ხატია დეკანოიძე – „როცა არჩევნებზე კრიმინალს იყენებ, შემდეგ ის გამოგიყენებს შენ“

ხატია დეკანოიძე - „როცა არჩევნებზე კრიმინალს იყენებ, შემდეგ ის გამოგიყენებს შენ“კრიმინოგენური ვითარების შესახებ მედიაში ყოველდღე ახალ-ახალი ინფორმაციები ვრცელდება. განსაკუთრები იმატა ამ ვითარებამ ბოლო 2 კვირის განმავლობაში. ყოველდღე ვიგებთ ინფორმაციას ქუჩური გარჩევების, დაჭრისა, მკვლელობისა, ყაჩაღობისა თუ ქურდობის შესახებ.

რით შეიძლება აიხსნას ეს ვითარება და დგება თუ არა შინიგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი? – ამ თემაზე „ახალ თაობასთან“ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ხატია დეკანოიძე საუბრობს.

_ ბოლო 2 კვირის განმავლობაში აშკარად მოიმატა ქვეყანაში კრიმინოგენურმა ვითარებამ. მე მგონი, ეს მხოლოდ ჩემი დაკვირვება არ არის. თქვენ რა შეფასებას გააკეთებთ ამაზე?

_ არა, ეს მხოლოდ დაკვირვება არ არის. სტატისტიკაც ამაზე მოწმობს. ყველა გავეცანით ბოლო სტატისტიკას, რომელიც გამოქვეყნებული იყო შსს-ს მიერ. საიდანაც ჩანს, რომ რეალურად სისხლის სამართლის დანაშაული გაზრდილია ქვეყანაში. ამას არ სჭირდება მხოლოდ დაკვირვება. არა მხოლოდ მძიმე დანაშაულმა მოიმატა, არამედ ქონების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებმაც _ ქურდობამ, ყაჩაღობამ, მომატებულია მკვლელობებიც.

_ რას უკავშირებთ ამ ყოველივეს?

_ ქვეყანაში კრიმინალურ ინდიკატს აქვს ძალიან სერიოზული პოზიციები. რეალურად ბოლო არჩევნებმა და არა მხოლოდ ბოლო არჩევნებმა დაგვანახა ამის მიზეზები. თქვენ აკვირდებოდით 2016 წლის არჩევნებს, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს… გამოჩნდა, რომ ხელისუფლება ცდილობს, რომ კრიმინალი გამოიყენოს პოლიტიკური მიზნებისთვის.

როდესაც კრიმინალს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებ, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელმაც ქვეყანა კრიმინალისგან უნდა დაიცვას, ვალშია ამ დამნაშავე სამყაროსთან. შესაბამისად, ხდება ის, რომ გაზრდილია არა მხოლოდ მძიმე დანაშაული და კრიმინოგენური ვითარება საგანგაშოა.

ჩვენ ვხედავთ მძიმე დანაშაულებს, მაგრამ რეგიონებში ძალიან გაზრდილია ისეთი დანაშაულები, როგორიცაა ქურდობა, სახლების ქურდვა, ყაჩაღობა და ა. შ. ეს არის ის შედეგი, რომელსაც არა მხოლოდ ეს ხელისუფლება, არამედ ადამიანები მოიმკიან, რადგან კრიმინალურ სამყაროს შეუძლია თავისი სიტყვა თქვას, თუნდაც იგივე არჩევნებზე.

_ ანუ, კრიმინოგენური ვითარების გაზრდის მიზეზს პირდაპირ არჩევნებს უკავშირებთ და ხაზს ავლებთ ამ მიმართულებით?

_ მათ შორის ერთ-ერთი. არჩევნების ორივე ტურზე რეგიონში ვიყავი დამკვირვებელი და ვხედავდი, როდესაც არჩევნებზე გამოიყენეს კრიმინოგენური სამყაროს წარმომადგენლები. პრაქტიკულად არჩევნები ჩატარდა კრიმინალური ავტორიტეტების ჩართულობით. ისინი უშუალოდ იყვნენ ჩართულები. „მუშაობდნენ“ ახალგაზრდობასთან. გამოჰყავდათ ხალხი და მობილიზებას აკეთებდნენ. პოლიცია კი იდგა და ამას უყურებდა. მე ეს ვნახე ძალიან ბევრ უბანზე. განსაკუთრებით მძიმე ვითარება იყო რეგიონებში, იგივე სოფლებში.

პოლიტიკურ კომპონენტს რომ თავი დავანებოთ, მე, როგორც სამართალდამცველმა, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც კარტბლანშს ანიჭებ კრიმინალურ ავტორიტეტებს, ეს ასეთ შედეგს გამოიღებს. ვგულისხმობ იმას, როგორც ეს იყო 2012 წელს, როცა ძალიან ბევრი ადამიანი გამოუშვეს ციხიდან და მერე გამოიყენეს ეს ადამიანები. გახსოვთ ალბათ ოპოზიციაზე თავდასხმა და ა. შ.

ახლაც ზონდერები, რომლებიც ჰყავს „ქართულ ოცნებას“ ,ძირითადად მოკრიმინალო ელემენტები არიან. ესენი იყვნენ ჩართული კორცხელის ინციდენტში, მანამდე გურჯაანში. იგივე ახალქალაქის ინციდენტის დროს არავინ დასჯილა. ენზელ მკოიანს ჰყავს თავისი დასაყრდენი და ა. შ.

როდესაც არჩევნებზე ამხელა რესურსით რთავ კრიმინალურ სამყაროს, შემდეგ კრიმინალები შენგან ითხოვენ გაცილებით მეტს. შემდეგ კი ისინი მიდიან უბრალო ხალხთან. შემდეგ ბიძინა ივანიშვილთანაც მივლენ, მაგრამ იქამდე უბრალო ადამიანებს კლავენ და ხდება ქუჩის გარჩევა.

გახარიამ პირდაპირ თქვა პარლამენტში, რომ ყაჩაღობას ახასიათებს სეზონურობა. არავითარი სეზონურობა ყაჩაღობას არ ახასიათებს. ყაჩაღობას ახასიათებს ის, რომ პოლიცია ვერ არის მოწოდების სიმაღლეზე. 2012 წლიდან მოყოლებული 100 ლარიანი ჯარიმით უშვებდნენ ადამიანებს, ვინც პოლიციას თავს ესხმოდა. ამიტომ, ახალი აქ არაფერია, უბრალოდ რიგითი ადამიანები არიან ურთულეს მდგომარეობაში.

_ ხომ არ დგება შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხიც?

_ შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი ჩვენ დიდი ხანია, რაც დაყენებული გვაქვს. როგორ შეიძლება შს მინისტრი იყოს ადამიანი, რომელიც ემუქრება ოპოზიციას და პარლამენტის ტრიბუნას იყენებს იმისთვის, რომ დაგვემუქროს ყველას.

ამ ადამიანის ერთადერთი მიღწევა არის ის, რომ ის ჩამოვიდა მოსკოვიდან. რუსეთში მას ჰქონდა რესტორნები თუ რაღაც. ივანიშვილმა ჯერ ეკონომიკის მინისტრად დანიშნა, შემდეგ შს მინისტრად. ჰგონია, რომ სრული კარტბლანში აქვს და რაღაცას წარმოადგენს. ოპოზიციას გვემუქრება მუშტებით ადამიანი, რომელსაც 2 წლის წინ რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდა.

როდესაც პოლიცია შორიდან უყურებდა, როგორ მართავდნენ სიტუაციას დაბურულ შუშიანი მანქანებიდან, ეს არის ძალიან სამწუხარო. მე გახარიას ვერ შევაფასებ პროფესიონალად, იგი არის ერთი ადამიანის დაკვეთების შემსრულებელი. არ ვიცი, რა დამსახურებით მოხვდა საქართველოს მთავრობაში. ერთადერთი იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს სურდა.

_ აღნიშნეთ, რომ 100 ლარიანი ჯარიმებით უშვებდნენ ადამიანებს. ამან დაუსჯელობის სინდრომი ხომ არ გააჩინა და კრიმინალი ხომ არ წაახალისა?

_ რასაკვირველია. იგივე ფარცხალაძე 5.000 ლარიანი გირაოთი გამოუშვეს. რა თქმა უნდა, დაუსჯელობის სინდრომია. ყველა ადამიანი, ვინც ასრულებს „ქართული ოცნების“ ნება-სურვილს. არ აქვს მნიშვნელობა როგორ, იქნება ეს მუშტი-კრივით, აუდიტის სამსახურის თავის გატეხვით თუ სხვა, არავინ არ ისჯება.

2012 წლიდან დაწყებული „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირების დაკავების უფლება არ ჰქონდა პოლიციას. თუნდაც მაშინ, როცა მათ პატრული აჩერებდა. ეს ცნობილი ფაქტია პოლიციაში. ასევე აბაზოვი, მარნეულის მერი, რომელიც მწამებელი ადამიანია, გამოდის და ბიძინა ივანიშვილს ხვდება, ეს თავად უმრავლესობის წევრებმაც კი ვერ უარყვეს.

საერთოდ რაზე ვსაუბრობთ?! კანონის რა უზენაესობაზე ვსაუბრობთ და რა შს მინისტრზე ვსაუბრობთ?! გახარიამაც დაადასტურა, რომ ფარცხალაძეს იცავდნენ. მან თქვა, რომ მთვრალი იყო და საყოფაცხოვრებო ჩხუბი იყოო. რა უნდა ვთქვა, როცა სახელმწიფო ინსტიტუტები აღარ არსებობს.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა