“ახალი თაობის” კითხვებს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია პასუხობს.
– ბატონო ჯონდი, ეკონომიკის მინისტრი გვეუბნება, რომ სიღარიბე შემცირდა, კარგად ცხოვრობთ, უბრალოდ თქვენ ვერ გრძნობთ ამასო. ასეა, ვერ ვგრძნობთ და ყველაფერი კარგად არის?
– როგორც ჩანს, მინისტრი პირად მაგალითზე საუბრობს. მაგათი მდგომარეობა ნამდვილად გაუმჯობესდა და ნამდვილად კარგად გრძნობენ თავს. მინისტრის ასეთი არაადეკვატურობა ძალიან სამწუხაროა და სახიფათოა ქვეყნისთვის. ეს არ არის მარტო ამ მინისტრის განცდა. ზოგადად მთავრობის წევრებმა და პარლამენტის წევრებმა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს თავისი ეკონომიკური მდგომარეობა. ერთი სახლი თუ ჰქონდა ვინმეს, ახლა ხუთი აქვს. ძალიან ბევრმა ევროპაში, ზოგმა ლონდონში და სად აღარ იყიდეს ბინები, ყოველი შემთხვევისთვის გასაქცევად რომ ჰქონდეს საქმე, აეროპორტამდე რომ მიასწრონ და მერე თავი შეაფარონ სხვა ქვეყანაში.
– გაძვირდა პური, მედიკამენტები, საუბარია, რომ ფასები კიდევ მოიმატებს.
– რეალურად ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობაა და ამ მძიმე მდგომარეობას მეტწილად განაპირობებს სუბიექტური ფაქტორები. მთავარი სუბიექტური ფაქტორი ქვეყანაში არსებული სიღარიბის და სიდუხჭირის, არის კორუფცია, მთავრობის და პარლამენტის ზოგი წევრის უნამუსო ჩართულობა კორუფციაში.
ხელისგულზე ჩანს ფარმაცევტულ ბიზნესში შექმნილი ხელოვნური მონოპოლია და ასევე საწვავის ბიზნესში შექმნილი ხელოვნური მონოპოლია.
სააფთიაქო ბაზარზე ძირითადად 4 მსხვილი კომპანიაა წარმოდგენილი, რომელთაც დადებული აქვთ კარტელური შეთანხმება, ანუ შეთანხმება ხალხის წინააღმდეგ და მედიკამენტებზე უდევთ 400-500, ზოგჯერ კი 850%-ით უფრო მაღალი ფასები, ვიდრე ჩვენ სამეზობლოშია.
– რატომ არ ინტერესდებიან ამით შესაბამისი უწყებები?
– საქმეც მაგაშია. ახლა რომ გადაუგზავნა პრემიერ-მინისტრმა მასალები ანტიმონოპოლიურ სამსახურს და პროკურატურას, პურის ფასებთან დაკავშირებით შეისწავლეთო, ეს დაჭირდათ პოპულიზმისთვის, ძალიან შეეხო პურის ფასი მოსახლეობას და წაიპოპულისტეს.
მედიკამენტის ფასებზე მასალები პრემიერ-მინისტრის კაბინეტშიც ჩავაბარე, ანტიმონოპოლიურ სამსახურსაც გადავუგზავნე, ასევე გადავუგზავნე პროკურატურას, მაგრამ აქედან არაფერი არ გამოვიდა. ეს საკითხი ადგილიდან არ დაიძრა და რატომ?!
– რატომ?
– იმიტომ, რომ ამ კარტელური შეთანხმებიდან და ხალხის გატყავების ხარჯზე შემოსული მილიონების ძალიან დიდი წილი მიედინება ამ კორუმპირებული ჩინოვნიკების ჯიბეებში და ხმარდება ხელისუფლების წევრთა კომფორტულ დაფინანსებას. სამი და ოთხ მეტრიანი ღობეები და შიგნით სასახლეები რომ აქვთ აშენებული, სწორედ ასეთი უნამუსოდ ნაშოვნი ფულით აქვთ აშენებული.
– საუბარია, რომ ვალების განულების საკითხიც მოსახლეობის მოტყუება იყო წინასაარჩევნოდ და რეალურად ეს არ გაუნულდებათ და არც შავი სიიდან ამოიღებს არავინ. ამაზე რას იტყვით?
– პოპულიზმი პოლიტიკოსებს ახასიათებთ, მაგრამ ამ პოპულიზმის უკან უნდა იდგეს რეალურად გაკეთებული საქმეები. ცუდი პოპულიზმი კი არ არის, ცუდი ის არის, რომ საქმეები არ კეთდება. პირადად მე სულმოუთქმელად ველოდები 31 დეკემბერს, როდის იქნება და რა ვალები იქნება ჩამოწერილი. მე ვმუშაობდი ამ თემაზე და ეს საკითხი ჩემთვის კარგადაა ნაცნობი და ძალიან კარგად ვერკვევი ამ სფეროში. მაქვს გონივრული ეჭვიმ რომ ადგილი აქვს საზოგადოებაში შეცდომაში შეყვანას.
– რას გულისხმობთ?
– მოდით, დეტალებს არ ვიტყვი წინასწარ. უბრალოდ, ბანკები აპირებენ, რომ ხელი მოითბონ ამ არსებული ოპერაციით. გამოჩნდა ეჭვი, რომ ამ ვალების ჩამოწერით ისარგებლებენ მხოლოდ და მხოლოდ ბანკები!
ვგეგმავ, რომ სქემატურად წარმოვადგინო, ვინ რა ხეირი ნახა აქედან. პირდაპირ ციფრებით ვილაპარაკებ. ასევე გეტყვით, როგორი გარიგება შედგა მთავრობასა და ბანკებს შორის. თუ ეს გამართლდა, ძალიან ცუდი იქნება.
– ანუ კიდევ ერთხელ მოატყუეს ამომრჩეველი არჩევნების წინ?
– დიახ, მაღალი ალბათობით, ალბათ ასე იქნება. რადგან არ მეშვებით, გეტყვით: როგორც კი ეს ღონისძიება პრემიერ-მინისტრმა დააანონსა, მე დავინტერესდი, რომელ მომხმარებელს ეხებოდა ეს ჩამოწერის პროცესი. როგორც მე გავარკვიე, ეს ძირითადად ეხება არალიკვიდურ აქტივებს და არა – პრობლემურ ვალებს.
– რა განსხვავებაა ამათ შორის?
– პრობლემური ვალი არის ის ვალი, როდესაც ადამიანს ან სამუშაო აქვს, ან რაღაც ქონება აქვს ჩადებული, ვერ იხდის ვალს და ის ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვარდება ამის გამო.
ლიკვიდური აქტივი ნიშნავს უიმედო ვალს, ბანკისთვის გაფრენილი ჩიტივით რომ არის, ვერასდროს რომ ვერ ამოიღებს. ანუ ადამიანს ვალი აქვს აღებული, მაგრამ არანაირი შემოსავალი არ აქვს და არც ქონება აქვს, რომ ბანკმა ამოიღოს. გადის წლები და ეს ადამიანი სავსებით კომფორტულად ცხოვრობს, იმიტომ რომ ვერავინ ვერაფერს ართმევს. ერთადერთი დისკომფორტი მისთვის ის არის, რომ თუ მუშაობას დაიწყებს და ლეგალური შემოსავალი ექნება, იქიდან თანხებს ჩამოაჭრიან. მოსახლების ნაწილმა აქედანაც იპოვა გამოსავალი და ახერხებს ისე მუშაობას, რომ თანხები არ ჩამოაჭრან.
– ბანკების ხეირი რაში მდგომარეობს?
– ყველაზე დიდი ხეირი აქედან აქვს სწორედ ბანკებს. საერთო ჯამში მილიარდნახევარზეა ლაპარაკი, რომელიც ბანკებს აქვს გაცემული და ვერ იბრუნებენ. პლიუს მეორე მილიარდნახევარი მათ დარეზერვებული, გაყინული აქვთ ეროვნულ ბანკში. ამას ითვალისწინებს კანონი.
ანუ ბანკს აქვს მილიარდნახევარი ფული და მას ვერ იყენებს იმისთვის, რომ საბანკო ოპერაციები აკეთოს. ეს ბანკებისთვის დიდი დანაკარგი იყო, საკითხი ეხება არამარტო იმ მილიარდნახევარს, რომელიც გასცეს ამ ბანკებმა, არამედ დამატებით მეორე მილიარდნახევარს, რომელიც გაუყინა მათ ეროვნულმა ბანკმა იმის გამო, რომ ფული არ აქვთ ამოღებული.
ამ მილიარდნახევრის ჩამოწერაში ბანკები კარგად იხეირებენ, ძალიან კარგად. მე უბრალოდ ველოდები 31 დეკემბერს, თორემ უკვე მაქვს წვდომა გარკვეულ ინფორმაციებზე, რა და როგორ ხდება.
ციფრობრივად ვიტყვი, რომელმა ბანკმა ამით რა იხეირა და “ატკატის” სახით რას გადაიხდიდა. ამას ყველაფერს ჩამოვაყალიბებ.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა