი.
არჩევნები გაყალბდა 2016 წელსაც. დემოკრატიულმა მოძრაობამ 15% მიიღო, მაგრამ ივანიშვილმა 3% დაგვიწერა. ჩვენი ხმები ბოკერიას გადაუწყო.
– რატომ არის დემოკრატიული მოძრაობა ივანიშვილისთვის ასე მიუღებელი? ეგ კაცი თავად ამბობს, რომ პოლიტიკაში მოსვლა იმ კოშმარის შემდეგ გადაწყვიტა, რასაც 26 მაისის დარბევა ჰქვია.
– ჩვენი პარტია ივანიშვილისთვის ერთი მარტივი მიზეზის გამო იყო მიუღებელი – ამ ადამიანს მონები სჭირდება და არა – თავისუფალი მოქალაქეები და დამოუკიდებლად მოაზროვნე ადამიანები.
ივანიშვილისთვის მისაღებია მონები, რომლებიც მის ჭკუაზე ივლიან და მის ყველა ბრძანებებს შეასრულებენ. მხოლოდ მონები რომ ჰყავს გარშემო, მაგიტომაც არის რეალობას მოწყვეტილი.
– რატომ ფიქრობთ, რომ ის რეალობას არის მოწყვეტილი?
– ეს მის ბოლო ორი ინტერვიუდანაც გამოჩნდა. ამ ინტერვიუების შედეგი არჩევნებზეც აისახა და “ოცნებამ” მინუს 5% მხარდაჭერა მიიღო. ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთი ინტერვიუ რომ მიეცა არჩევნების წინ, დიდი გაყალბებების მიუხედავად, გრიგოლ ვაშაძე პირველივე ტურში გახდებოდა პრეზიდენტი.
ეს მარცხი მარტო ივანიშვილის და “ოცნების” პრობლემა რომ იყოს, ამაზე არავინ იდარდებდა, მაგრამ ქვეყანა დადგა სერიოზული საფრთხის წინაშე.
– სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებას გულისხმობთ საფრთხეში?
– არა, პოლიტიკური კრიზისის გარდა, ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისიცაა. ლარმა გაუფასურების რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ლამის 3 ლარი გახდა 1 ლიტრი საწვავი. ქვეყანაში უმუშევრობა, შიმშილი და სიღატაკეა გამეფებული.
რაღაზე ვილაპარაკო, როცა საქართველოში ბავშვები შიმშილისგან იღუპებიან. არაერთი კვლევა ჩატარდა სოციალურ მდგომარეობაზე და უმძიმესი დასკვნები დაიდო. საქართველოს მოსახლეობის 70%-ს თავი ვალით გააქვს.
“ოცნების” წევრები ამ ყველაფერს უარყოფენ. ივანიშვილი გამოდის და გვიმტკიცებს, ქვეყანაში ყველაფერი ძალიან კარგად არის. იმის ნაცვლად, რომ რაღაცა შეცვალონ, მარაზმატიკულ განცხადებებს აკეთებენ.
ახლა სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებით ხალხის დაშანტაჟებაც დაიწყეს, თავად კიდევ შიშისგან ცრემლები ჩამოსდით. ის ხალხი გვამუნათებს, ვინც მიშას ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც შეყუჟული იყო და მისი ჩამოსვლის შემთხვევაშიც შეიყუჟებიან სადმე თბილ ადგილას.
ერთი “ოცნების” სახეებს გადახედეთ – ზარდიაშვილები, თალაკვაძეები და ჩუგოშვილები არ იყვნენ მიშას ხელის ბიჭები? ესენი რატომ უნდა გვამუნათებდნენ სააკაშვილის დაბრუნებით.
– ჩუგოშვილი ახსენეთ, 26 მაისის დარბევის დროს ის საიას თავმჯდომარე იყო. სააკაშვილის ზონდერებმა მის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ დაიწყეს რუსთაველზე ხალხის აკაფვა. არაერთი პოლიტიკოსი და ექსპერტი ამბობს, რომ დარბევას მწვანე შუქი სწორედ ჩუგოშვილმა აუნთო.
– სწორედ ჩუგოშვილის განცხადების შემდეგ დაიწყო დარბევა. დღეს ის პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და იმ პარტიის ერთ-ერთი ლიდერია, რომელიც 26 მაისის დარბევის კადრებს ატრიალებს და გვეუბნება, რა საშინელები იყვნენ ნაციონალები.
ამას ყველაფერს ხალხი ხედავს და დასკვნებსაც აკეთებს. ნათქვამია, სამართალი ურმით დადის, მაგრამ არსად მისვლას არ აგვიანებსო და აი, შედეგიც დადგა. “ოცნებამ” წააგო და ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა, საიდანაც მხოლოდ ერთი გამოსავალია – ვადამდელი საპარლამენტო არჩეევნები.
– ეს არჩევნებიც იმ შემთხვევაში იქნება გამოსავალი თუ საარჩევნო კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევა.
– ცვლილებების გარეშე არანაირი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას აზრი არა აქვს. გაყალბებით მიიღეს მეორე ტური, თორემ “ოცნებამ” პირველივე ტურში წააგო არჩევნები.
როგორც კი ხმის მიცემა შეწყდა, “ოცნების” ლიდერები გამოვიდნენ და საზეიმოდ განაცხადეს, 52%-ით გავიმარჯვეთო. არადა იცოდნენ, რომ არჩევნები წაგებული ჰქონდათ.
არჩევნების წაგების შესახებ ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილსაც მიაწოდეს. ის რამდენიმე საათის მანძილზე ჩხუბობდა და ითხოვდა, როგორც გინდათ, სალომე ზურაბიშვილს 52% დაუწერეთო.
3 საათის მანძილზე ცდილობდნენ სუსის წარმომადგენლები მის გადარწმუნებას და ბოლოს როგორღაც ,მოახერხეს და ის მეორე ტურს დათანხმდა.
– რანაირად დაიყოლიეს?
– უთხრეს, ოქმების ასლები ნაციონალებსაც აქვთ და ასეთი გაყალბება არ გამოგვივაო. დააწყნარეს, მეორე ტურისთვის ისე მოვახერხებთ, რომ თქვენ კმაყოფილი დარჩეთო.
ამ ადამიანს თავი ჭეშმარიტების ბოლო ინსტანცია ჰგონია და თავის გუნდთან ერთად არაფრის დათმობას არ აპირებს. ახლა საზოგადოება ფეხზე უნდა დადგეს და ჭირი, რომელსაც სახელად ნაცები და ქოცები ჰქვია, მოიშოროს.
ის, რასაც 2012 წელს უარი ვუთხარით, “ოცნებამ” გაიმეორა. ვინ არის მირზა სუბელიანი? სუბელიანი იყო ნაციონალების კაცი. ეგ იჭერდა ჩვენს მომხრეებს. სუბელიანმა ჩაუდო ჩვენს თანამებრძოლ თორნიკე არევაძეს 2009 წელს ნარკოტიკები. სუბელიანი ამტვრევდა ძვლებში სააკაშვილთან მებრძოლ ადამიანებს.
როგორც ხედავთ, “ოცნებამ” ეს ჯალათები დაიტოვა და ნაციონალების გზას აგრძელებენ. იმდენად უუნაროები არიან, რომ, არჩევნების მაგივრად, ეგზიტპოლები გააყალბეს. ქვეყანას სატირლად რომ არ ჰქონდეს საქმე, “ოცნების” საქციელი უბრალოდ ძალიან სასაცილო იქნებოდა.
შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა