გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება მისი და ნიკა მელიას დაკავებას აპირებს. გავრცელებული ინფორმაციით, “ოცნების” გუნდი მელიასთვის პარლამენტის წევრის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს განიხილავს.
ვაშაძის და მელიას დაკავებას არც ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი გამორიცხავს. ამბობს, რომ ხელისუფლება სამართლებრივი სივრციდან არის გასული და მათგან ყველაფერია მოსალოდნელი.
რა გეგმით იმუშავებს ოპოზიცია, რატომ არ ეშინიათ მათ დაკავების, ვინ უნდა წავიდეს ციხეში? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ლევან ხაბეიშვილი ესაუბრება.
– გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება მისი და ნიკა მელიას დაკავების საკითხს განიხილავს. თქვენი აზრით, წავა “ქართული ოცნება” ამაზე?
– აქ უკვე აღარ აქვს მბიშვნელობა იმას, მელიას დაიჭერენ, ხაბეიშვილს თუ ვაშაძეს. აქ მთავარია ის, რომ არჩევნებიდან მოყოლებული, ხელისუფლება სამართლებრივი ველიდან არის გასული.
მათ მოგვპარეს არჩევნები. ყველამ ვნახეთ კადრებით ის ხალხი, ვინც არჩევნებს აყალბებდა. ამ დრომდე არცერთი მათგანი დაკავებული არ არის. არჩევნების გაყალბებაზე უშუალო პასუხისმგებელი არის თამარ ჟვანია, რომელიც დაკითხულიც კი არ არის.
ასევე ვნახეთ, როგორ გაუსწორდა პარლამენტის დეპუტატი ენზელ მკოიანი ჩვენს თანამებრძოლებს. მკოიანთან ერთად ამ სისხლიან გარჩევაში სხვებიც მონაწილეობდნენ, მაგრამ არცერთი მათგანი ამ დრომდე დაკავებული არ არის.
არჩევნების წინ, ონში, ჩვენი საარჩევნო შტაბის უფროსი მძიმედ დაგვიჭრეს. ეს ადამიანი დღემდე სიკვდილს ებრძვის, მაგრამ არც ამ საქმეზეა ვინმე დაკავებული.
ხელისუფლების რეპრესიებს ზუგდიდში ია კერზაია შეეწირა, არც ამაზეა საქმე აღძრული. ია კერზაიას გარდაცვალებაზე უშუალო პასუხისმგებელი არის გიორგი გახარია. ვისაც არ უნდა ამის დაჯერება, ის სირაქლემის პოზაში დარჩეს. ფაქტი ისაა, რომ ქალის სიცოცხლე შეიწირეს.
და ამ ფონზე დავით კირკიტაძე დააკავეს და მას ედავებიან რაღაცას. იმათ არავინ აკავებს, ვინც ჩვენი მხარდამჭერი დუბინკებით სცემა. არც ის ადამიანია დაკავებული, ვინც ჩვენ მხარდამჭერებს გაზი შეასხა. არადა ამის გამკეთებელი იდენტიფიცირებულია. ეს პირი ტელევიზიითაც ანახეს, მაგრამ დაკაეებული არავინ არ არის. სამაგიეროდ, პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მიმდინარეობს დევნა.
დაკავებულია დავით კირკიტაძე, სამაგიეროდ, თავისუფალია ოთარ ფარცხალაძე, რომელმაც დაწერილი დასკვის გამო აუდიტის სამსახურის უფროსი სცემა და ამის ამსახველი კადრებიც ყველამ ვნახეთ.
ამის გამო ფარცხალაძე არავის დაუკავებია. აღარაფერს ვამბობ ლევან ყიფიანის დასარდაფებაზე. არც ამაზე უგია ამ პიროვნებას პასუხი. ისე შეუფარდეს ფარცხალაძეს 5.000 ლარიანი გირაო, ერთი წამით არ დაუკავებია არავის.
– თქვენი აზრით, კირკიტაძემ არ ჩაიდინა დანაშაული? თუ ის იმიტომ არ უნდა დაეკავებინათ, რომ ეს ტიპები არ დააკავეს?
– და რას ედავებიან კირკიტაძეს? მას სამართალდამცავებისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია. პოლიციის ფორმაში გადაცმული ვინმე რომ სახლში შემოგივარდეს, ვინ იქნება ის, სამართალდამცავი თუ ყაჩაღი? რა თქმა უნდა, ყაჩაღი.
დაახლოებით ასეთივე მოხდა დავით კირკიტაძესთან დაკავშირებით. კი, იმ ვიღაცას ფორმა ეცვა, მაგრამ არღვევდა კანონს. დიდი ბოდიში, მაგრამ რა უნდოდა სამოქალაქო ავტობუსში პოლიციელს, რომელსაც საერთოდ არ ეწერა, რომ პოლიციელი იყო.
– კირკიტაძეს რაღა უნდოდა იმ ავტობუსში?
– კირკიტაძე იმიტომ ავიდა ავტობუსში, რომ გზიდან გადაეყენებინა. ის შეიძლებოდა, ტრაილერებით რომ ჩაგვიხერგეს გზა? ამათ ათასობით ადამიანს შეუქმნეს გადაადგილების პრობლემა.
5 კილომეტრიანი კოლონა იყო, მანქანები რომ გაიჭედნენ ადგილზე, სასწრაფო ვეღარ მივიდა, რომ ცუდად მყოფი ქალისთვის დახმარება გაეწიათ. ფაქტობრივად სიგიჟე ჩაიდინეს და ესენი კირკიტაძეს რაზე ედავებიან, არ მესმის.
– ზემოთ თქვით, რომ ხელისუფლება გასულია სამართლებრივი სივრციდან. ეს ყველაფერი, რაც ხდება, ამის ბრალია თუ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას აქვს ადგილი? ზოგიერთი თქვენი თანამებრძოლი ანგარიშსწორებაზე საუბრობს.
– ერთიც არის და მეორეც. ანგარიშსწორება ამ ქვეყანაში კარგად არავის დამთავრებია. ძალიან დიდი არა ვარ, რომ ეს ყველაფერი მენახა, მაგრამ უახლესი ისტორია ხომ ვიცი. ეს ისტორია კი იმის თქმის უფლებას მაძლევს, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორება არავის შერჩენია.
პოლიტიკური დევნა არც ამათ შერჩება. დავით კირკიტაძის წინააღმდეგ კი სწორედ პოლიტიკური დევნა მიდის.
– რისთვის დევნიან მას პოლიტიკური ნიშნით?
– რისთვის? ის არის პარტიის რეგიონალური ლიდერი. კარგად იცით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში რა დაემართა “ოცნებას” რეგიონებში. ქალაქი რუსთავი უშუალოდ დათოს ეკუთვნოდა და მეორე ტურში ეს ქალაქი მან ქოცებს პირწმინდად მოუგო.
ათასნაირი გაყალბება იყო, მაგრამ კირკიტაძემ მაინც მოიგო და ამას ვერ პატიობენ მას. შეიძლება კირკიტაძე არ მოგწონდეს, მაგრამ რაც მე ვილაპარაკე, ეს არის ფაქტები.
– მოდით, ნიკა მელიას და გიორგი ვაშაძეს დავუბრუნდეთ, გაბედავს ხელისუფლება მათ დაკავებას?
– მკითხველთან ბოდიშს ვიხდი ამ გამოთქმაზე, მაგრამ ფეხები არავის მოჭამონ. ციხის არავის არ ეშინია. შენ რა გგონია, კირკიტაძეს ეშინია პატიმრობის?! დღეს პატიმარი კირკიტაძე უფრო თავისუფალია, ვიდრე თანამდებობაზე მყოფი გახარია, რომელიც არის ივანიშვილის მონა. დღეს კირკიტაძეზე მეტად თავისუფალი ადამიანი არ მეგულება. ის უბრალოდ ტყვედ არის ჩავარდნილი.
ეს ანგარიშსწორებები რომ დაიწყეს, რა ჰგონიათ, შეგვაშინებენ? არ გვეშინია. რამდენ ლიდერს დაიჭერენ, მაინტერესებს. და რა ჰგონიათ, რომ ამ დაჭერების გამო ვინმე ბრძოლას შეწყვეტს? გამორიცხულია.
– ხელისუფლება რატომ მიდის ამ უგუნურებაზე? მათ ხომ კარგად იციან, ამას რა რეაქციები მოჰყვება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.
– იციან, მაგრამ თქვენ რა გგონიათ, ამათ ქვეყნის იმიჯი აინტერესებთ? ამათ ქვეყანაც და მისი იმიჯიც ფეხებზე ჰკიდიათ, ფეხებზე რომ არ ეკიდოთ, იმას გააკეთებდნენ, რაც გააკეთეს? ყველა საერთაშორისო დასკვნაში წერია, რომ ეს არჩევნები იყო უკან გადადგმული ნაბიჯი.
2003 წელს შევარდნაძემ რომ არჩევნები ჩაატარა და რევოლუცია რომ მოჰყვა, ხომ გახსოვს? მაშინ არ უთქვამს ევროპასმ რომ ეს იყო უკან გადადგმული ნაბიჯი. შევარდნაძის ჩატარებულ არჩევნებზე არსად დაწერილამ რომ მოსყიდვას და ძალადობას ჰქონდა ადგილი.
დღეს ეს დაწერეს და ეს არის საქართველოს სირცხვილი. დემოკრატიას დაცვა სჭირდება. ჩვენ მაგივრად დემოკრატიის დასაცავად ევროპა არ იბრძოლებს. ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ.
ჩვენ ხალხთან ერთად ამას გავაკეთებთ და საქართველოს გახარიებს, ივანიშვილებს და ფარცხალაძეებს არ დავუთმობთ.
– ვინ არ დაუთმობს საქართველოს თქვენ მიერ ჩამოთვლილ პერსონებს, ნაციონალები?
– რატომ ნაციონალები? საქართველოს ამ გამყიდველებს ხალხი არ დაუთმობს, არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ არჩევნებზე 900.000 ხმა ავიღეთ. ამდენი ხმა ყაჩაღი თამარ ჟვანიას პირობებში მივიღეთ. ეს არის ძალიან დიდი შედეგი.
გაყალბების მიუხედავად, ლამის მილიონი ხმა ავიღეთ და ახლა რა გგონიათ, რომ ეს ხალხი სახლში წავა? არსადაც არ წავალთ და არც სამშობლოს დავუთმობთ ვინმეს. ჩვენ ამის დათმობის უფლება არა გვაქვს.
რა უნდა დავუთმოთ, სალომე ზურაბიშვილი სასტუმრო-სასტუმრო და ბუტკა-ბუტკა რომ მართავს შეხვედრებს და ქვეყანას არცხვენს.
– ბუტკა-ბუტკა რატომ დადის?
– ათონელზე რეზიდენცია დასრულებული არ არის. იქ შეხვედრას ვერ გამართავს. ივანიშვილს რაკი არ უნდა, ავლაბრის რეზიდენციაში არ შედის და ბუტკა-ბუტკა დადის.
იმაზე აღარაფერს ვამბობ, გმირთა მემოროალთან რომ მიიპარა და გვირგვინი საიდუმლოდ მიიტანა.
– სალომე ზურაბიშვილი ბუტკა-ბუტკა დადისო და თქვენ გაქვთ რაიმე გეგმა, რომლის მიხედვითაც უნდა იაროთ და იმოქმედოთ?
– ჩვენ გვაქვს იმის სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა კრიზისიდან. ქვეყანა კრიზისიდან რომ გამოვიყვანოთ, ამისთვის ოლიგარქი უნდა მოვიშოროთ თავიდან.
– ეს ოლიგარქი როგორ უნდა მოიშოროთ, ამის გეგმა თუ გაქვთ?
– ოლიგარქი და მისი “ოცნება” გასულები არიან სამართლებრივი სივრციდან, ამ დროს რა სამოქმედო გეგმაზეა საუბარი. გიმეორებ, ჩვენ გვაქვს გეგმა, თუ როგორ გამოვიყვანოთ ქვეყამა კრიზისიდან.
– ახლა გეგმა რა გაქვთ?
– ახლა ასეთი გეგმა გვაქვს, რომ ხელისუფლებას მუდმივ პრესინგში ვამყოფებთ. გამორიცხულია, ეს საპროტესტო ტალღა არ გაჩერდება.
ეს ამბავი ასე მარტივად არ დამთავრდება, პროტესტი გადაინაცვლებს პარლამენტში, კანცელარიაში, სხვადასხვა სამინისტროებში. პროტესტი იქნება მანამ, სანამ არ იქნება შედეგი.
– შედეგი რა უნდა იყოს?
– საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს. არჩევნები უცხოელმა დამკვირვებლებმა უნდა ჩაატარონ. ამათი ცესკო სამართლიან არჩევნებს არ ჩაატარებს.
ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები და დაე ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს, ვინ მოვა ხელისუფლებაში. დარწმუნებული ვარ, რომ აქამდე აუცილებლად მივალთ.
– ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ თქვენ არეულობის მოწყობა გინდათ.
– რა გადატრიალება, რა არეულობა? ერთიც და მეორეც აწყობდა ხელისუფლებას. ჩვენ ამაზე არასდროს არ წავალთ. თავად რომ ოპოზიციაში იყვნენ, მაშინ ძალადობა იყო მათი სავიზიტო ბარათი.
კირკიტაძეზე რომ ლაპარაკობენ, ეგენი არ იყვნენ, მანქანებს კეტებს და ქვებს რომ ურტყამდნენ? იმას რომ გაიძახიან, მიშას დროს ასეთი რამე რომ მომხდარიყო, რას იზამდნენო, თავად რას აკეთებდნენ, არ ახსოვთ? პატარა გრეჩიხა არ იყო, პოლიციის სამმართველოს ეზოში რომ გადახტა?!
აბა წარმოიდგინეთ, რა მოხდება, ამ წუთას რომელიმე ჩვენგანი პოლიციის სამმართველოს ეზოში რომ გადახტეს.
რაზე ვლაპარაკობთ, ხალხო. ასეთი პასუხისმგებლიანი ოპოზიცია საქართველოს ჯერ არ ჰყოლია. მაგათმა სამი თვის მანძილზე რუსთაველი ააყროლეს. სამი თვის მანძილზე მათ იქ საკნები ჰქონდათ აღმართული და იქ ცხოვრობდნენ.
რაღაცა ითმინა იმ ხელისუფლებამ, მერე ვიღაცას ხელი წაუცდა და აქცია დაარბია. ეს იყო ძალიან ცუდი. ისიც იცოდეთ, რომ ვინც მაშინ ოპოზიციას არბევდა, ახლა ხელისუფლებაშია.
შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა