დემნა გვასალიას შექმნილი სამოსი მსოფლიოში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. არც ის არის ახალი ამბავი, რომ ქართველი დიზაინერი მაისურებს წარწერით “საქართველო” 460 დოლარად ყიდის, არც მისი ბრენდის თმის სამაგრებია იაფი და არც – ოთახის “ჩუსტები”.
დემნა ჟურნალისტების ერთ-ერთი საყვარელი რესპოდენტია. ქართველი დიზაინერი საუბრობს ყველა თემაზე, რაც მისთვის მისაღებია.
– რატომ გეცვა მაისური, რომელზეც სამიზნეა?
– მთელი ცხოვრება სამიზნე ვარ. ყოველთვის და ყველგან მებრძოდნენ, მთელი ცხოვრება. ერთხელ მესროლეს კიდეც.
– როდის და სად მოხდა ეს?
– თბილისში, ადრე, როცა იქ ვცხოვრობდი.
– დი-ეიჩ-ელის ყვითელმა მაისურმა რატომ გამოიწვია ასეთი ხმაური?
– ჩემთვის საკმაოდ სახალისო და საინტერესო იყო იმის ხილვა, თუ რამხელა ხმაური გამოიწვია ამ ერთმა ყვითელმა მაისურმა და როგორი პოპულარული გახდა. გაოცებული ვიყავი, სადაც არ უნდა წავსულიყავი, ყველა ჟურნალისტი მეკითხებოდა: „რატომ გააკეთეთ? ამით რას აცხადებთ? რისი თქმა გინდათ?“ დაბომბილი ვიყავი ამ მაისურის შესახებ დასმული კითხვებით. სინამდვილეში ისტორია ამ მაისურის მიღმა არც ისეთი ღრმაა. ერთადერთი მიზეზი რატომაც გავაკეთე ისაა, რომ ყოველდღე, როცა სამსახურში მივდიოდი, ჩემი თანამშრომლები წუწუნებდნენ: „დი-ეიჩ-ელი გაგვაკოტრებს, რამდენს ვხარჯავთ, ძალიან ძვირია!“ დღე არ გავიდოდა, რომ დი-ეიჩ-ელზე რამე არ ეთქვათ, ამიტომ დავიღალე და გადავწყვიტე დი-ეჩი-ელის მაისური გამომეშვა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ დი-ეიჩ-ელი მოდის ნაწილი გახდებოდა. მიტანის სერვისის ლოგო, კურიერის ზოგიერთი ადამიანისთვის მოდური განაცხადი გახდებოდა და მთლიანად გაიყიდებოდა.
– უნისექსის სამოსზე რას ფიქრობ?
– რაღაცეები შეიძლება იყოს უნისექსი, მაგალითად მაისური, მაგრამ ყველაფერი უნისექსი ვერ იქნება. როგორი სუსტიც არ უნდა იყოს კაცი, ან როგორი ძლიერი ქალი, ქალს და კაცს განსხვავებული აღნაგობა აქვს და ვერ შეკერავ ჯინსს, რომელიც ორივეს ტანზე ერთნაირად კარგად დადგება. ჩვენ გვყავს გამხდარი ბიჭები, რომლებიც იცვამენ შარვლებს, რომლებსაც მე ვერ ვირგებ, რადგან მოდელის პარამეტრები არ მაქვს, თუმცა ქალის ჯინსში კარგად ვერც ჩვენი გამხდარი ბიჭები ჩანან. ასეთია ბუნება, რომელსაც ვერ შეეწინააღმდეგები. პროდუქტების ნაწილს აქვს სქესი. რაღაცეები არის ქალის და რაღაცები კაცის.
– რას არ იცვამს დემნა გვასალია?
– კაბას, არ ვგრძნობ თავს კომფორტულად.
– თავად ვის სამოსს ატარებ?
– ვინტაჟი მიყვარს. არა მგონია, იმდენად ვგიჟდებოდე მოდაზე, რომ წავიდე და ტანსაცმელში დიდი ფული გადავიხადო. შემიძლია ერთი მოდელით 6 თვე ვიარო.
– როგორია დემნა გვასალიას მოდური ჯოჯოხეთი?
– ჩამაცვით კოსტუმი, კოსტუმში თავი სულელი მგონია. გამპარსეთ წვერი, მომარგეთ გაპრიალებული ფეხსაცმელები და მაშინ მე ვიქნები ჩემს მოდურ ჯოჯოხეთში.
– ხალხის აზრს აქცევ ყურადღებას, როცა ტანსაცმელს არჩევ?
– ნაკლებად, ადრე უფრო მაინტერესებდა, რას ფიქრობდა ხალხი. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია გავლენა იქონიოს ჩემს ჩაცმულობაზე, ჩემი მეორე ნახევარია. დღეს დილითაც სხვა რაღაცას ვიცვამდი და გადამაფიქრებინა.
– რატომ გაცვია მონოპრიქსის ზედა?
– მიყვარს ორაზროვნება. როცა სუპერმარკეტის ფორმა მაცვია, რა სიგნალს ვიძლევი? ვამბობ, რომ მაგარია, როცა სუპერმარკეტში მუშაობ, თუ ხალხს ვაძლევ სალაპარაკოს, რატომ მაცვია მონოპრიქსის ზედა, როცა შემიძლია ბალენსიაგა მეცვას? ქუჩაში უცხოს შესაძლოა მონოპრიქსის მოლარე ვეგონო.
– შენი აშკარა სიმპატია უნიფორმების მიმართ სექსუალური ფანტაზიებიდან გამომდინარეობს?
– არა.
– ვეტმანი სექსუალურია?
– ჩემთვის კი, მაგრამ ალბათ სხვების გადმოსახედიდან არა.
– ტანსაცმლის რომელი დეტალი ხდის მამაკაცს სექსუალურს?
– კეპი.