ლადო სადღობელაშვილი – “ციხეში ბადრაგები ბაჩო ახალაიას მისტირიან”

ლადო სადღობელაშვილი - "ციხეში ბადრაგები ბაჩო ახალაიას მისტირიან"რატომ არ აღდგა სამართლიანობა, როგორ ინაწილებენ რუსეთში წასული საქართველოს მოქალაქეების ხმებს ყოფილი და ახლანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, რატომ ვერ დაუპირისპირდება პატრიოტთა ალიანსი ივანიშვილს? – ამის შესახებ “ახალ თაობას” სამოქალაქო აქტივისტი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება.
ლადო სადღობელაშვილი:
– რამდენიმე დღის წინ ჩვენ გავიგეთ, რომ უკრაინელებმა ცნობილი ჯალათი მეგიზ ქარდავა ფაქტიურად გაათავისუფლეს. შინაპატიმრობის მისჯა თავისუფლების ტოლფასია.
ცოტა ხნის წინ შემთხვევით ხელთ ჩამივარდა მეგიზ ქარდავას ყალბი საბუთი, რომლის მეშვეობითაც, ეს ჯალათი გადაადგილდებოდა უკრაინის და ევროპის ტერიტორიაზე.
როგორც წყარომ შემატყობინა, სწორედ ამ ყალბი საბუთის საფუძველზე იქნა დაკავებული, გადაყვანილი სადეპორტოში, სადაც რამდენიმე საათი დაჰყო (პროცედურა ითვალისწინებს). საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დროულად რომ ემოქმედა, ეს ადამიანი ახლა საქართველოში იქნებოდა, სავარაუდოდ. გლდანის საპყრობილეში!
მას შემდეგ. რაც საქართველოდან არ იქნა “მოთხოვნილი” მისი ექსტრადირება, მეგიზ ქარდავამ მოითხოვა პოლიტიკური თავშესაფარი.
მე პირადად მაქვს ეჭვი, რომ იუსტიციის სამინისტროში ზოგიერთი თანამშრომელი ხელს აფარებს ნაცების ექსტრადირებას.
– ვინ შეიძლება ხელს აფარებდეს ნაცების ექსტრადირებას? მეგიზ ქარდავას შესახებ ყველამ ყველაფერი იცის და მისთვის ხელის დაფარება ასეთი იოლია?
– მარტო მეგიზ ქარდავა? ზურაბ ადეიშვილს ეძებს ვინმე? ამ ერეკლე კოდუა რატომ დადის თავისუფლად. აღარაფერს ვამბობ მიხეილ სააკაშვილზე. სააკაშვილთან დაკავშირებით გუბაზ სანიკიძე ძალიან საინტერესო ინიციატივით გამოვიდა, რასაც სათანადო ყურადღება არავინ მიაქცია.
გუბაზი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მათ მიშას საქართველოს მოქალაქეობა დაუბრუნონ. მაშინ გამოჩნდება, სააკაშვილს ეშინია საქართველოში ჩამოსვლის თუ ხელისუფლებას ეშინია მიშას ჩამოსვლის.
ამ ტიპებისთვის ხელის დაფარება ადვილი არ არის, მაგრამ ეტყობა საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირი მფარველობს ამ კრიმინალებს.
– რამდენად მაღალია ამ მფარველის თანამდებობა?
– ნაცებს თავისი ხალხი ყველა უწყებაში ჰყავთ, მაგრამ ექსტრადირების საკითხი იუსტიციის სამინისტროს ეკუთვნის. აქედან გამომდინარე ნაცების მფარველი ამ უწყების მაღალჩინოსანი უნდა იყოს.
მოვუწოდებ იუსტიციის მინისტრს, დაინტერესდეს აღნიშნულით და უმკაცრესად დაისაჯოს ის პირი, ვინც პასუხისმგებელია კრიმინალების ექსტრადირებაზე.
მინდა კარგად გაიგოს თქვენმა მკითხველმა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში ბობოლა ნაცების ექსტრადირება არ მოხდეს.
– კიდევ ერთხელ რომ დაგვპირდნენ, კიდევ ერთხელ გადაგვაგდეს?
– კარგით რა, რა სამართლიანობის აღდგენა. ბობოლა ნაცები საქართველოში რომ ჩამოიყვანონ, უარყოფითი მუხტი გაიზრდება. აქ მუშაობს ნიუტონის მესამე კანონი – ქმედება უდრის უკუქმედებას. რასაც ესენი ჩაიდენენ, იმის უკუქმედებას მიიღებენ. ეს უკუქმედება რომ არ უნდათ, მაგიტომაც არ ითხოვენ ამ კრიმინალების ექსტრადირებას.
ეს ტიპები გაქცეულები მაინც არიან, მაგრამ ხათუნა კალმახელიძე ხომ საქართველოშია. ეს ქალი იყო ციხეების მინისტრი. მისი მინისტრობის დროს იყო სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ამ დროს მის წინააღმდეგ საქმეც კი არ არის აღძრული.
დამიჯერეთ, ესენი ბობოლა ნაცებს არ შეეხებიან. არ უნდათ, რომ ევროპიდან რეპორტები წამოვიდეს. “ოცნება” ამაზე პასუხის გამცემი არაა და ურჩევნიათ, არავინ დააკავონ.
– ევროპელებისგან საყვედურის მოსმენას ქართველი ხალხის გადაგდება ურჩევნიათ?
– ფაქტია, რომ ასეა. ქართველი ხალხის გადაგდება უფრო იოლია. პასუხსაც არავინ ითხოვს.
ამათ სამართლიანობის აღდგენა რომ უნდოდეთ, გიგი უგულავას გამოუშვებდნენ ციხიდან? ტიპს რამდენიმე ათეული მილიონი ლარი აპატიეს. ამ დროს 3.000 ლარი არ აპატიეს ოთო აბესაძეს, რომელიც “ოცნების” თავგადაკლული მომხრე იყო.
– საერთოდ უნდა დავივიწყოთ სამართლიანობის აღდგენა?
– სამართლიანობის აღდგენა აუცილებლად მოხდება, მაგრამ არა – ამ პირობებში. ძალოვანი სტრუქტურები სულ ნაციონალებით არის სავსე. მე ხომ ციხეში გავატარე რამდენიმე თვე და იქედან გაოგნებული გამოვედი – ბადრაგები ბაჩო ახალაიას მისტიროდნენ.
– პოლიცია რომ მერაბიშვილს მისტირის, ვიცი, მაგრამ ციხის თანამშრომლები თუ ახალაიას მისტიროდნენ, ვერ წარმოვიდგენდი.
– მაგას ვერც მე წარმოვიდგენდი, მაგრამ ყველაფერი საკუთარი ყურით მოვისმინე. ვკითხე კიდევაც, რატომ მისტირიხართ ბაჩოსო და მითხრეს, ყველა დღესასწაულზე პრემიებს გვაძლევდაო.
პროკურატურაც ნაცებითაა სავსე. მთავარი პროკურორის გარდა, იქ მგონი ყველა ნაცია. მაგათ თუ არ გაყრიან, არაფერი არ გამოვა.
თავის დროზე შსს-დან სააკაშვილის დროს გაყარეს შევარდნაძის კადრები. ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. სხვათა შორის, გახარიაც იწყებს რაღაც ცვლილებებს შსს-ში. იმედი მაქვს, რომ იქ სერიოზული წმენდა ჩატარდება.
– გახარიამ შეიძლება წმენდის ჩატარება ვერ მოასწროს, როგორც ამბობენ, პრემიერად გადაჰყავთ.
– პრემიერად ალბათ გადაიყვანენ, მაგრამ ჯერ არა. მან შსს-ში კარგი ცვლილებები უნდა დაიწყო და ეს საქმე ბოლომდეა მისაყვანი.
იუსტიციის სამინისტროშიც საჭიროა ცვლილებები. იქ ნაცები ისე არიან გათავხედებული, რომ ექსტრადირების საქმესაც კი შლიან.
რატომღაც მგონია, რომ ნაცების წინააღმდეგ სერიოზული ბრძოლა არ დაიწყება. ესენი გახდნენ მთავარი ოპოზიციური ძალა და დამთავრდა.
– მთავარი ოპოზიციურ ძალად გახდომაზე პატრიოტთა ალიანსს აქვს პრეტენზია.
– სულ ტყუილად. ნაცები ამ ადგილს არავის დაუთმობენ. ნაცები და ქოცები ერთნაირად აყალბებენ არჩევნებს.
– რას ნიშნავს ერთნაირად?
– ორივე მათგანს აქვს ყალბი პირადობის მოწმობები. ამ მოწმობებით ხდება არჩევნების გაყალბება. ამ სქემით მუშაობდა მოქკავშირი. ეს სქემა ხათუნა გოგორიშვილმა და მიშა მაჭავარიანმა მოიფიქრეს. გოგორიშვილი ნაცებს აძლევს კონსულტაციებს, მაჭავარიანი – ქოცებს.
– მაჭავარიანი ხომ წავიდა ცოტა ხნით პოლიტიკიდან?
– კი არ წავიდა, გაუჩინარდა. გაუჩინარებული ქოცების კონსულტანტია. “ოცნებას” მისი ხელწერა აშკარად ეტყობა.
საქართველოდან რუსეთში მილიონამდე ადამიანია წასული. რუსეთში საარჩევნო უბნებს არ ვხსნით. ამ ადამიანების დიდი ნაწილი საქართველოში არჩევნებისთვის არ ჩამოვა. აი, ამათ სახელზე აქვთ პირადობები დამზადებული და აყალბებენ არჩევნებს. ნაცები და ქოცები გაყალბებით ინარჩუნებენ პოზიციებს.
საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ნაცები დიდხანს დარჩებიან მთავარ ოპოზიციურ ძალად. ეს ბიძინა ივანიშვილსაც აწყობს.
– ამის გამო ალიანსი არ აუმხედრდება ივანიშვილს? 
– გამორიცხულია. ივანიშვილის წინააღმდეგ როგორ წავლენ. ისინი ივანიშვილზე არიან დამოკიდებული და იძულებული იქნებიან, შეეგუონ რეალობას. რეალობა კი ასეთია – მთავარი ოპოზიციური ძალა ნაცმოძრაობა იქნება.
  შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა