იურისტი ლია მუხაშავრია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს.
– ქალბატონო ლია, ელოდით, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ კანდიდატებს შეარჩევდა და უკვე უზენაეს სასამართლოში გაამწესებდა უვადოდ თუ მათ პარლამენტი მხარს დაუჭერს?
– როდესაც ეს ადამიანები ასეთ კლანურ ურთიერთობას იწყებენ ერთმანეთთან, საშიშნი ხდებიან. ამ ადამიანებს კარგად აქვთ შეგნებული, თუ რა რისკზე მიდიან, მაგრამ მიდიან. ამ საბჭოს საქმიანობის გაგრძელება ქვეყანას დააქცევს, ამიტომ იძულებული იქნება ხელისუფლება, რომ რაიმე მოუხერხოს ამ უმაღლეს საბჭოს შემადგენლობას.
მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ სამისდღემჩიოდ მოიპოვონ ადგილები, მათ შორის, უზენეს სასამართლოში. ეს ძალიან საშიში პროცესი ადრე დაიწყო და ახლა გრძელდება. ხელისუფლებამ ვერც კი გათვალა, თუ სადამდე შეიძლებოდა ეს ყველაფერი მისულიყო. ახლა მიიღო ის, რაც მიიღო. ამიტომ მთელი პასუხისმგებლობა, რაც ახლა ხდება, ხელისუფლებას ეკისრება.
ეს არის უკონტროლო ბოროტება, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ძალიან კარგად დაგეგმილი, უკვე უკონტროლო ბოროტება. თუ ხელისუფლებამ ახლა მაინც არ მიიღო გადამჭრელი ზომები, მაშინ ეს ქვესკნელში ჩაიტანს არამხოლოდ პოლიტიკურ ხელისუფლებას, არამედ სახელმწიფოს.
– შეიძლება პარლამენტმა აიღოს პასუხისმგებლობა და ეს შემადგენლობა არ დაამტკიცოს?
– თუ პარლამენტს გონიერება ეყოფა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაამტკიცოს.
– უმრავლესობის მხრიდან კრიტიკული შეფასებები გაკეთდა.
– სიმართლე გითხრათ, მე ეჭვი მეპარება, რომ პარლამენტში არის ის ხალხი, ვისაც გონიერება ეყოფა და ამ შემადგენლობის დამტკიცებაზე უარს იტყვის. ამიტომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესმა როგორმე ბიძინა ივანიშვილის ყურადღება მიიპყროს, რადგან ვიცით, რომ ის წყვეტს ყველაფერს.
თავად ბიძინა ივანიშვილს უნდა ეშინოდეს ამ კლანის. როდესაც მავანს და მავანს დასჭირდება, ეს კლანი თავად მას გაასამართლებს და მერე მიხვდება, თუ რას ნიშნავს უსამართლო მართლმსაჯულება.
– შექმნილი სიტუაციიდან რა შეიძლება გამოსავალი იყოს?
– ივანიშვილმა სასწრაფო წესით უნდა დაავალოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეს შემადგენლობა დაიშალოს. შეჩერდეს ეს სრულიად საშიში და უკონტროლო პროცესი და დაიწყოს სისტემის რეალურ რეფორმაზე და რეორგანიზაციაზე ფიქრი.
– უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტურია. შეიძლება რომ სწორედ წარდგენილი კანდიდატებიდან იყოს ვინმე დასახელებული, როგორც თავმჯდომარეობის კანდიდატი?
– პირდაპირ შემიძლია გითხრათ, მიხეილ ჩინჩალაძეა ის, ვინც უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე იქნება. ამას ხელს არაფერი შეუშლის, თუ ამას არ დაუპირისპირდებიან ხელისუფლების უმაღლესი პირები.
– ეს ინფორმაცია გაქვთ, თუ თქვენი ვარაუდია?
– არა, ვარაუდიც კი არ არის, ამ ადამიანმა იმდენი მოახერხა, რომ ახლა ეს კლანი შეეცდება, სწორედ ის გაიყვანოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე. კლანური პრინციპი უკვე მუშაობს და ეს პრინციპი ბოლომდე იმუშავებს.
სწორედ ამ ადამიანებმა დაამხეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. ეს ძალიან საშიში სიგნალი იყო. იმის შემდეგ გავიდა დრო, მაგრამ არავის არაფერი არ გაუკეთებია იმის გასარკვევად, თუ რა მოხდა რეალურად.
მე, მაგალითად, პარლამენტში სასწრაფოდ შევქმნიდი საგამოძიებო კომისიას, თუ რატომ წავიდა რეალურად ნინო გვენეტაძე თანამდებობიდან. ასე უცებ რომ მიდის ასეთი გამოცდილი ადამიანი ასეთი მაღალი პოსტიდან, ამას ხომ უნდა გამოეწვია კითხვები, რა მოხდა? რატომ მიდის? ასეთი რაღაცეები ხომ თავისით არ ხდება?
ამას წაუყრუა პარლამენტმა. სწორედ ამის შემდეგ აიკრიფა ის ტემპი, რომელიც, გარწმუნებთ, ჩინჩალაძეს მოიყვანს უზენაესი სასამართლოს სათავეში.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა